Facebook Twitter

NNბს-460-455(კს-16 ) 13 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ე. ქ-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - ა. ა-ი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტი, ნ. ა-ა, ს. ა-ი, შ. ბ-ი, ა. ბ-ა, ხ. მ-ა, ა. მ-ი, ი. ა-ი, ქ. ა-ი, ა. კ-ა, რ. ქ-ი, ა. ქ-ა, გ. ქ-ა, თ. ქ-ა, ზ. გ-ი,

მესამე პირი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ა-ვმა 15.05.2013 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის, ნ. ა-ას, ს. ა-ის, შ. ბ-ის (15 პირი) მიმართ და მოითხოვა, საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012 წ. N24/09/04 განკარგულების ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნ. ა-ას, ს. ა-სა, შ. ბ-ას, ა.ბ-ას, ხ.მ-ას და ა.მ-ს შორის დადებული 22.10.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ი. ა-ს, ქ. ა-ვს, ა. კ-ვს, რ. ქ-ვს, ა.ქ-ვას და ე.ქ-ვს შორის დადებული 18.10.2012 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გ. ქ-ას, თ. ქ-ას, ზ. გ-ს შორის 19.10.2012 წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათლად ცნობა, საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში: ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის 18.09.2012 წ. N528 მიმართვის ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მოსარჩელესთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალება, 91 ჰა საიჯარო მიწის ნაკვეთზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 02.07.2013 წ. საოქმო განჩინებით ა. ა-ის სასარჩელო განცხადებაზე მარნეულის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის 18.09.2012 N525 მიმართვის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება. აგრეთვე არასათანადო მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხით და მოპასუხედ განისაზღვრა - სსიპ ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2013 წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ა. ა-ის მიერ.

11.09.2014წ. განცხადებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ა.ა-მა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012 წ. N24/09/04 განკარგულების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომელიც საფუძვლად დაედო იჯარით გაცემული სადავო მიწის ნაკვეთის ფიზიკურ პირებზე გასხვისებასა და მათთან ნასყიდობის ხელშკრულებების დადებას. ასევე მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და ა.ა-ის მოიჯარე ვ.ა-ისა და ტ.ა-ას უფლებამონაცვლედ ცნობა, აგრეთვე მოსარჩელის 28.04.2011წ. განცხადების განხილვა და იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის ა.ა-ის სახელზე დარეგისტრირება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2014 წ. გადაწყვეტილებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2013 წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 24.09.2012 წ. N24.09.04 განკარგულება იმ ნაწილში, როლითაც მოხდა 31 ჰა. მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადაცემა შემდეგი პირებისათვის: ნ. ა-ა, ს. ა-ა, შ. ბ-ა და სხვებზე (15 პირი), ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოსა და ფიზიკურ პირებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები შემდეგ მიწის ნაკვეთებზე: ნ. ა-ა (ს/კ ...); ს. ა-ი (ს/კ ...); შ. ბ-ი (ს/კ ...); ა. ბ-ა (ს/კ ...); ხ. მ-ა (ს/კ ...); ა. მ-ი (ს/კ ...); ი. ა-ი (ს/კ ...); ქ. ა-ი (ს/კ ...); ა. კ-ა (ს/კ ...); რ. ქ-ი (ს/კ ...); ა. ქ-ა (ს/კ ...); ე. ქ-ი (ს/კ ...); გ. ქ-ა (ს/კ ..); თ. ქ-ა (ს/კ ...); ზ. გ-ი (ს/კ ...); სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა ა. ა-ის 28.04.2011 წ. და 22.02.2013 წ. განცხადებების შესწავლა და საქმის გარემოებათა გამორკვევის საფუძველზე შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2014 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, ს. ა-ის თ. ქ-ის, ე. ქ-ის და სხვათა (15 პირი) მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, საქართველოს პრეზიდენტის, ს. ა-ის, თ. ქ-ის, ე. ქ-ის და სხვათა (15 პირი) საკასაციო საჩივარები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

2015 წლის 14 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ე. ქ-მა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ახალი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ა. ა-მა 2011 წლის 28 აპრილს მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის ტერიტორიულ ორგანოს განცხადებით და მოითხოვა მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ... მასზე იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე პრივატიზების მიზნით უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის გაცემა, რაზეც მოსარჩელეს პასუხი არ მიუღია. ა. ა-ი 2011 წლის 28 აპრილს არ იყო რეგისტრირებული როგორც მოიჯარე, ამ დროისათვის ჯერ კიდევ ტ. ა-ზე იყო გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, შესაბამისად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვერავითარ ოქმს ვერ გასცემდა ა. ა-ზე, ხოლო პასუხი რომ გაეცათ მისთვის, ტ. ა-ას უნდა მიემართა განცხადებით, რაც მას არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებდა, ვინაიდან, როგორც მათთვის გახდა ცნობილი, ეს უკანასკნელი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო, გარდაცვალების რეგისტრაცია მოხდა გვიან, ხოლო თუ რა მიზეზით, უცნობია სამართლებრივი მტკიცებულებების არარსებობის გამო.

განმცხადებელის მტკიცებით, ა. ა-მა სასამართლო მტკიცებულების სახით წარადგინა მინდობილობა, რომელიც გაცემული აზერბაიჯანის რეპუბლიკაში და მინდობილობაზე ხელს აწერს ვინმე ს. მ. გ. გ-ვა, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე. აღნიშნული მინდობილობ იწვევს საფუძვლიან ეჭვს, ვინაიდან მინდობილობის გამცემიც და მიმღებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა მინდობილობის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაცემა, რის გამოც მათ მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებით, რათა გაეცათ ინფორმაცია, იყო თუ არა ტ. ა-ი გასული საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძოდ, აზერბაიჯანის მიმართულებით 2011 წლის 1 აპრილიდან 30 მაისამდე, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდშია გაცემული მინდობილობა, რომელიც ა. ა-ს უფლებას აძლევდა განეკარგა თავისი შეხედულებისამებრ მიწის ნაკვეთი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ პუნქტის, 424-ე მუხლის პირველი ნაწილის, 425-ე, 426-ე და 427-ე მუხლების თანახმად, განმცხადებელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინებით ე. ქ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადება არ შეიცავდა იმ წანამძღვრებს, რომლებიც მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა მართალია ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და დასრულებული საქმის წარმოების განახლებას ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა საქმის წარმოების განახლებას უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის პირობებში, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის განხილვის პორცესში, კერძოდ 2014 წლის 5 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე წარდგენილ იქნა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სადაც ერთ-ერთ გარემოებას წარმოადგენდა აპელანტის - ა. ა-ის უფლებამოსილების საკითხი, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა შესაბამისი განჩინება. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გარემოებაზე მითითებას შეიცავს ასევე მესამე პირების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ე. ქ-ის განცხადებაში მითითებული გარემოება ა. ა-ის უფლებამოსილების თაობაზე ვერ ჩაითვლება იმ გარემოებად, რომელიც არ იყო ცნობილი საქმის განხილვის პროცესში.

რაც შეეხება მითითებას მინდობილობის გაყალბების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლებისათვის არ არის საკმარისი მითითება დოკუმენტის სიყალბეზე, საჭიროა დოკუმენტის სიყალბე დადგინდეს შესაბამისი განაჩენით, რაც განმცხადებლის მხრიდან წარმოდგენილი არ არის და რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა აღნიშნული მოტივით განცხადების დაშვებასა და საქმის წარმოების განახლებას.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ე. ქ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამღლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლის თანახმად უნდა გამოეთხოვა მტკიცებულება და მხოლოდ ამის შემდეგ ემსჯელა განცხადების დასაშვებობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ე. ქ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ე. ქ-ის განცხადების დაუშვებლად ცნობის საფუძველი არსებობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოება განახლდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, თუ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საქმის წარმოების განახლებისათვის არ არის საკმარისი მითითება დოკუმენტის სიყალბეზე, საჭიროა დოკუმენტის სიყალბე დადგინდეს შესაბამისი განაჩენით, რაც განმცხადებლის მხრიდან წარმოდგენილი არ არის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეთხოვა მტკიცებულება ტ. ა-ის მიერ 2011 წლის 1 აპრილიდან 30 მაისამდე პერიოდში საზღვრის გადაკვეთის თაობაზე. მხარის აზრით, ეს ინფორმაცია დაადასტურებდა მინდობილობის გაყალბებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტის სიყალბის დასადასტურებლად ერთადერთი დასაშვები მტკიცებულება არის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რაც განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს. სააპელაციო სასამართლოს თუნდაც გამოეთხოვა ზემოაღნიშნული ინფორმაცია, ეს მონაცემები გავლენას ვერ მოახდენდა ე.ქ-ის განცხადების განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა, მართალია, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და დასრულებული საქმის წარმოების განახლებას, ახალი გარემოებების წარმოშობის პირობებში, თუმცა საპროცესო კანონმდებლობა საქმის წარმოების განახლებას უშვებს არა ყოველი ახალი გარემოების ან მტკიცებულების შეტყობის შემთხვევაში, არამედ მხოლოდ ისეთი გარემოებების არსებობის გამოვლენისას, რომლებიც მხარისათვის მისი ბრალის გარეშე არ იყო ცნობილი საქმის წარმოების პროცესში.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2014 წლის 5 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე მხარემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. შუამდგომლობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა აპელანტის - ა. ა-ის უფლებამოსილების საკითხი, რაზედაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა შესაბამისი განჩინება. საგულისხმოა, რომ ამავე გარემოებაზე მითითებას შეიცავს ასევე მესამე პირების მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი (ერთ-ერთი კასატორია ე. ქ-ი), ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ე. ქ-ის განცხადებაში მითითებული გარემოება ა. ა-ის უფლებამოსილების თაობაზე ვერ ჩაითვლება იმ გარემოებად, რომელიც არ იყო ცნობილი საქმის განხილვის პროცესში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე