Facebook Twitter

საქმე№ბს-9-8 (2კ-6ks-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – რ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.10.15წ. და 07.12.15წ. განჩინებები.

დავის საგანი – განმარტებაზე უარი, მისი გასაჩივრების წესი, დამატებითი გადაწყვეტილების მიღება, დამატებითი გადაწყვეტილების განცხადების შეტანის ვადა, გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილებით რ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014წ. #279 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2014წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის მოსარჩელისათვის განაცდური დაუბეგრავი ხელფასის - 2160.49 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ 745 ლარის დაკისრებაზე, რ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდა გადამხდელს, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 1272.17 ლარის გადახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.2015წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა და 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ. აპელანტმა მოითხოვა: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ძალაში შესვლის დღიდან სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაცვლად ის ბათილად იქნა ცნობილი მისი გამოცემის დღიდან, ხსენებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; აპელანტმა მოითხოვა აგრეთვე გადაწყვეტილების გაუქმება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება 2014 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდური ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოს გარეშე საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის მოთხოვნილი ხარჯით მოპასუხისათვის სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და დასახელებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება; „ხარვეზის დადგენის შესახებ“ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.02.15წ. განჩინების გაუქმება სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის ნაწილში; საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში 17.02.15წ. განჩინების გაუქმება; საკრებულოს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის შესახებ 10.04.15წ. საოქმო განჩინების გაუქმება; მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღების და მოსარჩელისათვის მისი უკან დაბრუნების შესახებ 20.04.15წ. განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველი ინსტანციის სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში შეიცვალა ის ნაწილი, რომლითაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე; გაუქმდა პირველი ინსტანციის 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინმსწრები განჩინება, კერძოდ, 10.02.15წ. განჩინება „ხარვეზის დადგენის შესახებ“, დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; რუსთავის საკრებულოს დაეკისრა პროცესის ხარჯი - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით - 136.70 ლარის (5.55ლ., 5.55, 0.05თ 55.55ლ. 70ლ.) ანაზღაურება რ. მ-ის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადად მიეთითა 21 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკრებულოს კერძო საჩივარი დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით.

რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 01.09.15წ. შუამდგომლობებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო პალატის 19.06.15წ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების განმარტება პროცესის ხარჯების ნაწილში. შუამდგომლობის ავტორმა მოითხოვა აგრეთვე დამატებითი გადაწყვეტილების მიღება საფოსტო გზავნილთან და მოსარჩელის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების პერიოდში კვებაზე გაწეული დანახარჯების ანაზღაურების ნაწილში.

შუამდგომლობაში აღინიშნა, რომ პალატის 19.06.15წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით ისეა ჩამოყალიბებული თითქოს საქმეზე ახლიდან განისაზღვრა პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საკითხი, თუმცა პირდაპირი მითითება მასზე, რომ გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების თაობაზე არაა მითითებული, რაც ხელს შეუშლის გადაწყვეტილების აღსრულებას მოცემულ ნაწილში. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის მიხედვით სააპელაციო პალატა ვალდებულია განმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

რ. მ-ის წარმომადგენელმა 01.09.15წ. მეორე შუამდგომლობაში აღინიშნა, რომ საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით უნდა მოწესრიგდეს საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებული ორი მოთხოვნა: სხვადასხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული ხარჯები; გადასაწყვეტია აგრეთვე რ. მ-ის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების პერიოდში მათ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 01.10.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მოთხოვნა 19.06.15წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 262.1 მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ხდება იმ შემთხვევაში, თუ: 1) განსამარტი გადაწყვეტილება აღსრულებადია სასამართლოს აღმასრულებლის მეშვეობით; 2) განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის; 3) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის 19.06.15წ. გადაწყვეტილება მხარეს გასაჩივრებული აქვს კანონით დადგენილი წესით საკასაციო სასამართლოში, გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში, შესაბამისად გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნა სააპელაციო პალატის მიერ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის 01.10.15წ. მეორე განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მოთხოვნა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად საპროცესო მოქმედების ვადის გაცდენის გამო. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 19.06.15წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი რ. მ-ის წარმომადგენელს ჩაბარდა 22.06.15წ., ი. პ-ის მიერ 24.06.15წ. სასამართლოში წარდგენილი იქნა განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ სხვა მოთხოვნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება იმის შესახებ, რომ მისთვის მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ გახდა ცნობილი საპროცესო ხარჯის გადაწყვეტის შესახებ.

სააპელაციო პალატის 01.10.15წ. განჩინებები კერძო საჩივრებით გასაჩივრდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სსკ-ის 262.3 მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების განმარტების შესახებ (და არა განმარტებაზე უარის) სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ამდენად საპროცესო კანონი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის კერძო საჩივრით გასაჩივრებას საპროცესო კანონი არ ითვალისწინებს. ამას ადასტურებს საპროცესო კანონის სისტემური განმარტება, როდესაც კანონმდებელი უარმყოფელი სასამართლო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას უშვებს, ამის შესახებ მიუთითებს ნათელი და განჭვრეტადი ფრაზებით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში კანონმდებელი გასაჩივრების შესახებ ასევე ნათელი და განჭვრეტადი ფრაზებით მიუთითებს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ კერძო საჩივრის წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება სასამართლოს განჩინება განმარტების და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან კერძო საჩივრით საჩივრდება მხოლოდ განჩინება გადაწყვეტილების განმარტების ან უსწორობის გასწორების თაობაზე. სსკ-ის 414-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად „კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში“.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სააპელაციო პალატის 01.10.15წ. განჩინებაში 19.06.15წ. გადაწყვეტილების პროცესის ხარჯების ნაწილში განმარტებაზე უარი ემყარება იმას, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საკასაციო წესით. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განმარტების მიცემა არ არის დამოკიდებული ამ გარემოებაზე, თუ არსებობს დასახელებული მუხლით გათვალისწინებული განმარტების წინაპირობები ის უნდა განიმარტოს. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს შუამდგომლობის განმარტებაზე უარის თქმის შესახებ 01.10.15წ. განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განსახილველად საქმის უკან დაბრუნებას. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 261-ე მუხლის მოთხოვნის შეუსაბამოდ, უარყო საფოსტო გზავნილების და კვების ხარჯის ანაზღაურების საკითხდზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ შუამდგომლობა. საკითხის დასმის კანონით განსაზღვრულ 7 დღიან ვადასთან დაკავშირებით კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 19.06.15წ. სხდომას, რომელზედაც გამოცხადდა შემაჯამებელი გადაწყვეტილება, არ ესწრებოდა არც აპელანტი რ. მ-ე და არც მისი წარმომადგენელი. ამდენად, შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად შუამდგომლობის წარმოსადგენად ვადის ათვლამ დენა დაიწყო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან. სსკ-ის 261-ე მუხლი 7 დღიან ვადას აწესებს ორ შემთხვევას: გადაწყვეტილების გამოცხადების დასწრებას ამ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას. სააპელაციო პალატამ დაადგინა დამატებითი პირობა და განმარტა, რომ ამგვარი შუამდგომლობის წარდგენის ვადა შესაძლებელია ასევე დაიწყოს სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის მომენტიდან. ზოგ შემთხვევაში სარეზოლუციო ნაწილიდანაც კი შეუძლებელია დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შუამდგომლობის პირობის დადგენა, ასეთი შესაძლებლობის წარმოშობა პირს მიეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, სწორედ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი მოცემულ შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის 01.10.15წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.

აპელანტ რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 25.11.2015წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის 19.06.2015წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მოთხოვნით შუამდგომლობის წარმოსადგენად სასამართლოს აზრით გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოცემის მოთხოვნით შუამდგომლობის წარდგენისათვის გათვალისწინებულ პერიოდში ადვოკატი ი. პ-ი იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რაც აჩერებს საპროცესო კანონით გათვალისწინებული ვადების მოქმედების შეჩერებას. მითითებული საფუძვლით განცხადების ავტორმა მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.12.15წ. განჩინებით ი. პ-ის განცხადება კანონით დადგენილი ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა საპროცესო ვადის აღდგენის წინაპირობები. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოთხოვნის დაყენების 7 დღიანი ვადის გაშვება მიჩნეული უნდა იქნას საპატიოდ, ვინაიდან მითითებულ დროს ადვოკატი ი. პ-ი იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, რაც როგორც წესი აჩერებს საპროცესო ვადებს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სსკ-ის 205.3 მუხლის შესაბამისად გაშვებული ვადა მიჩნეული უნდა იქნას საპატიოდ.

აპელანტ რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 01.12.2015წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო პალატის 19.06.2015წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით. შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არ არის გადაწყვეტილი მოთხოვნილი საპროცესო ხარჯიდან ორი მოთხოვნა: ა) საქმის მიმდინარეობისას სხვადასხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადმოგზავნისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწული ხარჯები, რაც ვერ იქნება მოაზრებული იმ 55.55 ლარში, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა; ბ) რ. მ-ის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების პერიოდში მათ აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მითითებული საკითხები არ გადაწყვეტილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადების ავტორმა მოითხოვა ნაკლიანი სასამართლო აქტის გამოსწორება სასამართლოს ინიციატივით, მასზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 07.12.15წ. განჩინებით ი. პ-ის განცხადება სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე მიღებული საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ გადაწყვიტა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ყველა საკითხი, მათ შორის სასამართლო ხარჯების საკითხი. შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა სსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის სამართლებრივი საფუძვლები.

11.01.16წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არ არის გადაწყვეტილი სააპელაციო საჩივარით მოთხოვნილი ყველა საკითხი, კერძოდ, საპროცესო ხარჯიდან: ა) სხვადასხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადმოგზავნისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწული ხარჯები, რაც ვერ იქნება მოაზრებული იმ 55.55 ლარში, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. ბ) რ. მ-ის და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადების პერიოდში მათ აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯების ანაზღაურება. სსკ-ის 261-ე და 249-ე მუხლებზე მითითებით კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების მიღება მის მიერ მითითებული საკითხების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული განჩინებების კანონერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. მ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამავე ნორმის თანახმად, განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შინაარსი ნათლად ადასტურებს იმას, რომ განმარტების გაცემა ხდება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, იმ სასამართლოს მიერ, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების ინსტიტუტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულებას, გადაწყვეტილების განმარტება არის მისი ნაკლოვანების (გაურკვევლობის, წინააღმდეგობის) აღმოფხვრის საშუალება. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაურკვევლობა ქმნის მისი რეალიზაციის სირთულეს, წარმოშობს აღსრულების გაურკვევლობას. გადაწყვეტილების განმარტების გაცემის დასაშვებობის პირობები (გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ამასთანავე გასული არ არის მისი იძულებითი აღსრულების ვადა), აგრეთვე ის, რომ ხდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, განმარტების დროს არ დაიშვება მისი შინაარსის შეცვლა - ადასტურებს განმარტების გაცემის შესაძლებლობას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ხდება იმ შემთხევაში, თუ : განსამარტი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებადია, განმარტებას აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა გადაწყვეტილების აღსრულებისათვის, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში განმარტება არ გაიცემა. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებულია მოსარჩელის და მოპასუხის მიერ, შესაბამისად გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში, რის გამოც მართებულია სააპელაციო პალატის 01.10.15წ. განჩინებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარის თქმა.

სსკ-ის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინების მსგავსად (სსკ-ის 260-ე მუხ.მე-2 ნაწ.), გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს განჩინება მოიცავს შუამდგომლობის განხილვის როგორც დადებითი ასევე უარყოფითი შედეგის გასაჩივრების შესაძლებლობას, მხარეს, რომელსაც უარი ეთქვა უსწორობის გასწორებაზე, უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაეცნოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას (სუს 17.12.15წ. #ბს-776-768 (2კ-4კს-15) განჩინება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის უფლება უკავშირდება მხარის ვალდებულებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში მოახდინოს უფლების რეალიზაცია. სსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული 7 დღიანი ვადა აღმკვეთი ხასიათისაა და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. რაც შეეხება ი. პ-ის მიერ კერძო საჩივარში მითითებულ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენის საკითხს, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის 02.12.15წ. განჩინებით მართებულად ეთქვა უარი განმცხადებელს კანონისმიერი ვადის აღდგენაზე. სსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილი ხსენებული ვადის ათვლას უკავშირებს გადაწყვეტილების გამოცხადებას. სსკ-ის 257-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამოცხადება გულისხმობს როგორც დასაბუთებულ, ასევე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მხარეები არ ესწრებოდნენ. სსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ვადის დინება იწყება იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება მხარე ან მისი წარმომადგენელი. ამდენად, პროცესუალური კანონმდებლობა ვადის ათვლის დაწყების შესაძლებლობას მოცემულ შემთხვევაში უკავშირებს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, ვინაიდან სარეზოლუციო ნაწილის გაცნობა იძლევა სასამართლოს წინაშე დასმული საკითხების გადაწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამასთანავე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნა უკავშირდება მხოლოდ სასამართლოს მიერ გადაუწყვეტელ საკითხს და არა გადაწყვეტილი საკითხის მართებულობას, მოთხოვნის დაკმაყოფილების ოდენობას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო პალატის 19.06.15წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა 22.06.15წ., რა მომენტიდანაც მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო აქტის სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი. სასკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, წარმომადგენლისათვის დოკუმენტის ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის მის ჩაბარებას და პირიქით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ 24.06.15წ. აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო პალატას წარუდგინა მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს გარეშე ხარჯის - კერძოდ, ადვოკატის დახმარებისათვის თანხის და სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება), რომელიც სააპელაციო პალატის 03.07.15წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ არის დასაბუთებული.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.05.15წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით განისაზღვრა პროცესის ხარჯების ბედი, კერძოდ, რ. მ-ის სასარგებლოდ ქ. რუსთავის საკრებულოს დაეკისრა სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის ღირებულების - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე - სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის სახით 136,70 ლარის (5,55 ლ. 5,55. 0,05 თ. 55,55 ლ. 70 ლ. ) ანაზღაურება. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად ეთქვა უარი განცხადების ავტორს სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სასამართლოს საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გადაწყვიტა სასამართლოს გარეშე ხარჯების საკითხი. შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.15წ. განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს 01.10.15წ. და 07.12.15წ. გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოსათვის შუამდგომლობის ხელახალი განხილვის დავალების საფუძველი, მით უფრო, რომ დამატებითი გადაწყვეტილების ვადის გაცდენა კერძო საჩივრის ავტორს არ ართმევს იგივე საკითხი დასვას საკასაციო საჩივარში. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სსკ-ის 66-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით გაშვების დამადასტურებელი მტკიცებულება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 410-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. და 07.12.15წ. განჩინებებზე არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინება 19.06.15წ. გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადებების არ დაკმაყოფილების შესახებ;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინება, რომლითაც რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადებები 19.06.15წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად;

4. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.15წ. განჩინება, რომლითაც რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

5. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.12.15წ. განჩინება, რომლითაც სასამართლოს ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი

საქმე№ბს-9-8 (2კ-6ks-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – რ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 03.07.15წ., 01.10.15წ. განჩინებები.

დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, უსწორობის გასწორებაზე უარი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილებით რ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014წ. #279 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2014წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის მოსარჩელისათვის განაცდური დაუბეგრავი ხელფასის - 2160.49 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ 745 ლარის დაკისრებაზე, რ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდა გადამხდელს, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 1272.17 ლარის გადახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.2015წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა და 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ. აპელანტმა მოითხოვა: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ძალაში შესვლის დღიდან სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაცვლად ის ბათილად იქნა ცნობილი მისი გამოცემის დღიდან, ხსენებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; აპელანტმა მოითხოვა აგრეთვე გადაწყვეტილების გაუქმება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება 2014 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდური ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოს გარეშე საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის მოთხოვნილი ხარჯით მოპასუხისათვის სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და დასახელებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება; „ხარვეზის დადგენის შესახებ“ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.02.15წ. განჩინების გაუქმება სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის ნაწილში; საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში 17.02.15წ. განჩინების გაუქმება; საკრებულოს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის შესახებ 10.04.15წ. საოქმო განჩინების გაუქმება; მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღების და მოსარჩელისათვის მისი უკან დაბრუნების შესახებ 20.04.15წ. განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველი ინსტანციის სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში შეიცვალა ის ნაწილი, რომლითაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე; გაუქმდა პირველი ინსტანციის 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინმსწრები განჩინება, კერძოდ, 10.02.15წ. განჩინება „ხარვეზის დადგენის შესახებ“, დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; რუსთავის საკრებულოს დაეკისრა პროცესის ხარჯი - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით - 136.70 ლარის (5.55ლ., 5.55, 0.05თ 55.55ლ. 70ლ.) ანაზღაურება რ. მ-ის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადად მიეთითა 21 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკრებულოს კერძო საჩივარი დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით.

აპელანტ რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 24.06.15წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა 19.06.15წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არ არის გადაწყვეტილი სააპელაციო პრეტენზია სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის დახმარებისათვის განკუთვნილ მოცულობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეილებაზე, ასევე რ. მ-ის სააპელაციო საჩივრის და სააპელაციო შესაგებელში წარმომადგენელი შუამდგომლობა სააპელაციო განხილვის ეტაპზე ადვოკატის დახმარების გამო თანხის მოწინააღმდეგე მხარის-რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის დაკისრების თაობაზე. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არ არის გადაწყვეტილი აგრეთვე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სახელმწიფო ბიუჯეტის და მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ მცდარია ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან განთავისუფლების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენელის ი.პ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით პროცესის ხარჯის საკითხი გადაწყვეტილია. რაც შეეხება საკრებულოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტისა და მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავა სოციალურ დავათა რიგს განეკუთვნება, რის გამოც მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

რ. მ-ის ადვოკატმა ი.პ-მა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 03.07.15წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად უკან დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტით არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანოების გათავისუფლებას საერთო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მას საკუთარი ადგილობრივი ბიუჯეტი გააჩნია,შესაბამისად დაუშვებელია ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟისაგან და მისი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანოდ მოაზრება. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და სახელმწიფო ბიუჯეტი გამიჯნულია ერთმანეთისაგან და განსხვავებულია მათი ფორმირების წესი. ამდენად, მცდარია გავრცელებული მოსაზრება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის ,, უ“ ქვეპუნქტზე აპელირებით ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ. სსკ-ის 261. 1 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო პალატის 03.07.15წ. განჩინება დაუსაბუთებელია რის გამოც ის უნდა გაუქმდეს და დაუბრუნდეს ხელახლა განხილვისათვის სააპელაციო პალატას.

რ. მ-ის წარმომადგენელმა ი.პ-მა 01.09.15წ. წარადგინა განცხადებები, რომლითაც მოითხოვა 09.07.15წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ განჩინებების გასაჩივრების წესი არასწორად მიუთითა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენელის ი.პ-ის განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07 15წ. და 09.07.15წ. განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა, არამედ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ უარზეც.

უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინების გაუქმებისა და ხელახლა განსახილველად საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის უკან დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის (და არა უარის) შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ საკითხი კოდექსის სისტემური განმარტების ხერხის გამოყენებას საჭიროებს, იმ შემთხვევაში როდესაც კანონმდებელი უარმყოფელი სასამართლო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას უშვებს, ამის შესახებ ნათელი და გამჭვრეტადი ფრაზებით მიუთითებს. შუამდგომლობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში კერძო საჩივრის შესაძლებლობის დაშვება ნათელი და გამჭვრეტადი ფრაზებით არის მითითებული. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ უსწორობის გასწორების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლას და გასაჩივრებული განჩინებების კერძო საჩივრების ფარგლებში კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. მ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 03.07.15წ. და 01.10.15წ. განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგვილი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არარსებობდა სააპელაციო პალატის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური კანონმდებლობით (სსკ-ის 261-ე მუხ.) განსაზღვრული პირობა, ასეთს არ ქმნიდა ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით არაა გათვალისწინებული მოწინააღმდეგე მხარისათვის - რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრება სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემული დავა სოციალურ დავათა რიგს განეკუთვნება, ვინაიდან დავის საგანი ეხება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აქტის კანონიერებას, სამსახურში აღდგენას, ადგილობრივი ორგანოს მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. სასკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. სასკ-ის 53-ე მუხლის 1-ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჟეტში სასამართლო ხარჯების გადასახადისაგან. ამავე ნორმის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ვინაიდან სოციალურ დავაზე სარჩელის აღძვრა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, შესაბამისად არ არსებობს სსკ-ის 53- მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდაზე გაღებული ხარჯის მოპასუხისათვის - ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების საფუძველი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატას 19.06.15წ. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10. 02.15წ. განჩინება „ხარვეზის დადგენის შესახებ“, გაუქმდა აგრეთვე პირველი ინსტანციის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, გარდა ამისა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილებით 12.02.15წ. სს ,,...“ მეშვეობით N5905979 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტში სახაზინო კოდით 300063150, ბანკის კოდით TRESGE22 რ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდა გადამხდელს. ამდენად არ არსებობს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები, კერძოდ, სოციალური დავების გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, აგრეთვე მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდილი თანხის დაბრუნება, სრულად გამორიცხავს მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრებას მოსარჩელის და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს მსჯელობის საჭიროება კერძო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ბიუჯეტის ერთმანეთისაგან გამიჯვნის გამო ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოზე არ უნდა ვრცელდებოდეს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების პირობა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს 03.07.15წ განჩინების იმ ნაწილის მიმართ, რომლითაც ეხება სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. 03.07.15წ. განჩინებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი 19.06.15წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით ქ. რუსთავის საკრებულოს დაეკისრა პროცესის ხარჯი, კერძოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე- სასამართლოს გარეშე პროცესის ხარჯის სახით 136,70 ლარის ანაზღაურება რ. მ-ის სასარგებლოდ. შესაბამისად საფუძველს მოკლებულად იქნა მიჩნეული სასამართლოს გარეშე ხარჯის ადვოკატის დახმარებისათვის განკუთვნილ მოცულობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და სააპელაციო განხილვის ეტაპზე ადვოკატის დახმარების გამო თანხის საკრებულოსათვის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა. სასამართლოს გარეშე ხარჯთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის ამ მსჯელობის მიმართ კერძო საჩივარი არ შეიცავს რაიმე არგუმენტს.

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. განჩინების დაკმაყოფილების საფუძველი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დაუსაბუთებელია უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01. 10.15წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნა. სსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეთიკული შეცდომები. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსკ-ის 260.2 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, არამედ აგრეთვე იმ განჩინებაზეც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ. „გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება“ მოიცავს უსწორობის გასწორებისა და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებებს იმის მიხედვით დაკმაყოფილდა თუ არა მხარის შუამდგომლობა, რამდენადაც მხოლოდ მხარისათვის გასაჩივრების უფლების მიცემა, რომლის ინტერესის საწინააღმდეგოდაც გასწორდა უსწორობა გადაწყვეტილებაში დაუშვებელია და მხარეს, რომელსაც უარი ეთქვა უსწორობის გასწორებაზე, უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოისმინოს ზემდგომი სასამართლოს მოტივაცია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მართლზომიერებასთან დაკავშირებით (სუს 17.12.15წ., Nბს-776-768 (2კ-4კს-5) განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 410-ე, 420-ე, მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. განჩინებაზე, აგრეთვე უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინებაზე რ. მ-ის კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. განჩინება, რომლითაც რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.06.15წ. გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. მ-ის წარმომადგენელის ი. პ-ის განცხადება 03.07.15წ. განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქმე№ბს-9-8 (2კ-6ks-16) 15 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – რ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.07.2015წ. განჩინება

დავის საგანი – უსწორობის გასწორებაზე უარი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილებით რ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.2014წ. #279 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 3 ოქტომბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდისათვის მოსარჩელისათვის განაცდური დაუბეგრავი ხელფასის - 2160.49 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გამოუყენებელი შვებულების სანაცვლოდ 745 ლარის დაკისრებაზე, რ. მ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დაუბრუნდა გადამხდელს, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა და მოსარჩელის სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 1272.17 ლარის გადახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.2015წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა და 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის მიერ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ. აპელანტმა მოითხოვა: რუსთავის საქალაქო სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ძალაში შესვლის დღიდან სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაცვლად ის ბათილად იქნა ცნობილი მისი გამოცემის დღიდან, ხსენებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; აპელანტმა მოითხოვა აგრეთვე გადაწყვეტილების გაუქმება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება გამოუყენებელი ანაზრაურებადი შვებულების ნატურით ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; აპელანტმა მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება 2014 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იძულებითი განაცდური ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოს გარეშე საპროცესო ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის მოთხოვნილი ხარჯის მოპასუხისათვის სრულად დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და დასახელებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; გადაწყვეტილების გაუქმება სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილება; „ხარვეზის დადგენის შესახებ“ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.02.15წ. განჩინების გაუქმება სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის ნაწილში; საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში 17.02.15წ. განჩინების გაუქმება; საკრებულოს მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის შესახებ 10.04.15წ. საოქმო განჩინების გაუქმება; მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღების და მოსარჩელისათვის მისი უკან დაბრუნების შესახებ 20.04.15წ. განჩინების გაუქმება, საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებით ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: პირველი ინსტანციის სასამართლოს 20.04.15წ. გადაწყვეტილების 1-ელ პუნქტში შეიცვალა ის ნაწილი, რომლითაც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი გამოცემის მომენტიდან, ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად - მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 03.10.14წ. #279 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე; გაუქმდა პირველი ინსტანციის 20.04.15წ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი, რომლითაც მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა; გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს წინმსწრები განჩინება, კერძოდ, 10.02.15წ. განჩინება „ხარვეზის დადგენის შესახებ“, დანარჩენ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.04.15წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; რუსთავის საკრებულოს დაეკისრა პროცესის ხარჯი - სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის - 2400 ლარის ანაზღაურება, ასევე სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით - 136.70 ლარის (5.55ლ., 5.55, 0.05 თ 55.55ლ. 70ლ.) ანაზღაურება რ. მ-ის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების მე-9 პუნქტით მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა, კერძოდ, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. 32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.7ა) მეშვეობით. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადად მიეთითა 21 დღე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა საკრებულოს კერძო საჩივარი დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით.

აპელანტ რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა 29.06.15წ. შუამდგომლობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში არსებული უსწორობის გასწორება. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა არა მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილება, არამედ აგრეთვე წინმსწრები განჩინებები. სააპელაციო სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია გასაჩივრების ერთიანი წესი ყველა საკითხზე, არაა გამიჯნული საკითხები, რომლებზედაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილ სააპელაციო მოთხოვნის გადაწყვეტაზე გასაჩივრების წესი სწორადაა განმარტებული, დანარჩენი სხვა მოთხოვნებზე პრეტენზია შინაარსობრივად წარმოადგენდა კერძო საჩივარს, რამეთუ ეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე მიღებულ განჩინებებს, რომლებიც ცალკე არ საჩივრდება. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებით არ საჩირდება, შესაბამისად არასწორია მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების დაშვების შესაძლებლობა საკასაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 09.07.15წ. განჩინებით შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოს 19.06.15წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სსკ-ის 377.3 მუხლზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს წინმსწრები განჩინებების კანონიერების შემოწმება სააპელაციო საჩივრის ფარგლებშია მოქცეული, სააპელაციო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი სსკ-ის 395-ე, 397-ე მუხლებით დადგენილი წესით უნდა განიმარტოს.

უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.2015წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საოქმო განჩინების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან ერთად გააზრებული უნდა იქნეს, როგორც კერძო საჩივართან დაკავშირებული წარმოება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სააპელაციო საჩივრის განხილვის დროს მკაცრად უნდა გაიმიჯნოს პრეტენზიები არსებით მოთხოვნებზე - შემაჯამებელ გადაწყვეტილებაზე და სსკ-ის 377.3 მუხლის საფუძველზე წარდგენილ წინმსწრებ აქტებზე. სსკ-ის 419.2 მუხლის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. წინააღმდეგ შემთხვევაში იმ განჩინებების კანონიერების შემოწება, რომლებიც დამოუკიდებლად საჩივრდებიან კერძო საჩივრით, დაიშვება მხოლოდ ორ ინსტანციაში, ხოლო ის განჩინებები, რომლებიც ცალკე არ საჩივრდებან, შემოწმდებიან სამ სასამართლო ინსტანციაში, რაც არ არის გონივრული. ასეთ შემთხვევაში სსკ-ის 404.2 მუხლის საფუძვლით საკასაციო საჩივარში მოცემული პრეტენზია იმ განჩინებებზე, რომლებიც დამოუკიდებლად არ საჩივრდება - უნდა დაექვემდებაროს მკაცრი, „მხუთავი“ დასაშვებობის სტანდარტს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ ვინაიდან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება, არ უნდა განმარტებულიყო გასაჩივრების დაშვების შესაძლებლობა საკასაციო წესით. აღნიშნულის გამოსწორების საჭიროება გამომდინარეობს სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში დროულად შესვლის ინტერესიდან, გასაჩივრების წესის არასწორი განმარტების შემთხვევაში სასამართლო აქტის 1 წლის განმავლობაში გასაჩივრების შესაძლებლობიდან (სასკ-ის 12-ე მუხლი).

რ. მ-ის წარმომადგენელმა 21.08.15წ. და 01.09.15წ. წარადგინა განცხადებები, რომლითაც მოითხოვა 09.07.15წ. განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ განჩინებების გასაჩივრების წესი მიუთითა არასწორად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინებით რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადებები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.07.15წ. და 09.07.15წ. განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა ეს მოთხოვნა, არამედ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ უარზეც.

უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინების გაუქმებისა და ხელახალი გახილვისათვის საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის უკან დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა რ. მ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის (და არა უარის) შესახებ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ საკითხი კოდექსის სისიტემატური განმარტების ხერხის გამოყენებას საჭიროებს, იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებელი უარმყოფელი სასამართლო განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას უშვებს, ამის შესახებ ნათელი და გამჭვრეტადი ფრაზებით მიუთითებს. შუამდგომლობის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილების შემთხვევაში კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობის დაშვება ასევე ნათელი და განჭვრეტადი ფრაზებით არის მითითებული. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ უსწორობის გასწორების მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივრების საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული განჩინებების კანონერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ. მ-ის კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გაასჩივრებული განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა ქვს ადგილი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ რ. მ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო პრეტენზია ეხებოდა არა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, არამედ აგრეთვე სასამართლოს წინმსწრები განჩინებების გაუქმებას, კერძოდ, აპელანტი მოითხოვდა „ხარვეზის დადგენის შესახებ“ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.15წ. განჩინების გაუქმებას სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის ნაწილში; 17.02.15წ. განჩინების გაუქმებას საქმის დაჩქარებული წესით განხილვაზე უარის თქმის ნაწილში; რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების წერილობითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის მოთხოვნის შესახებ 20.04.15წ. საოქმო განჩინების გაუქმებას; მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი და საქმეზე დართული წერილობითი მტკიცებულებების საქმიდან ამორიცხვისა და მოსარჩელისათვის მისი უკან დაბრუნების შესახებ 20.04.15წ. საოქმო განჩინების გაუქმებას.

სსკ-ის 377-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისგან დამოუკიდებლად დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. ვინაიდან აღნიშნული ნორმის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელ გაადწყვეტილებასთან ერთად იხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს წინმსწრებ განჩინებებსაც, აღნიშნული განჩინებები შესაძლოა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანიც გახდეს. წინმსწრები განჩინებების გასაჩივრებით და განხილვით შესაძლებელია დავის პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვის უზრუნველყოფა, იმის გარკვევა ჰქონდა თუ არა ადგილი ისეთ საპროცესო დარღვევას, რომელიც გავლენას მოახდენდა შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერებაზე. გასაჩივრების შემთხვევაში, ამგვარი განჩინებები შესაძლოა საკასაციო პალატის მსჯელობის საგანიც გახდეს. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წინმსწრები განჩინებები კერძო საჩივრის განხილვისათვის დადგენილ წესს უნდა დაექვემდებაროს. კანონმდებლობით ამომწურავადაა დადგენილი კერძო საჩივრის შეტანის შემთხვევები. სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. დანარჩენი წინმსწრები განჩინებების გასაჩივრება სააპელაციო საჩივრით არის შესაძლებელი, ხოლო სააპელაციო საჩივარზე სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თავის მხრივ საკასაციო წესით გასაჩივრებას ექვემდებარება. იმ განჩინებების გასაჩივრების წესი, რომლებზედაც კერძო საჩივრის შეტანა არ დაიშვება, მოწესრიგებულია სსკ-ის 377-ე მუხლით, შესაბამისად, შეუძლებელია კერძო საჩივრის განხილვის და გასაჩივრების წესის გამოყენება წინმსწრები განჩინებების მიმართ, რომლის რეგულაცია საპროცესო კანონმდებლობაში სპეციალური ნორმით არის გათვალისწინებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიეცა სააპელაციო პალატის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მოცული ყველა საკითხის საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებობა, შესაბამისად გასაჩივრების წესი მოსარჩელის ინტერესების სასარგებლოდ არის განმარტებული, არ იკვეთება კერძო საჩივრის ავტორის პატივსადები ინტერესი სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გასაჩივრების წესის მიმართ. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გასაჩივრების დადგენილი წესი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამ საკითხის მიმართ არსებულ სასამართლო პრაქტიკას (იხ. მაგ.სუს 17.12.15წ. #ბს-776-768 (2კ-4კს-15) განჩინება). სააპელაციო პალატის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში გასაჩივრების წესის უსწორობა არ იკვეთება, შესაბამისად საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება სასკ-ის მე-12, სსკ-ის 260-ე მუხლებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, სააპელაციო პალატის 09.07.15წ. განჩნების გაუქმების საფუძველი.

დაუსაბუთებელია აგრეთვე უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნა.

სსკ-ის 260-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ სსკ-ის 260.2 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების წესი ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე, არამედ აგრეთვე იმ განჩინებებზეც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ. „გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის შესახებ განჩინება“ მოიცავს უსწორობის გასწორებისა და უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებებს იმის მიხედვით დაკმაყოფილდა თუ არა მხარის შუამდგომლობა, რამდენადაც მხოლოდ იმ მხარისთვის გასაჩივრების უფლების მიცემა, რომლის ინტერესის საწინააღმდეგოდაც გასწორდა უსწორობა გადაწყვეტილებაში დაუშვებელია და მხარეს, რომელსაც უარი ეთქვა უსწორობის გასწორებაზე უნდა მიეცეს შესაძლებლობა მოისმინოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მართებულობასთან დაკავშირებით (სუს 17.12.15წ. #ბს-776-768 (2კ-4კს-15)განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს საპროცესო კოდექსის 260-ე, 377-ე, 410-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. მ-ის კერძო საჩივრები უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.15წ. და 01.10.15წ. განჩინებებზე არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.07.15წ. განჩინება, რომლითაც რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.06.15წ. გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.10.15წ. განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რ. მ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის განცხადება 09.07.15წ. განჩინებაში უსწორობის გასწორების თაობაზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი