988აპ-09 ქ. თბილისი
22 დეკემბერი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ო. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ო. ყ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
რუსთავში მცხოვრებმა ო. ყ-შვილმა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელი პირისაგან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება _ 17,08 გრამი გამომშრალი «მარიხუანა», რომელიც გაახვია ქაღალდში და შეინახა შარვლის ჯიბეში, რაც 2009 წლის 23 ივნისს, პირადი ჩხრეკისას ამოიღეს პოლიციელებმა.
აღნიშნული ქმედებისათვის ო. ყ-შვილს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2009 წლის 23 ივნისიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» საქართველოს კანონში მითითებული უფლებები.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ე. მ-შვილმა და ითხოვა ო. ყ-შვილის გამართლება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა; ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: ო. ყ-შვილს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული ო. ყ-შვილი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და უსამართლოა; მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია; არის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს» წევრი; არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებია, ისე დააკავეს და წაიყვანეს სამმართველოში; იქ შედგა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, სადაც ჩაწერეს, რომ ვითომ აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა»; ნარკოტიკებთან შეხება არ ჰქონია, რაც დადასტურდა ექსპერტიზის დასკვნითაც.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მისი უდანაშაულობის შესახებ, რადგან საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული ო. ყ-შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები არსებითად არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, ხოლო სასჯელის ნაწილში _ სამართლიანი და იგი უნდა შეიცვალოს მხოლოდ «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, მსჯავრდებულს უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ ო. ყ-შვილი სასჯელს იხდის 2009 წლის 23 ივნისიდან, მას ამ განჩინებით განსაზღვრული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ო. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს: «ამნისტიის შესახებ» საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ო. ყ-შვილს გაუნახევრდეს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ო. ყ-შვილს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.