Facebook Twitter

საქმე ბს-382-377 (გ-16) 27 სექტემბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ვ. ქ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. ქ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის N04/12491 გადაწყვეტილების, სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 7 აგვისტოს N04/13/04/1149 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დავალდებულება ვ. ქ-ის მისი შვილის - ლ. ქ-ის მნახველად რეგისტრაციის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადასცა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, საკითხი განხილული იყო სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი თავით. გადაწყვეტილების მოტივების და მიზნები ეხება კერძო პირების პირადი ურთიერთობების საკითხებს. სადავო აქტების შინაარსი ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის აპრიორს - მის საჯარო, საზოგადოებრივ ხასიათს, მაშინ, როცა თვით დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შემთხვევაშიც კი, ადმინისტრაციული ორგანო აბსოლუტურად ზუსტია კანონთან მიმართებაში და რამდენიმე გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის მიღების მიზანშეწონილობის საკითხი ვერ სცდება კანონით ზუსტად განსაზღვრულ მიზანთა ფარგლებს.

სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2016 წლის 16 თებერვლის N04/12491 გადაწყვეტილება და სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის რაიონული განყოფილების 2015 წლის 7 აგვისტოს N04/13/04/1149 საოქმო გადაწყვეტილება არ არის ადმინისტრაციული აქტი. შვილის მნახველ პირად დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ურთიერთობები წარმოადგენს საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებს, რაც სამოქალაქო სამართალწარმოების რეგულირების საგანია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია აღნიშნულ განჩინებას არ დაეთანხმა და წამოიწყო დავა საგნობრივი განსჯადობის შესახებ.

სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ დავაზე სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვ. ქ-ის სასარგებლოდ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ვ. ქ-ეს წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე არ მიეცემა შვილის ნახვის შესაძლებლობა. სამოქალაქო კანონმდებლობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მშობლის უფლების რეალიზაციის სამართლებრივ მექანიზმად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან შვილის მნახველ პირად დარეგისტრირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის საგნობრივი განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსნებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

მოცემული დავის საგნობრივი განსჯადობის განსაზღვრისათვის არ კმარა მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე არის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.

განსახილველ შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის, აგრეთვე „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №51/ნ ბრძანებით. ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს აღნიშნული ნორმატიული აქტებით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებას, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვ. ქ-ის სასარგებლოდ ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ვ. ქ-ეს წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე არ მიეცემა შვილის ნახვის შესაძლებლობა. სამოქალაქო კანონმდებლობა შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მშობლის უფლების რეალიზაციის სამართლებრივ მექანიზმად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ადმინისტრაციული ორგანოსაგან შვილის მნახველ პირად დარეგისტრირებას.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მნახველ პირად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული აქტის მართლზომიერება, ამდენად, მოცემული საქმე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ქ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-2 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. ქ-ის სარჩელი განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე