ბს-129-128(კს-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ხ. გ-ა (თე. და თ. გ-ების კანონიერი წარმომადგენელი)
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016 წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხ. გ-ამ, როგორც მოსარჩელემ და როგორც მისი არასრულწლოვანი შვილების - თე. და თ. გ-ების კანონიერმა წარმომადგენელმა, 12.01.15წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ 2014 წლის 20 ნოემბრის №2646, №2647 და №2648 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.2015წ. განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16.2 მუხლის საფუძველზე ჩაება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ. გ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016წ. განჩინებით ხ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 369.1 მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2015წ. გადაწყვეტილება ხ. გ-ას ოჯახის წევრს (დედას - ა. თ-ას) ჩაბარდა 11.12.2015წ.. ხ. გ-ასთვის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 12.12.2015წ. და ამოიწურა 25.12.2015წ., ხოლო სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა 28.12.2015წ.. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13.01.2016წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხ. გ-ამ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად დაბრუნებას. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირადად მას არ ჩაბარებია, არამედ ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს (დედას) 11.12.2015წ., ხოლო გზავნილი მას გადაეცა 13.12.2015წ., როცა იგი ქალაქში დაბრუნდა. გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა 12.12.2015წ., არამედ 14.12.2015წ., ვინაიდან გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი მხოლოდ ხ. გ-ა არის. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა სასამართლოში 28.12.2015წ., საპროცესო ნორმებით განსაზღვრული ვადის სრული დაცვით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონისმიერ და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. კანონისმიერია ვადა, რომელიც კანონით იმპერატიულადაა განსაზღვრული და მისი გაგრძელების (აღდგენის) შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იმპერატიულად არის დადგენილი, რომელიც შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (სსკ-ის 369 მუხ.). ვადის აღმკვეთი ხასიათის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვადის დენის დაწყების მომენტის ზუსტად განსაზღვრას, რომელიც იწყება მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან (სსკ-ის 60.2 მუხ.). საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე (სსკ-ის 61.3 მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ხ. გ-ას ოჯახის წევრს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.10.2015წ. გადაწყვეტილება სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 11.12.2015წ., რაც დასტურდება საქმეში დაცული ჩაბარების დასტურით (ტ.1, ს.ფ.134).
საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებაზე უფლებამოსილი პირი თვითონ არის და ამის გამო გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გზავნილის უშუალოდ მისთვის ჩაბარებიდან. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლოს გზავნილის ჩაბარებას ადრესატის მისამართზე არყოფნის შემთხვევაში. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით (სსკ-ის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსკ-ის 60.1 მუხლით განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა უნდა დაიწყოს მხარისათვის ან მხარის მისამართზე არყოფნის შემთხვევაში, მისი ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის კანონით დადგენილი წესით გადაწყვეტილების (განჩინების) ასლის ჩაბარების მომენტიდან. ამდენად, მართებულია გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლის დაწყება ხ. გ-ას ოჯახის წევრისათვის (დედისათვის) გზავნილის ჩაბარების (11.12.2015წ.) მომდევნო დღიდან - 2015 წლის 12 დეკემბრიდან, შესაბამისად გასაჩივრების ვადა დასრულდა 2015 წლის 25 დეკემბერს, რომელიც იყო სამუშაო დღე - პარასკევი და არ ემთხვეოდა დასვენების ან არასამუშაო დღეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხ. გ-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია, იგი უცვლელად უნდა დარჩეს, არ არსებობს ხ. გ-ას კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 71-ე, 73-ე, 74-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.01.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნუგზარ სხირტლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ვასილ როინიშვილი