Facebook Twitter
საქმეN ბს-5-5 (გ-16) 15 სექტემბერი, 2016წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე–3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ი.მ. მ. ც-ის მიმართ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის არამართლზომიერი სარგებლობისათვის 6282.5 ლარის ოდენობით დარიცხული დავალიანების დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36.1 და 49-ე მუხლების დანაწესებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.12.2015წ. განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ სასკ-ის 1.2, 26.1 მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ განსახილველი დავა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობიდან, სადავო ურთიერთობა არის კერძო-სამართლებრივი ხასიათის, რის გამოც დავა უნდა იქნეს განხილული სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია 29.12.2015წ. განჩინებით არ დაეთანხმა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეცა საკასაციო სასამართლოს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42.2 მუხლის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 3.2 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 11-ე მუხლის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 36.1 მუხლის დანაწესებზე და აღნიშნა, რომ მოთხოვნას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული კანონმდებლობა, კერძოდ, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით. ამასთანავე, მხარეთა შორის არ არის დამყარებული სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოპასუხის მიერ სახელმწიფოს ქონებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობა ქმნის სახელმწიფოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, რაც გათვალისწინებულია სასკ-ის მე-2 მუხლით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს არა კერძო-სამართლებრივი, არამედ ადმინისტრაციული, საჯარო კანონმდებლობიდან და მისი განხილვა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების განჩინებებს და თვლის, რომ საქმე განსჯადობის მიხედვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ დავაში სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთ მხარედ გამოდის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტო, ხოლო დავის საგანი არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით შექმნილი, სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას. სზაკ-ის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებისა) არის ადმინისტრაციული ორგანო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, სადავო სამართალურთიერთობაში მხარედ ადმინისტრაციული ორგანოს გამოსვლა არის დავის საჯარო - სამართლებრივი ხასიათის ერთ-ერთი მაჩვენებელი. ამასთანავე, საქმის განსჯადობის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს არა სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტური შემადგენლობა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნება. დავის საჯარო-სამართლებრივი ხასიათის დასადგენად საკმარისი არ არის სადავო სამართალურთიერთობაში საჯარო სამართლის სუბიექტის მონაწილეობა, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო შესაძლოა მხარედ გამოვიდეს კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაშიც.
სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული. სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანოს მოთხოვნა ემყარება საჯარო კანონმდებლობას, დავა განსახილველად ექვემდებარება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მოთხოვნას ამყარებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის 36-ე მუხლის 1 3 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების ყველა წინაპირობა, კერძოდ, მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო _ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო დავის საგანი ეხება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურებას, დარიცხვა ეფუძნება ადმინისტრაციულ კანონმდებლობას. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათი და მისი სუბიექტური შემადგენლობა ადასტურებს დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი კუთვნილებას. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ი.მ. მ. ც-ის მიმართ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის დარიცხული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე


მოსამართლეები: მ. ვაჩაძე


პ. სილაგაძე