№ბს-495-490(კს-16) 22 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ მ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები - მ. ხ-ი, თ. ჩ-ე
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2015 წლის 26 მარტს მ. ჩ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2014 წლის 21 ნოემბერს განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება მოითხოვა, რაც პირდაპირ ეხებოდა მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. კერძოდ, საჯარო რეესტრმა საკუთარი ინიციატივით, ისე, რომ დაინტერესებული პირი - თანამესაკუთრე სახეზე არ ყოფილა, განახორციელა რეგისტრაცია. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 24 ნოემბრის #882014628839-03 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზემოაღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე, რაც მ. ჩ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2015 წლის 23 თებერვლის #42448 გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
მოსარჩელის მითითებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაარღვია მისი უფლება, კერძოდ, მ. ჩ-ის საკუთრება მისი ნებისა და მოთხოვნის გარეშე დაარეგისტრირა მეორე თანამესაკუთრის - მ. ხ-ის სასარგებლოდ, რომელმაც შემდგომში შეიტანა სარჩელი საზიარო უფლების გაუქმებისა და უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით. 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით აღნიშნული სარჩელი დაკმაყოფილდა უკანონოდ და ქონება გაიყიდა აუქციონის გზით, რისი სამართლებრივი ნორმაც საერთოდ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსში. მ. ხ-ისა და მ. ჩ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იძულებითი აუქციონის წესით შეიძინა თ. ჩ-ემ, მ. ხ-ის შვილმა. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი იყო მ. ხ-ის მიერ წინასწარ დაგეგმილი, რაც განახორციელა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარებით.
მოსარჩელემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 24 ნოემბრის №882014628839-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ამასთან, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 3 იანვრის №892012139459-07, 2014 წლის 24 ნოემბრის №882014628839-03, 2015 წლის 27 იანვრის №16276, 2015 წლის 3 თებერვლის №882015045064-03 და 2015 წლის 23 თებერვლის №42448 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ხ-ი და თ. ჩ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით დამატებით მოითხოვა მისი პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გამოყენებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1000 ლარით დაჯარიმება და მორალური ზიანის სახით - 1000 ლარის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მისი პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გამოყენებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1000 ლარით დაჯარიმებისა და მორალური ზიანის - 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრის ნაწილში დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელი იყო. მოცემულ შემთხვევაში, მ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 3 იანვრის #892012139459-07, 2014 წლის 24 ნოემბრის #882014628839-03, 2015 წლის 27 იანვრის #16276, 2015 წლის 3 თებერვლის #882015045064-03, 2015 წლის 23 თებერვლის #42448 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ხოლო სააპელაციო საჩივარში მ. ჩ-ის მიერ ასევე მოთხოვნილი იყო მისი პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გამოყენებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1000 ლარით დაჯარიმება და მორალური ზიანის - 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრა მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, არ ჰქონდა შესაძლებლობა, ასეთი მოთხოვნის პირველი ინსტანციის სასამართლოში არარსებობის გამო, ემსჯელა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ჩ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოცემული საქმის კანონის შესაბამისად განხილვა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები და მოიხსნა პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის განხილვაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის იმპერატიულ დანაწესში არაფერია ნათქვამი სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ განუხილველად დატოვებაზე, განჩინება გამოდის საჩივრის მთლიანად მიღებაზე ან მთლიანად უარის თქმაზე ხარვეზის გამო. სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნა რომ შეესრულებინა, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთ განჩინებას ვერ მიიღებდა, ვინაიდან 2015 წლის 24 ნოემბრის შუამდგომლობით მთავარი სხდომის წინ მოსარჩელე მ. ჩ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, რაც მოსამართლემ განჩინებით არ დააკმაყოფილა, ხოლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ მოსარჩელემ რეპლიკის სტადიაზე გაზარდა მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რაც არასწორია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 ივნისის განჩინებით მ. ჩ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინებით მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მისი პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გამოყენებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1000 ლარით დაჯარიმებისა და მორალური ზიანის - 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრის ნაწილში დარჩა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ დავის საგნის გაზრდაზე უარი ცალკე არ საჩივრდება. იგი საჩივრდება ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად. ამდენად, სააპელაციო სასამართლო შეამოწმებს სარჩელის დასაშვებობას, სრულად იღებს საჩივარს წარმოებაში და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთებაში მიუთითებს საჩივრის მოტივების დაკმაყოფილებისა თუ არდაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ადგილი ჰქონდა პროცესუალურ დარღვევას, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ განუხილველად დატოვა მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი მისი პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გამოყენებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1000 ლარით დაჯარიმებისა და მორალური ზიანის 1000 ლარის ოდენობით განსაზღვრის ნაწილში და მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, აგრეთვე შეგებებული სარჩელის შეტანა სააპელაციო სასამართლოში არ დაიშვებოდა, მაშინ, როცა მოსარჩელის მხრიდან დავის საგნის გაზრდას ადგილი ჰქონდა არა სააპელაციო საჩივარში, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოში. ამასთან, საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა დავის საგნის გაზრდის თაობაზე, მოსარჩელეს უარი უთხრა აღნიშნულზე და ამაზე დამატებით იმსჯელა დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სრულად უნდა მიეღო წარმოებაში მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი და არსებითი განხილვისას ემსჯელა დავის საგნის გაზრდის კანონიერებაზე.
საკასაციო სასამართლო, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული პროცესუალური დარღვევისა, მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სააპელაციო საჩივარს - პერსონალური ინფორმაციის უკანონო მოპოვებისა და გამოყენებისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1000 ლარით დაჯარიმებისა და მორალური ზიანის 1000 ლარის ოდენობით ანაზღაურების თაობაზე - დავის საგნის გაზრდის ნაწილში არ აქვს პერსპექტივა, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი დავის საგნის გაზრდაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებული საპროცესო დარღვევა არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი