Facebook Twitter

საქმე №ბს-246-244(კს-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ტ. მ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები - თბილისის ისანი - სამგორის რაიონის გამგეობა, ე. გ-ი

დავის საგანი - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. გადაწყვეტილების განმარტება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2016 წ. განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობამ 15.02.2002წ. სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების პ. მ-ის, ი. მ-ისა და ე. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, სადავო ფართზე პ. და ი. მ-ების უფლებადაკარგულად ცნობა, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ“ კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, მათი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ასევე სადავო ბინიდან ე. გ-ის გამოსახლება მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად.

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 02.05.2002წ. გადაწყვეტილებით თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პ. და ი. მ-ები ცნობილი იქნენ თბილისში, ... N363-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის N29 ბინაზე უფლებადაკარგულად და მოიხსნენ აღნიშნული ბინის რეგისტრაციიდან, ბინიდან ე. გ-ის გამოსახლების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა აღნიშნულ საკითხზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. მ-ის წარმომადგენლის ტ. მ-ას მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 18.12.2003წ. გადაწყვეტილებით, ი. მ-ის წარმომადგენლის ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ის წარმომადგენელმა ტ. მ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.07.2004წ. განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენლის ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ის წარმომადგენლის ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 02.05.2002წ. გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) თბილისში, ... N363/29-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა, ბ) პ. და ი. მ-ები თბილისში, ... N N363/29-ში, მდებარე ფართზე ცნობილი იქნენ უფლებადაკარგულად და ამ ფართზე გაუქმდა მათი რეგისტრაცია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. მ-ის წარმომადგენელმა ტ. მ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.03.2005წ. განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენლის ტ. მ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

21.12.2015 წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ტ. მ-ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ბოლო წინადადების განმარტება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის ო-ის რაიონის აღმასკომის 15.06.1977 წ. გაცემული ორდერის საფუძველზე პ. მ-მა დაიკავა თბილისში, ... N363/29-ში საცხოვრებელი ფართი, სადაც ცხოვრობდა მეუღლესთან - ტ. მ-ასთან და შვილთან - ი. მ-თან ერთად. ამასთანავე, 15.06.1977წ. ორდერი გაცემული იყო პ. მ-ის ოჯახზე, ორდერში მოხსენიებული იყო თვითონ ტ. მ-აც.

განმცხადებელი მიუთითებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ი. მ-ის წარმომადგენლის ტ. მ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 02.05.2002 წ. გადაწყვეტილება გაუქმდა გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის სარჩელი, შეწყვეტილ იქნა თბილისში, ... N363/29-ში საცხოვრებელ ბინაზე პ. მ-თან დადებული ქირავნობის ხელშეკრულება, პ. და ი. მ-ები თბილისში, ... N363/29-ში მდებარე ფართზე ცნობილ იქნენ უფლებადაკარგულად, დადგინდა ამ ფართზე მათი რეგისტრაციის გაუქმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პ. და ი. მ-ები სადავო ფართზე ცნობილ იქნენ უფლებადაკარგულად, თუმცა ისნის რაიონის გამგეობის მიერ ტ. მ-ასაც უარი ეთქვა 15.06.1977წ. ორდერის საფუძველზე თბილისში, ... N363/29-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზებაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შედეგად როგორც ძირითადმა დამქირავებელმა - პ. მ-მა, ასევე მისმა ოჯახის წევრებმა - ი. მ-მა და ტ. მ-ამ დაკარგეს უფლება.

განმცხადებელი ითხოვს, სსკ-ის 262.1 მუხლის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა

სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადების განმარტებას. ტ. მ-ას მიაჩნია, რომ წინადადება: ,,პ. და ი. მ-ები თბილისში, ... N363/29-ში მდებარე ფართზე ცნობილ იქნან უფლებადაკარგულად და ამ ფართობზე გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“ - ბუნდოვანია, გაურკვეველია ფართზე უფლებადაკარგულად ცნობილი იქნენ მხოლოდ პ. მ-ი და ი. მ-ი, თუ ასევე აღნიშნულ ფართზე უფლება დაკარგა ორდერში მოხსენიებულმა ძირითადი დამქირავებლის ოჯახის წევრმა - ტ. მ-ამაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2016წ. განჩინებით ტ. მ-ას განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა, 10.11.2004წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის ბოლო წინადადება - ,,პ. და ი. მ-ები, თბილისში, ... N363/29-ში მდებარე ფართზე ცნობილ იქნენ უფლებადაკარგულად და ამ ფართობზე გაუქმდეს მათი რეგისტრაცია“, განიმარტა, როგორც: „თბილისში, ... N363/29-ში მდებარე ფართზე უფლებადაკარგულად ითვლებიან 15.06.1977წ. გაცემულ ორდერში მითითებული პ. მ-ის ოჯახის წევრებიც“.

სააპელაციო პალატამ სსკ-ის 262-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ინსტიტუტი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ განსამარტი გადაწყვეტილება აღსრულებადია სასამართლო აღმასრულებლის მეშვეობით; განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის (განმარტების მიზანი უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა). პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისში, ... 363 მდებარე საცხოვრებელი სახლის N29 ბინა იყო სახელმწიფო ფონდის ბინა, რომლის დამქირავებლად ითვლებოდა პ. მ-ი. ქ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის აღმასკომის 10.05.1977 წ. N1281 გადაწყვეტილების საფუძველზე 15.06.1977 წ. გაცემული იქნა ორდერი და პ. მ-ის ოჯახმა დაიკავა აღნიშნული საცხოვრებელი სადგომი. 24.11.1993 წ. პ. მ-ი და მისი მეუღლე ტ. მ-ა განქორწინდნენ, ხოლო 1994 წელს პ. და ი. მ-ები გავიდნენ საქართველოდან და რეგისტრირებული არიან ქ. სტავროპოლში ... ქუჩის N40/2 სახლის N3 ბინაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადაო ბინის ორდერი სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა ადმინისტრაციულ გარიგებად და სზაკ-ის 65-ე მუხლის შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული იქნა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები, კერძოდ, სკ-ის 558-ე მუხლი, რომლის თანახმად, გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა 3 თვის განმავლობაში. დავის არსებითად განხილვისას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადაო ბინის ქირა გადახდილი არ იყო 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც ქმნიდა სადაო ბინაზე არსებული ქირავნობის ხელშეკრულების სკ-ის 558-ე მუხლით გათვალისწინებულ, მოშლის საფუძველს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტას მოჰყვება თანამდევი სამართლებრივი შედეგი - სადაო ფართობზე უფლების დაკარგვა და რეგისტრაციის გაუქმება. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით თბილისში, ... N363/29-ში მდებარე

საცხოვრებელ ბინაზე პ. მ-თან დადებული საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყვეტილი იქნა, რაც გულისხმობს, რომ 15.06.1977 წ. გაცემული ორდერი, რომლის საფუძველზეც პ. მ-მა და მისი ოჯახის წევრებმა დაიკავეს სადავო საცხოვრებელი ბინა, ძალადაკარგულია. ამრიგად, სააპლაციო პალატამ მიიჩნია, რომ საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. გადაწყვეტილების მიხედვით, 15.06.1977 წ. ორდერში მითითებული პირები, მათ შორის ტ. მ-ა, ითვლებიან უფლებადაკარგულად ... N363/29-ში მდებარე ფართზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ტ. მ-ას მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ სსკ-ის 262-ე მუხლი გადაწყვეტილების განმარტებას უშვებს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩნებით ფაქტობრივად შეიცვალა განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რითაც დაირღვა კერძო საჩივრის ავტორის უფლებები და კანონიერი ინტერესი. ტ. მ-ა ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს ხელახალი განხილვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ტ. მ-ას კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობა, ხოლო განმარტების მიზანი - მისი აღსრულების უზრუნველყოფა. გადაწყვეტილების განმარტება არის მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მიმართულია მისი აღსრულების ხელშეწყობისკენ.

საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 21.12.2015 წ. განცხადებით მიმართა ტ. მ-ამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. გადაწყვეტილების მესამე პუნქტის ბოლო წინადადების განმარტება. სსკ-ის 262.1 მუხლის თანახმად განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სკ-ის 142.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი. განსახილველ შემთხვევაში დასტურდება, რომ ტ. მ-ამ მოითხოვა საოლქო სასამართლოს 10.11.2004 წ. გადაწყვეტილების განმარტება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 30.03.2005წ., როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. მ-ის წარმომადგენლის ტ. მ-ას საკასაჩიო საჩივარი და უცვლელი დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.11.2004 წ. გადაწყვეტილება.

სკ-ის 123.2 მუხლის თანახმად, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით - წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, - მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. განსახილველ შემთხვევაში განსამარტი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 30.03.2005წ., ტ. მ-ამ კი მისი განმარტება მოითხოვა 21.12.2015წ.. სააპელაციო სასამართლომ არსებითად შეაფასა წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და ისე დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ, რომ არ უმსჯელია სსკ-ის 262.1 მუხლით გათვალისწინებულ განცხადების დასაშვებობის წინაპირობებზე, არ შეუფასებია განმარტების შესახებ განცხადების წარდგენის ვადის დაცვის საკითხი. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების განმარტების მიზანი - მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ტ. მ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ტ. მ-ას განცხადების ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 25-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 401-ე, 412-ე, 420-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-60 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ტ. მ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.01.2016 წ. განჩინება და ტ. მ-ას 27.12.2015წ. განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი