Facebook Twitter
საქმე ¹№ბს-521-516 (კ-ს-16) 29 ივნისი, 2016 წელი, 12:57 სთ
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა
ვასილ როინიშვილმა


საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განვიხილე ადვოკატ ბ. ბ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ლომიძის 2016 წლის 20 მაისის №3ბ/285-16 განკარგულების (სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ) თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

2016 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა (მოსამართლე - მერაბ ლომიძე) განიხილავდა ადმინისტრაციულ საქმეს - გ. ა-ის სააპელაციო საჩივრისა გამო, მოწინააღმდეგე მხარეების – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ (ს.ფ. 218-233).

სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისა და მოსამართლის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის გამო, აპელანტის - გ. ა-ის წარმომადგენელი ბ. ბ-ი (პ/ნ ...) სასამართლოს განკარგულებით დაჯარიმდა - 50 ლარით ( ს.ფ. 226).


თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის განკარგულება მიღებულ იქნა 2016 წლის 20 მაისს. განკარგულების ასლი იმავე დღეს გაეგზავნა ბ. ბ-ს, მაგრამ ადრესატს ვერ ჩაბარდა (იხ. უკუგზავნილი, ს.ფ. 242).

აღნიშნული განკარგულება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა ადვოკატმა ბ. ბ-მა (საჩივრის ფოსტისათვის გადაცემის თარიღი - 2016 წლის 23 მაისი) და მისი, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განკარგულების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 266-268). საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2016 წლის 28 ივნისს 14:15 საათზე შემოვიდა.

გავეცანი წარმოდგენილ მასალებს, საჩივარს და მიმაჩნია, რომ ადვოკატ ბ. ბ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განკარგულება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის თანახმად, მხარეები, წარმომადგენლები, მოწმეები, სპეციალისტები, თარჯიმნები, აგრეთვე სხდომის დარბაზში მყოფი ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას დადგენილი წესი და უსიტყვოდ დაემორჩილოს მოსამართლეს. ამასთან, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს (მოსამართლეს) ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.

საქმის მასალებში წარმოდგენილი 2016 წლის 20 მაისის სხდომის ოქმის ჩანაწერის მიხედვით, უდავოა ის ფაქტი, რომ შპს „...“ წარმომადგენლის - ი. მ-ის შუამდგომლობის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა ადვოკატმა ბ. ბ-მა ადგილზე წამოძახილებით, სასამართლოსთან და განმცხადებლის წარმომადგენელთან კამათით დაარღვია სხდომის დარბაზში წესრიგი (იხ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი 12:26 სთ-დან 12:33:22 სთ-ს ჩათვლით). მოსამართლის გაფრთხილების მიუხედავად, აპელანტის წარმომადგენელმა ბ. ბ-მა არ შეწყვიტა კამათი მოსამართლესთან და შპს „...“ წარმომადგენელ ი. მ-ესთან, გარდა ამისა, მოსამართლის გაფრთხილებას დაჯარიმების თაობაზე უპასუხა არაკორექტული ფორმით „დამაჯარიმეთ, კაცო!“ (იხ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 12:33:15 სთ.) ყოველივე ზემოაღნიშნული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მისი დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ლომიძის 2016 წლის 20 მაისის განკარგულება - ადვოკატ ბ. ბ-ის 50 ლარით დაჯარიმების შესახებ არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ვიხელმძღვანელე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-3, მე-6 და მე-11 ნაწილებით და


დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. ადვოკატ ბ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მ. ლომიძის 2016 წლის 20 მაისის №3ბ/285-16 განკარგულება - (სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმების შესახებ);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ. როინიშვილი