#ბს-526-521(გ-16) 22 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე _ ნ. ა-ე
მოპასუხე _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 24 ნოემბერს ნ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2009 წლიდან მუშაობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შემდეგ, როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს რეგიონებში, თვითმმართველობის ორგანოებიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლებები დაიწყო. მოსარჩელის მითითებით, გათავისუფლებები ხორციელდებოდა, როგორც ზემდგომი თანამდებობის პირების ბრძანებით, ისე მოხელეების პირადი განცხადებების საფუძველზე, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებდა, რომ მოხელეების მსგავს გათავისუფლებებში ადგილი ჰქონდა მიკერძოებულ, დისკრიმინაციულ მიდგომებს პოლიტიკური პარტიისადმი „კუთვნილების“ გამო და პირთა იძულებას „საკუთარი ნებით“ დაეტოვებინათ სამსახურები.
თვითმმართველობებში მოხელეების გათავისუფლებებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული მოვლენების ფონზე მოსარჩელეს გაუჩნდა ეჭვი, რომ სამსახურის დატოვებას ან სამსახურებრივ ჩამოქვეითებას მასაც მოსთხოვდნენ, რაც მოხდა კიდეც. მას „თავისი ნებით“ განცხადების დაწერა შესთავაზეს, რის შემდეგაც მოვალეობის შემსრულებლად უფრო დაბალი თანრიგის პოზიციაზე აიყვანდნენ, რაზედაც მოსარჩელემ კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც ქ. თბილისის მერის დავით ნარმანიას 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა შტატების შემცირება. თუმცა აღნიშნულს რეალურად ადგილი არ ჰქონია.
მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული შევიწროვება და მოპყროპა პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ნ. ა-ის გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანების ბათილად ცნობა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნ. ა-ის სამუშაოზე აღდგენისა და თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენის დღემდე მისთვის განაცდურის ანაზღაურების დავალება და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსარჩელე ნ. ა-ის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობისა და შევიწროვების დადასტურების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 5000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 იანვრის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები. ნ. ა-ის სარჩელი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე განსახილველად გადაეგზავნა განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად: 1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება; 2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი აღმოფხვრისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმეების განსჯადობას სამოქალაქო სასამართლოებს მიაკუთვნებს, შესაბამის საქმეთა განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო ნორმებით სპეციალური წარმოებაა განსაზღვრული, რაც გამორიცხავს ამ საქმეთა ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ განხილვას.
ამასთან, ადმინისტრაციული კოლეგიის განმარტებით, ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი საკითხების - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების დადგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის განუყოფელ ნაწილად. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლით გამოიცემა და მხოლოდ ამ საფუძლის დაუდასტურებლობა ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობის არასწორად გამოყენება შეიძლება გახდეს აქტის უკანონოდ ცნობის საფუძველი. ამდენად, არსებული საკანონმდებლო რეგულაციების მხედველობაში მიღებით, ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე იმსჯელოს, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა კი საამისოდ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოცემული აქტის ხასიათისა და სხვა გარემოებების ერთობლივად შეფასების გზით უნდა განხორციელდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.
მოცემულ შემთხვევაში, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნების განსჯადობიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ არსებობს მათი ცალკე წარმოებად გამოყოფის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმე უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს აღნიშნული საქმე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაუფლებამოსილ სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის უფლებამოსილ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. ა-ის სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხოხრციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არასებობის დადგენა. ამავე კოდექსის 2.3 მუხლის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისიწნებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 მუხლებში დაკონკრეტებული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან არის წარმოშობილი. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1, 2.2 და 2.3 მუხლებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, კი ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული. აღნიშნულის საფუძველზე, სასამართლოს შეხედებულებით, კონკრეტული დავაც ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას განეკუთვნება.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითებით, უდავოა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არის ადმინისტრაციული წესით განსახილველი, ვინაიდან, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქმის მასალებიდან სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლებას დისკრიმინაციული მოტივით, კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გათავისუფლების ბრძანების გამოცემა მოხდა გარკვეული ნიშნით, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციულად; შესაბამისად, სარჩელის არსი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობა და იმის დადგენა, მართლაც ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურიდან გათავისუფლებას გარკვეული ნიშნით. დისკრიმინაციული მოტივით მოხდა თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლო ვერ შეაფასებს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების შეფასების გარეშე. დისკრიმინაციის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული სამსახურიდან გათავისუფლებასთან და მათი განცალკევება შეუძლებელია. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნის დამოუკიდებლად განხილვა გამოიწვევს იმას, რომ სამოქალაქო კოლეგიას მოუწევს იმსჯელოს სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე, რადგან სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სავარაუდო დისკრიმინაციულ ქმედებას, მან უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება და დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში, დაავალოს დისკრიმინაციული ქმედების შედეგების აღმოფხვრა, რაც ასეთ შემთხვევაში მოიცავს სამსახურში აღდგენას. სამოქალაქო სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ინდივიდუალური აქტის გამოცემის ან ქმედებს განხორციელების დავალების უფლებამოსილება არ გააჩნია.
სასამართლო კოლეგიის მითითებით, საქმის განსჯადობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია სარჩელის ელემენტებისა და სამართალურთიერთობის ცალკეული კომპონენტების განსაზღვრა. დაუშვებელია საჯარო სამართალებრივი დავის კერძო სამართლებრივ დავად მიჩნევა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თავის საჯარო სამართლებრივ მოთხოვნას კერძო სამართლებრივი ნორმების მეშვეობით ასაბუთებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტუტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ სწორედ გარკვეული მოტივი იყო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ან თუ გამოიკვეთება ე.წ. „კომპარატორი“ (როგორც დისკრიმინაციული ქმედების გამოვლენისათვის აუცილებელი ერთ-ერთი სტანდარტი), რომელსაც იმავე მოცემულობაში განსხვავებულად მოექცნენ, სახეზე იქნება დისკრიმინაცია სამსახურიდან გათავისუფლების დროს და არაკანონიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შეუძლებელია, განცალკევებით შეფასდეს აქტის კანონიერება და დისკრიმინაცია, მაშინ როცა სწორედ სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივი არის აქტის არაკანონიერების მთავარი განმსაზღვრელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დისკრიმინაცია აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, რომელსაც საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივები, უნდა ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგოდ და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია, რის გამოც დავის საგნის ამგვარი დაყოფა გამოიწვევს მოსარჩელის უფლების ხელყოფას, მისი სარჩელი განიხილოს უფლებამოსილმა სასამართლომ, აღნიშნული იქნება იმ გონივრული ვადის სტანდარტის უგულებელყოფა, რაც რეგლამენტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავის საგანს წარმოადგენს ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც, თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-8 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
სასამართლოს აზრით, ნებისმიერი სახის სასარჩელო განცხადებით მიმდინარე სამართალწარმოებაში დისკრიმინაციული ნიშნით მიღებული გადაწყვეტილების შედავება, თავისთავად ვერ აქცევს ამ სარჩელს სამოქალაქოდ, სარჩელი განხილულ უნდა იქნეს იმ ზოგადი წესით, რითაც ძირითადი საკითხი განიხილება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან. ადმინისტრაციული სამართალწარმოება, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ინკვიზიციურია. ამ სამართალწარმოებაში, სამართალურთიერთობის „ძლიერი მხარე“ - ადმინისტრაციული ორგანო ხშირ შემთხვევაში ვალდებულია სრულად ზიდოს მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს, როგორც სამართალურთიერთობის „სუსტ“ მხარეს, უფრო კომფორტულ და მომგებიან ვითარებაში ამყოფებს. შესაბამისად, სასამართლომ მიუთითა, რომ ისეთი სამართალურთიერთობის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაწყვეტა, რომელიც კანონის შესაბამისად შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობად მოვიაზროთ, ნამდვილად არ იქნებოდა შესაბამისობაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამდგენ საერთაშორისო რეგულაციებთან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ცალკე დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ დავის გადაწყვეტის მექანიზმს, კოდექსი ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ფორმალური და მატერიალური კანონიერება. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება დაკავშირებულია ადმინისტრაციული აქტის გამოცემის პროცესთან და მოითხოვს, რომ აქტი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დაცვით და შესაბამისი ფორმით იქნეს გამოცემული. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგების შესაბამისობას მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებთან. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისი განთავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად, დისკრიმინაციული ქმედება გამოვლინდა სამსახურიდან გათავისუფლებაში.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები. სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი კრიტერიუმია მოსარჩელის მიერ უფლების დასაცავად სწორი პროცესუალური საშუალების არჩევა. დასაშვებობის აღნიშნული წინაპირობები ემსახურება ისეთი ვითარების თავიდან აცილებას, როდესაც პირველად, ფაქტობრივად დადგინდება უფლების არსებობა და შემდგომში დადგება აქტის გაუქმების ან გამოცემის საკითხი. ამასთანავე, დისკრიმინაციის ფაქტს, როგორც წესი, თან ახლავს პირის კონკრეტული უფლების შეზღუდვა. ამიტომ, უმეტესად პირის სასარჩელო მოთხოვნა კუმულაციურია და უკავშირდება არა მხოლოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, არამედ იმ ძირითადი უფლების აღდგენას, რომელიც დისკრიმინაციის შედეგად დაირღვა.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ასაჩივრებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანებას და ითხოვს მის ბათილად ცნობას. მოსარჩელის განმარტებით, მის მიმართ განხორციელდა დისკრიმინაციული მოპყრობა და იგი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა სამსახურიდან. შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს დიკსკრიმინაციის ფაქტის დადგენას, ამასთან, მისი საბოლოო მიზანია სამუშაოზე აღდგენა და უთითებს, რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად განთავისუფლდა სამსახურიდან. ამდენად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ უკანონოა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გასაჩივრებული აქტი, რადგან არ არსებობდა მისი გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის და აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში უნდა მოხდეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე მსჯელობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. კერძოდ, დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოება რეგლამენტირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს არა დამოუკიდებლად დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას და აქედან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას ან დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტას, არამედ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას, რის საფუძვლადაც უთითებს დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებას ან უარყოფას. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამ ფაქტის დადგენას მოყვება აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, ზიანის ანაზღაურება. აქტის კანონიერების და დისკრიმინაციის ცალ-ცალკე შეფასება შეუძლებელია, დისკრიმინაციის ფაქტის დამოუკიდებლად განხილვა სამოქალქო სამართალწარმოების წესით გამოიწვევს სამსახურიდან გათავისუფლების, სადავო აქტის კანონიერებაზე, კანონიერების დარღვევის შემთხვევაში სამსახურში აღდგენის საკითხებზე მსჯელობას, რაც სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული დამოკიდებულება შესაძლოა გამოვლინდეს აქტის გამოცემით ან გამოცემაზე უარის თქმით, შესაბამისად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა ურთიერთდაკავშირებული და ურთიერთგამომდინარე მოთხოვნებია, მათი გამიჯვნა გამოიწვევს საქმეთა განხილვის გაჭიანურებას. ამდენად, დაუსაბუთებელია ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრება, რომ მიმდინარე დავაში სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ უნდა გამოიყოს ცალკე წარმოებად და განსახილველად დაექვემდებაროს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დავის განხილვისას შესაძლოა გამოიყენოს სსკ-ის VII3 კარის დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ამ სახეობის დავების სპეციფიკას, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის აბსოლუტურ კომპეტენციას, მათ შორის საქმის განხილვის პროცესში შეუძლია გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი.
საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებლად სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანების ბათილად ცნობა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ნ. ა-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დავალება - ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძვლზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა (ნ. ა-ის გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 24 ოქტომბრის №1318 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ხოლო ამ მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას, სასამართლოს მხრიდან უნდა მოხდეს ამ სასარჩელო მოთხოვნების ერთობლივი განხილვა.
შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე - ნ. ა-ის სარჩელისა გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი