Facebook Twitter

Nბს-484-479(კს-16) 13 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. თ-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N3 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის „ბრალდებულისათვის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2015 წლის 5 იანვრის N05 და 6 იანვრის N10 განკარგულებების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება ნ. თ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით ნ. თ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამასთან კერძო საჩივრის ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების №3 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის შერეული ტიპის დაწესებულების დირექტორის „ბრალდებულისათვის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინარული ღონისძიების გამოყენების შესახებ“ 2015 წლის 5 იანვრის N5 და 6 იანვრის N10 განკარგულებების მართლზომიერების საკითხი.

პატიმრობის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე, ბრალდებულის/მსჯავრდებულისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი მხოლოდ ერთჯერადად საჩივრდება სასამართლოში, ამდენად, მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები), ხოლო ამავე კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, იხელმძღვანელოს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით, თუ კასაციის თავი სპეციალურ დებულებებს არ შეიცავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შემოტანა არ დაიშვებოდა, ამდენად, ნ. თ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით ნ. თ-ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი უნდა გათავისუფლდეს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.3 მუხლის საფუძველზე, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად დაბრუნებას ექვემდებარება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. თ-ის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ. თ-ი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე