საქმეN ბს-180-179 (გ-16) 15 სექტემბერი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი.მ ვ. დ-ის მიმართ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერი სარგებლობისათვის 8235 ლარის ოდენობით დარიცხული დავალიანების დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.1 და 49-ე მუხლების დანაწესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.02.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, სასარჩელო მოთხოვნის საფუძველს შეადგენს სამოქალაქო კანონმდებლობა, დავა დავალიანების დაკისრებას ეხება.
სასამართლომ სასკ-ის 1.2, 26.1 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან და მოცემული ურთიერთობა არის კერძო-სამართლებრივი ხასიათის, რის გამოც დავა განხილული უნდა იქნას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 25.02.2016წ. განჩინებით არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეცა საკასაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.2, ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.2 და სსკ-ის 11.1 მუხლების დანაწესზე, ასევე ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 1.6 მუხლზე, ''საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ'' კანონის მე-2 მუხლზე, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 2.1 მუხლზე და აღნიშნა, რომ სამართალსუბიექტურობის მიხედვით სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ახორციელებს საჯარო საქმიანობას, დავის საგანია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 8235 ლარის ოდენობით დარიცხული დავალიანების დაკისრება. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, ვინაიდან მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის 36-ე მუხლის 1 3 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო. სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე მხარეებს შორის არ იყო დამყარებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, ანუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთით მოპასუხე სარგებლობდა სამართლებრივი საფუძველის არსებობის გარეშე. აღნიშნულით სახელმწიფოს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად დავის საგანია ზიანის ანაზღაურება, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით დავის განხილვის საფუძველია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა შეუძლებელია, სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობა. აღნიშნულის გამო საქმე გადაეცა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქმის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოს დადგენის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ დავაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარედ გამოდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტო, ხოლო დავის საგანი არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) არის ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, სადავო სამართალურთიერთობაში მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა არის დავის საჯარო - სამართლებრივი ხასიათის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ამასთანავე, საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაშიც.
სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს.სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, დავა განსახილველად ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვალდებულებითი ურთიერთობების ცალკე კანონით გათვალისწინება თავისთავად არ არის საკმარისი ამავე ურთიერთობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილების გადასაწყვეტად. თავის მხრივ, მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის ფორმალურად სკ-ის 317 მუხლის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა, საჯარო - სამართლებრივი მოთხოვნის, სხვა ნორმებთან ერთად, სკ-ის ნორმაზე დაფუძნება ასევე არ ადასტურებს სადავო სამართალურთიერთობის სამოქალაქო-სამართლებრივ ხასიათს. ასე მაგ., საგადასახადო სამართალურთიერთობები ფორმალურად ვალდებულებითი ურთიერთობებია, რაც არ ადასტურებს ამ დავების სამოქალაქო-სამართლებრივი კატეგორიისადმი კუთვნილებას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშობა არა სახელშეკრულებო ან კერძოსამართლებრივი კანონის, არამედ სპეციალური კანონის - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის საფუძველზე, რომელიც ადმინისტრაციულ კანონმდებლობას განეკუთვნება და აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (1-ლი მუხ.). სახელმწიფო ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მართველობითი საქმიანობის კანონიერების კონტროლი ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოთხოვნას ამყარებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის 36-ე მუხლის 13 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ნორმა ადმინისტრაციული კანონმდებლობის სფეროშია მოქცეული, შესაბამისად მისგან წარმოშობილი სადავო ურთიერთობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია და ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ყველა წინაპირობა, კერძოდ, მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი ეხება _ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას, დარიცხვა ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და მისი სუბიექტური შემადგენლობა ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი კუთვნილებას. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა ადგენს, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ი.მ. ვ. დ-ის მიმართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი