საქმე #bs248-246(კს-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი _ ი.თ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2016წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. თ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ქ. სოხუმში, ..., ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ რეგისტრაციაში გატარების დავალება, ხსენებული სახლის თავისუფალი ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უზრუნველყოფის დავალება ქ. სოხუმის მერიისათვის.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 27.04.2006 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო 17.05.2006 წ. განჩინებით - აფხაზეთის ა/რ მთავრობა.
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ი. თ-ას სახელზე საკუთრების უფლებით ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის რეგისტრაციაში გატარება, მოსარჩელეს ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. თ-ამ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.06.2007 წ. განჩინებით საქმეზე აფხაზეთის მთავრობა ცნობილ იქნა ქ.სოხუმის მერიის უფლებამონაცვლედ და მესამე პირად ჩართული აფხაზეთის მთავრობა ჩაბმულ იქნა საქმეში როგორც სათანადო მოპასუხე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინებით ი. თ-ასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და ი. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.03.08წ. განჩინება ი. თ-ასათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. თ-ას სასარჩელო მოთხოვნა ქ. სოხუმის მერიისათვის მოსარჩელის კუთვნილი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის თაობაზე; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 27.03.08წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ი. თ-ა ცნობილ იქნა ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში ი. თ-ას გატარება და მის სახელზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონების აღრიცხვა, საქმე ამ ნაწილში ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.06.09წ. საოქმო განჩინებით მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის ნაწილში საჯარო რეესტრი ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ და ამ ნაწილში სათანადო მოპასუხედ ჩაბმულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო (ტ.2, ს.ფ.147).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.12.09წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ი. თ-ას მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეცა საგნობრივად განსჯად სასამართლოს - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო საჩივრის გამო შეჩერდა სამართალწარმოება საქმის სამოქალაქო წესით განხილვის დასრულებამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.10წ. განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე ი. თ-ა ცნობილ იქნა მესაკუთრედ და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.04.11წ. განჩინებით ი. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.07.10წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.07.11წ. განჩინებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.01.12წ. განჩინებით განახლდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.12წ. გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილება, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. თ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.12წ. გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-ამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2013წ. განჩინებით ი.თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2012წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06 წ. გადაწყვეტილება ქ.სოხუმში, ... №21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ი.თ-ას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ქ.სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილების ამ ნაწილებში კანონიერ ძალაში ყოფნის გამო; დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2012წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06 წ. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ.სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის ი.თ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად.
12.10.2015წ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი.თ-ამ და აღნიშნა, რომ ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2013წ. განჩინების გადასინჯვას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ უკანონოა საკასაციო პალატის განჩინება ქ.სოხუმში, ..., =21-ში მდებარე უძრავი ნივთის საჯარო რეესტრში ი.თ-ას საკუთრებაში აღრიცხვაზე უარის თქმის ნაწილში და მიუთითა, რომ ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არ ქონის, სამართლებრივი დაცვის უფლებისა და ამომრჩევლის უფლების დარღვევის გამო.განმცხადებელი თვლის, რომ მოქმედი კანონმდებლობა აძლევს ქ.სოხუმში ..., =21-ში მდებარე უძრავი ნივთის საკუთრებაში აღრიცხვის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.10.2015წ. განჩინებით ი.თ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2016წ. განჩინებით ი. თ-ას განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა ი.თ-ას მიერ, რომელიც მოითხოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო პალატისათვის დაბრუნებას. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რადგან განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილა მოსამართლემ მ. ლომიძემ, რომელმაც არსებითად გადაწყვიტა მოცემული დავა, ამდენად, გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეის მიერ, რომელიც ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდა. ამასთანავე, სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია წარდგენილი განცხადების შინაარსი, რის შედეგადაც მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. ი. თ-ა უთითებს, რომ დავის არსებითი განხილვისას სააპელაციო პალატამ მოახდინა საქმის მასალების ფალსიფიცირება და დაარღვია რიგი საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, რამაც გამოიწვია მოსარჩელის იმ ძირითადი უფლებების დარღვევა, რომლებიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ვენის კონვენციითა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით. ი. თ-ა მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის დებულებები და მისი, როგორც მესაკუთრის უფლების უგულებელყოფით, არ დაავალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურს ქ. სოხუმში, ... #21-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ ი. თ-ას აღრიცხვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. თ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს. სსკ-ის 421.1 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსკ-ის 422-ე მუხ.) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსკ-ის 423-ე მუხ.) განცხადების წანამძღვრები. სსკ-ის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას მისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ი. თ-ას განცხადებაში არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (422-ე, 423-ე მუხ.) გათვალისწინებული რომელი საფუძვლებით ითხოვს განმცხადებელი სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.02.2013წ. განჩინებით ი.თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2012წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06 წ. გადაწყვეტილება ქ.სოხუმში, ... №21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ი.თ-ას მესაკუთრედ ცნობის ნაწილში და ქ.სოხუმის მერიისთვის მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების თავისუფალი ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06წ. გადაწყვეტილების ამ ნაწილებში კანონიერ ძალაში ყოფნის გამო; დანარჩენ ნაწილში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.02.2012წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა სოხუმის საქალაქო და სოხუმის რაიონული სასამართლოს 08.06.06 წ. გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ.სოხუმში, ... №21-ში მდებარე სახლის ი.თ-ას სახელზე საკუთრების უფლების აღრიცხვის დავალების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელად. ამდენად, ი.თ-ას სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული დავის არსებითი განხილვა დასრულებულია, საქმეზე მირებულია საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. მხოლოდ ის გარემოება, რომ ი. თ-ა ნაწილობრივ არ ეთანხმება დამდგარ სამართლებრივ შედეგს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შედეგი არღვევს მის კანონით დაცულ უფლებებს არ ქმნის წარმოების განახლების საფუძველს. კერძო საჩივარში სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და დავის განხილვის განახლების ძირითად საფუძვლად ისეთ გარემოებებზეა მითითებული, რომელთა შესახებ დავის არსებითი განხილვისას იმსჯელა სასამართლომ და მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ საქმის განხილვაში ადრე მონაწილე მოსამართლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვა და გასაჩივრებული განჩინების გამოტანა არის სსკ-ის 394-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე 10.03.2016წ. განჩინების გაუქმების პირობა. სსკ-ის 29-ე მუხლი ადგენს
ერთი და იმავე საქმის განხილვაში სხვადასხვა და არა ერთიდაიმავე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლის განმეორებით მონაწილეობის დაუშვებლობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 10.03.2016წ. გასაჩივრებული განჩინებით ი.თ-ას განცხადება ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მართებულად არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2016წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი