Facebook Twitter

№ბ-1103-5(ა-16) 7 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ო. და ჯ. ჯ-ების განცხადების დასაშვებობის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-229-223(კ-08) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივრით განსახილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 22 მაისის განჩინებით ჯ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით მარტვილის რაიონის სოფ. ... ... სახელობის ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას წარმომადგენლის ე. ქ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება სოფ. ... ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი; მარტვილის რაიონის სოფ. ... ... სახელობის ეკლესიის მოძღვარ ს. დ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ჯ. ჯ-ას სახელზე მარტვილის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის 2006 წლის 4 იანვრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურს მარტვილის რაიონის სოფ. ... მდებარე 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით მარტვილის რაიონის სოფ. ... ... სახელობის ეკლესიის სახელზე აღრიცხვა დაევალა.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მარტვილის რაიონის სოფ. ... ... სახელობის ეკლესიის საკუთრებად საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ეკლესიის გარშემო მდებარე 6,419 ჰა მიწის ფართობი, აქედან: სახნავი _ 1,7 ჰა, ნაგებობის ქვეშ განთავსებული _ 0,15 ჰა, გზები _ 0,07 ჰა, პარკ-ხეივანი _ 1,299 ჰა, ეზო _ 2,70 ჰა, სხვა დანარჩენი _ 0,50 ჰა; სათანადო თანხმობის საფუძველზე მოპასუხეების: ი. ს-ას საკუთრებაში არსებული 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი, ო. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,169 ჰა მიწის ნაკვეთი, გ. ც-ას საკუთრებაში არსებული 0,85 ჰა მიწის ნაკვეთი, გ. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,131Hჰა მიწის ნაკვეთი, ა. ბ-ას საკუთრებაში არსებული 0,23 ჰა მიწის ნაკვეთი და ნ. ს-ას საკუთრებაში არსებული 0,168 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადაეცა სოფ. ... ... სახელობის ეკლესიას და საჯარო რეესტრში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია. ამასთან, საჯარო რეესტრის მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურში გაუქმდა მოპასუხეებზე აღნიშნული ნაკვეთების საკუთრების უფლების რეგისტრაცია; მოსარჩელეს უარი ეთქვა სოფ. ..., ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემაზე და საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციაზე უსაფუძვლობის გამო.

2016 წლის 29 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს ო. და ჯ. ჯ-ებმა, რომლებმაც ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების დადიანების სასახლის კუთვნილი მარნის ნაწილში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების ჯ. ჯ-ას საკუთრებაში არსებული 0,201 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვეს იმ მოტივით, რომ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მტკიცებულებები, რომელთაც მოსარჩელე ამყარებდა მოთხოვნებს და რომელთაც ემყარება სასამართლოს გადაწყვეტილებები და განჩინება, ყალბია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ო. და ჯ. ჯ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯადობის საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ო. და ჯ. ჯ-ების მიერ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილებები საქმის არსებითი განხილვის შედეგად გამოტანილია მარტვილის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია იმსჯელოს ო. და ჯ. ჯ-ების განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

მოცემულ შემთხვევაში, ო. და ჯ. ჯ-ები ითხოვენ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო მარტვილის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ო. და ჯ. ჯ-ების განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, რის გამოც ო. და ჯ. ჯ-ები არასწორად მომართავენ განცხადებით საკასაციო სასამართლოს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ო. და ჯ. ჯ-ების განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 424-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. და ჯ. ჯ-ების განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი