საქმე №ბ-799-1(ბ-16) 22 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის შესახებ განცხადების ავტორი _ თ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის #ბს-427-420(კ-15) განჩინება
დავის საგანი _ განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 17 მარტს თ. შ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და ქ. თბილისის მერიის 2014 წლის 18 თებერვლის №336 განკარგულებისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 18 დეკემბრის №1038364 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება მ. კ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. შ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინებით თ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით თ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 მაისის განჩინება.
2016 წლის 27 ივნისს თ. შ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქმის წარმოების განახლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის №ბს-427-420(კ-15) განჩინების ბათილად ცნობის ნაწილში თ. შ-ის განცხადება მიჩნეულ იქნა დასაშვებად; ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ნაწილში თ. შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის №ბს-427-420(კ-15) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე თ. შ-ის განცხადების განხილვის შემდგომ განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
განმცხადებლის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის №ბს-427-420(კ-15) განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული განჩინების მიღებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომელთაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ განჩინების მიღებაში. კერძოდ, სასამართლომ აღნიშნული განჩინება მიიღო შემდეგი შემადგენლობით: ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი; ხოლო მოსამართლეებს ლევან მურუსიძეს და ვასილ როინიშვილს ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რის გამოც მათ უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ და გადაწყვეტილება გამოეტანათ ადმინისტრაციულ საქმეზე. ამდემად, განმცხადებლის მოსაზრებით, საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რაც განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, თ. შ-ის განცხადებას, შეამოწმა განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მოსაზრებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის №ბს-427-420(კ-15) განჩინების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული განჩინების მიღებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები, რომელთაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ამ განჩინების მიღებაში. კერძოდ, მოსამართლეებს - ლევან მურუსიძეს და ვასილ როინიშვილს ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და ისინი არ არიან უფლებამოსილნი მონაწილეობა მიიღონ და გადაწყვეტილება გამოიტანონ ადმინისტრაციულ საქმეზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს იმ მოსამართლეს: რომელიც მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში (იგულისხმება სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოები); რომელსაც განუცხადეს აცილება და ეს აცილება მიიღო სასამართლომ; რომელიც დროებით გადაყენებულია (ჩამოცილებულია) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან; რომელიც არ არის ამ კოლეგიური სასამართლოს შემადგენლობაში და ის არ შეუყვანით ამ შემადგენლობაში კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს იმ შემთხვევებს, როდესაც მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, კერძოდ: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში; ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის განმხვილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მოსამართლის აცილების კანონით განსაზღვრული საფუძვლები, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდეს.
ამასთან, მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და ვასილ როინიშვილის სპეციალიზაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დათქმა იმის შესახებ, რომ უფლებამოსილების განხორციელება შეიძლება დაევალოს მხოლოდ შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლეს, კანონით დადგენილი არ არის. უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანდიდატურა, რომლის პროფესიული გამოცდილება უნდა შეეფერებოდეს უზენაესი სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე კანდიდატი შეიძლება დაინიშნოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, განმცხადებლის მხრიდან მოსამართლეების შესაბამის სპეციალიზაციაზე მითითება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე 2006 წლის აპრილიდან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს ლევან მურუსიძეს 2007 წლიდან ჯერ დროებით დაეკისრა მოვალეობის შესრულება ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში ამ პალატის ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2008 წლის დადგენილებით დამტკიცდა ცვლილებები უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის შემადგენლობაში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძე შეყვანილ იქნა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის შემადგენლობაში. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან ახორციელებს მოსამართლის უფლებამოსილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლეს ვასილ როინიშვილს 2010 წლიდან დროებით დაეკისრა მოვალეობის შესრულება ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა პალატებში ამ პალატების ქვემდებარე საქმეთა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მოსამართლე ვასილ როინიშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის ივნისიდან არჩეულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2015 წლის დადგენილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი შეყვანილ იქნა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის შემადგენლობაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის №ბს-427-420(კ-15) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. შ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ნოემბრის №ბს-427-420(კ-15) განჩინების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე