Facebook Twitter

¹906აპ.-09 27 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენით ბ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რისთვისაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 2 წელი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით დანიშნულ სასჯელს დაემატა 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული და 2009 წლის 5 იანვრის დადგენილებით ამნისტიის საფუძველზე განახევრებული სასჯელი – 1 წელი და განაჩენთა ერთობლიობით ბ. მ-ძეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. მ-ძეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

იგი სასჯელს იხდის 2008 წლის 6 დეკემბრიდან.

განაჩენით ბ. მ-ძეს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ასევე, პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბ. მ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2008 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 22 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 273-ე მუხლით (2008 წლის 13 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოედქსის 59-ე მუხლის გამოყენებით, შეკრების წესით, ბ. მ-ძეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა _ 2000 (ორი ათასი) ლარი.

მიუხედავად ამისა, ბ. მ-ძე არ დაადგა გამოსწორების გზას და გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ე.წ. „ფოლგის“ ქაღალდში გახვეული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელიც უკანონოდ შეინახა თავისივე ლურჯი ჯინსის შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში.

2008 წლის 6 დეკემბერს თბილისში, გ. ბ-ეს ქუჩაზე, თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართვეოლს IV განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში ეჭვმიტანილი ბ. მ-ძე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას ლურჯი ჯინსის შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა ე.წ. „ფოლგის“ ქაღალდში გახვეული თეთრი აბის ნატეხი წარწერით „ბ“, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის ¹1474/სქ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება – „ბუპრენორფინის“ შემცველი აბის ნატეხს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველობაა – 0. 0037 გრამი.

2008 წლის 6 დეკემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს IV განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს ბ. მ-ძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც საძინებელში, დივნის სათავსიდან ამოიღეს დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ბ. მ-ძის მიერ უკანონოდ შეძენილი, გაზეთის ნაგლეჯში გახვეული, მწვანე ბალახეული ნივთიერება, რომელიც ქიმიური ექსპერტიზის ¹1473/სქ დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ „მარიხუანას“.

2008 წლის 6 დეკემბერს ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ¹5036181 დასკვნით, ბ. მ-ძეს ლაბორატორიული გამოკვლევით დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება _ ოპიუმის ჯგუფისა და „ტეტრაჰიდროკანბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ. მ-ძემ. საჩივარში აპელანტი აღნიშნავდა, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას სადავოდ არ ხდის, რომელიც აღიარა კიდეც გამოძიებისა და სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებას, არ აღიარებს, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს შარვლის უკანა ჯიბეში, რითაც დაირღვა მისი უფლებები და რასაც სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია.

ამდენად, აპელანტმა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ განაჩენის უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 3 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. მ-ძემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

კასატორმა საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, ხოლო 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უსაფუძვლობის გამო.

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. განაჩენით მსჯავრდებულისათვის შერაცხული ბრალდება არავითარ ეჭვს არ იწვევს. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულ ბ. მ-ძის პასუხისმგებლობის როგორც შემამსუბუქებელი, ისე _ დამამძიმებელი გარემოებები.

საქმეზე მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მოწმეების: ხ. ნ-ძის, გ. ა-შვილის, დ. დ-ძის, ა. ა-შვილის ჩვენებებით, დაკავების, პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის ¹1473/სქ და ¹1474/სქ დასკვნებით, ნარკოლოგიური შემოწმების ¹5036181 დასკვნით, ნივთმტკიცებად ცნობის შესახებ დადგენილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით, იმავე სასამართლოს 2009 წლის 5 იანვრის დადგენილებითა და საქმის სხვა მასალებით ბ. მ-ძის მიერ მასზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის II, III პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. მ-ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ბ. მ-ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის II, III პუნქტებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის II, III პუნქტების საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. მ-ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა _ გაუნახევრდეს და მოსახდელად განესაზღვროს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ბ. მ-ძეს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.