ბს-481-476(კს-16) 13 სექტემბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - დ.ტ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ.ტ-ემ 2015 წლის 25 აგვისტოს სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხების ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო დ.ტ-ის დაჯარიმების, უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობის შეჩერებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის (დემონტაჟის) თაობაზე“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2015 წლის 16 აპრილის №110 დადგენილებისა და დ.ტ-ის 2015 წლის 13 მაისის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის 2015 წლის 6 აგვისტოს №02/33 ბრძანების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ტ-ემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინებით დ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 369.1 მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ დ.ტ-ის წარმომადგენელს ზ. ტ-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2016 წლის 10 თებერვალს, შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 11 თებერვალს და ამოიწურა 2016 წლის 24 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 25 თებერვალს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.ტ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის არსებითად განსახილველად დაბრუნებას. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაშია შეტანილი, რის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც საქმეში მოიპოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს კანონისმიერ და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. კანონისმიერია ვადა, რომელიც კანონით იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაგრძელების (აღდგენის) შესაძლებლობას არ ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იმპერატიულად არის დადგენილი, რომელიც შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (სსკ-ის 369 მუხ.). ვადის აღმკვეთი ხასიათის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვადის დენის დაწყების მომენტის ზუსტად განსაზღვრას, რომელიც იწყება მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან (სსკ-ის 60.2 მუხ.). საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმია მასალებით დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დ.ტ-ის წარმომადგენელ ზ. ტ-ეს 2016 წლის 10 თებერვალს ჩაბარდა, ამასთან, აღსანიშნავია, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ზ. ტ-ე დ.ტ-ის ოჯახის წევრია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს სასამართლო გზავნილის ჩაბარებას მხარის ოჯახის წევრისათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დ.ტ-ეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 10.02.16 წელს, ამდენად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა 11 თებერვლიდან დაიწყო და 24 თებერვალს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2016 წლის 25 თებერვალს, ამასთან საჩივრის შევსების თარიღად ასევე 25 თებერვალია მითითებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ვინაიდან დ.ტ-ის სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით არის წარდგენილი, სააპელაციო სასამართლომ განუხილველად მართებულად დატოვა, ამდენად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდესის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის განჩინება
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე