Facebook Twitter

ბს-610-604 (გ-16) 22 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი).

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ჭ-ას სასარჩელო განცხადების განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიასა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ჭ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ მოპასუხის 08.04.2016წ. #119 ბრძანების ბათილად ცნობის, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტის დავალების და მატერიალური ზიანის - 500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო სახალხო დამცველის მიკერძოებული და დისკრიმინაციული ქმედებები, რის შემდეგაც მასზე არ გაიცა პრემია, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით. მოსარჩელე თვლის, რომ მის მიმართ მიმდინარე დისციპლინური წარმოებისადმი სახალხო დამცველი იყო მიკერძოებული და მას გააჩნდა პირადი დაინტერესება. მოსარჩელე არის საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის წევრი და პირველადი პროფკავშირის ორგანიზაციის თავმჯდომარე. სახალხო დამცველმა არ გამოიყენა საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის მიმართვა მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სასჯელის შეფარდების მიზანშეუწონლობის შესახებ, რითაც სახალხო დამცველმა დაარღვია „პროფესიული კავშირების შესახებ“ კანონის 23.3 მუხლის მოთხოვნა. დისკრიმინაციული მოპყრობის დამადასტურებელია ასევე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობიდან მოსარჩელის ამორიცხვა. მოსარჩელე თვლის, რომ მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა განხორციელდა განსხვავებული აზრის გამოთქმისა და პროფკავშირებისადმი კუთვნილების ნიშნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2016წ. განჩინებით სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში გამოიყო ცალკე წარმოებად და წარმოებაში იქნა მიღებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2016წ. განჩინებით სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული ქმედებების შეწყვეტის დავალების ნაწილში განსჯადოით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. ამდენად, კანონმდებლობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი აღმოფხვრის და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმეების განსჯადობას სამოქალაქო სასამართლოებს მიაკუთვნებს. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ საკითხთა განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში განსაზღვრულია სპეციალური წარმოება, რაც გამორიცხავს ამ კატეგორიის დავების ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ განხილვას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი საკითხების - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების დადგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის განუყოფელ ნაწილად. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლით გამოიცემა დ მხოლოდ ამ საფუძვლის დაუდასტურებლობა ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობის არასწორად გამოყენება შეიძლება გახდეს აქტის უკანონოდ ცნობის საფუძველი. ამდენად, არსებული საკანონმდებლო რეგულაციების მხედველობაში მიღებით, ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსი. იმსჯელოს მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველზე, ხოლო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა საამისოდ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ, გამოცემული აქტის ხასიათისა და სხვა გარემოებების ერთობლივად შეფასების გზით უნდა განხორციელდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.06.2016წ. განჩინებით საქმე განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-6, მე-8, მე-10 მუხლებზე, "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ" საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტზე, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, ”საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 და მე-16 მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის ბრძანების გამოცემას დისკრიმინაციული მოტივით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის-გაფრთხილების გამოცხადება მოხდა ისეთი ნიშნით, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციულად. სარჩელის არსი ეხება ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერებას და დისკრიმინაციას. დისკრიმინაციული მოტივით ბრძანების გამოცემას სასამართლო ვერ შეაფასებს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლების გამოკვლევის გარეშე. დისკრიმინაციის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბრძანების გამოცემასთან და მათი განცალკევება შეუძლებელია. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მოთხოვნის დამოუკიდებლად განხილვა გამოიწვევს სამოქალაქო კოლეგიის მიერ ბრძანების კანონიერებაზე მსჯელობას. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების დავალების უფლებამოსილების მინიჭება სამოქალაქო საქმეების განმხილველი სასამართლოსათვის ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლის არსს. საქმის განსჯადობის დადგენისათვის მნიშვნელოვანია სარჩელის ელემენტებისა და სამართალურთიერთობის ცალკეული კომპონენტების განსაზღვრა. დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი დავის კერძო-სამართლებრივ დავად მიჩნევა მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელე თავის საჯარო-სამართლებრივ მოთხოვნას ასაბუთებს კერძო-სამართლებრივი ნორმების მეშვეობით. ნებისმიერი სახის სასარჩელო განცხადებით მიმდინარე სამართალწარმოებაში დისკრიმინაციული ნიშნით მიღებული გადაწყვეტილების შედავება თავისთავად ვერ აქცევს ამ სარჩელს სამოქალაქოდ, სარჩელი განხილულ უნდა იქნეს იმ ზოგადი წესით, რითაც ძირითადი საკითხი განიხილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაცული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება საქმეები იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. შესაბამისად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა დისციპლინური სახდელის გამოყენების კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია, რის გამოც დავის საგნის ამგვარი დაყოფა გამოიწვევს სარჩელის უფლებამოსილი სასამართლოს განხილვაზე მოსარჩელის უფლების დარღვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან; დავაში მონაწილე ერთ-ერთი მხარეა ადმინისტრაციული ორგანო; დავის საგანი არის ბრძანების ბათილად ცნობა, რომელიც, თავის მხრივ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წამოიწყო დავა განსჯადობის შესახებ და საქმე სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ი. ჭ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ცალკე დისკრიმინაციული ფაქტის შესახებ დავის გადაწყვეტის მექანიზმს, კოდექსი ტაქსაციის მეთოდის გამოყენებით იძლევა ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს. სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილით მითითებული საქმეების ჩამონათვალის გარდა კომპეტენციის სფეროს გამიჯვნისათვის გამოიყენება ზოგადი კრიტერიუმი (ენუმერაცია), რომლის მიხედვით სამართალწარმოების წესით განიხილება აგრეთვე სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხ.). აღნიშნული ნორმა ახდენს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას მიკუთვნებულ საკითხთა წრის გაფართოებას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების იურისდიქციის სფეროში ნებისმიერი ისეთი დავის მოქცევას, რომელიც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ... დეპარტამენტის უფროსის ი. ჭ-ას მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 08.04.16წ. N119 ბრძანების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, დისკრიმინაციის შეწყვეტას, მისი შედეგების აღმოფხვრას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით. სადავო ბრძანების საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 732, 78-ე და 132-ე მუხლები, ასევე სახალხო დამცველის აპარატის დებულების 26.2, 30.1 მუხლები. ამდენად, სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, აქტს საფუძვლად დაედო ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნორმები, აქტი წარმოშობს უშუალო სამართლებრივ შედეგს საჯარო მოსამსახურისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის შესწავლის მიზნით შეიქმნა კომისია, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება, ჩატარდა ზეპირი მოსმენის სხდომები. ამდენად, გასაჩივრებული სადავო ბრძანება არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: აქტის, როგორც საქმიანობის სამართლებრივი ფორმის დასაშვებობა, ფორმალური და მატერიალური კანონიერება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მისთვის დისციპლიუნრი პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება მოხდა დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად, დისკრიმინაციული ქმედება გამოვლინდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაში, პრემიის გაუცემლობაში. მოსარჩელე ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას იმ მიზნით, რომ დასაბუთდეს გასაჩივრებული აქტის გამოცემის არამართლზომიერება. აღნიშნული გარემოების დადგენა დაადასტურებს გასაჩივრებული აქტის გამოცემის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება. სწორედ ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის და აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში უნდა მოხდეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე მსჯელობა.დისკრიმინაციის ფაქტი, როგორც წესი, არ დგება დამოუკიდებლად, არამედ მას თან ახლავს პირის კონკრეტული უფლების შეზღუდვა. ამიტომ, უმეტესად პირის სასარჩელო მოთხოვნა კომპლექსურია და უკავშირდება არა მხოლოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, არამედ იმ ძირითადი უფლების აღდგენას, რომელიც დისკრიმინაციის შედეგად დაირღვა. კანონმდებლობა არ უშვებს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენაზე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრას, ფაქტის დადგენა უნდა უკავშირდებოდეს დისკრიმინაციის შეწყვეტას ან/და მისი შედეგების აღმოფხვრას ან მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნებში დისკრიმინაციის ფაქტის ცალკე დადგენის მოთხოვნის საკითხი არ დაუყენებია, დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხი მოსარჩელეს დასმული აქვს სადავო აქტის უკანონობასთან კავშირში, მისი მიზანია აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ასაჩივრებს გაფრთხილების გამოცხადების შესახებ ბრძანებას და ითხოვს მის ბათილად ცნობას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, ზიანის ანაზღაურებას, სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიმართ სახალხო დამცველის მიერ განხორციელებული ქმედებები, თავისი ქრონოლოგიით და ინტენსივობით, განსხვავებული აზრის გამოხატვისა და პროფკავშირებისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს. დისკრიმინაციული მდგომარეობის დასადასტურებლად მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში უთითებს რიგ გარემოებებს, რაც ქმნის დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის გარკვევის საჭიროებას. მოსარჩელე უთითებს, რომ პროფკავშირისადმი კუთვნილების და განსხვავებული აზრის გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად არამართლზომიერად დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, არ მიეცა პრემია. მოსარჩელის მოთხოვნების საფუძვლიანობის, სადავო აქტის კანონიერების შემოწმების ფარგლებში უნდა მოხდეს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე მსჯელობა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრიმინაციული ქმედება შესაძლოა განხორციელდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით ან აქტის გამოცემაზე უარის თქმით. ფაქტის დადასტურებას აქვს მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, სასკ-ის მე-17 მუხლის მიხედვით აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეამოწმოს ადმინისტრაციის მიერ აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად თანასწორობის პრინციპის დაცულობა, დისკრიმინაციის ფაქტის არსებობა, რაც შეუძლებელია დავის წარმოშობის, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზის გარკვევის გარეშე. მართალია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად შეიძლება გამოცხადდეს არამხოლოდ დისკრიმინაციის, არამედ კანონის მოთხოვნათა სხვა დარღვევის გამო, თუმცა სწორედ სავარაუდო დისკრიმინაციული მოტივი მოსარჩელის მიერ სახელდება სადავო აქტის გამოცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად. ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მისი მართლწინააღმდეგობის დადგენა არ არის გამორიცხული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის გარეშეც, არ ადასტურებს საჯარო სამსახურში პირის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობას. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დისკრიმინაციის ფაქტის დამოუკიდებლად განხილვა გამოიწვევს სადავო აქტის კანონიერებაზე, კანონიერების დარღვევის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურისათვის პრემიის გაცემის საკითხზე მსჯელობას, რაც სცილდება სამოქალაქო კოლეგიის განსჯადობის ფარგლებს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონი არ შეიცავს მითითებას იმაზე, თუ რომელმა კოლეგიამ უნდა განიხილოს საქმე, ამასთანავე კანონის მე-3 მუხლი ადგენს, რომ ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, ამავე კანონის მე-10 მუხლი უთითებს, რომ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. ამდენად, დისკრიმინაციულ ქმედებას ადგილი შეიძლება ჰქონდეს როგორც კერძო-სამართლებრივ, ასევე საჯარო სფეროში, შესაბამისად დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეები შესაძლოა იყოს როგორც სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველი სასამართლოს განსჯადი. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა სასამართლოს შესაბამისი კოლეგიის მიერ უნდა მოხდეს. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, კერძოდ სსკ-ის VII3 კარით. ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს. მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს შორის სხვაობა პირობითია, დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ფაქტს სწორედ რომ სამართლებრივი დატვირთვა აქვს, დასადგენ ფაქტს სახელდობრ სამართლებრივი ასპექტის გამო აქვს მნიშვნელობა. დისკრიმინაციული ფაქტის დადასტურებას ავტომატურად მოყვება დისკრიმინაციის შედეგის აღმოფხვრა.

ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია დავის განხილვისას გამოიყენებს სსკ-ის VII3 კარის დებულებები, რომლებიც არეგულირებენ ამ სახეობის დავების სპეციფიკას, არ ცვლის განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. შესაბამისად, არსებობს სსკ-ის VII3 კარით დადგენილი წესების გამოყენების საფუძველი ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განხილვისას. ამასთანავე, სასამართლო, რომელიც მის განსჯად საქმეს იხილავს, ფლობს ამ საქმის განხილვის სრულ კომპეტენციას, საქმის განხილვის პროცესში იგი უფლებამოსი. გამოიყენოს და განმარტოს დავის გადაწყვეტისათვის საჭირო ყველა ნორმატიული აქტი.

საქმის განსჯადობას არ განაპირობებს ის, თუ რომელი საპროცესო კოდექსში არის გათვალისწინებელი დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დავების განხილვის მომწესრიგებელი ნორმები. საჯარო მმართველობის საქმიანობის კანონიერების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტის სტატუსის, უფლება-მოვალეობების, სამართალურთიერთობებში კანონით განსაზღვრული თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ქცევის წესისა და სტანდარტების სათანადო ანალიზის შედეგად. ამდენად, დისკრიმინაციის საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი დავების სამოქალაქო საქმეთა განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში მოქცევა შედეგად გამოიწვევს იმას, რომ საჯარო მმართველობის კანონიერების ყველაზე აქტუალური საკითხები გამოვა ადმინისტრაციული კატეგორის საქმეთა განმხილველი სასამართლოების სფეროდან. განსჯადობის დავის ამგვარი გადაწყვეტა შედეგად გამოიწვევს თავისი ბუნებით ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეების მნიშვნელოვანი დავების გადაცემას სამოქალაქო კატეგორიის დავების განმხილველი სასამართლოების იურისდიქციაში. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არამართლზომიერი ქმედების ჩადენა ხშირ შემთხვევაში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მიერ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. სამართალი აწესრიგებს საზოგადოებრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს, რომელიც მიემართება პირთა განუსაზღვრელი წრისადმი. პირთა არსებითად თანასწორობის საკითხი უნდა შეფასდეს არა ზოგადად, არამედ კონკრეტულ სამართალურთიერთობასთან კავშირში. კანონის და სასამართლოს წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. დისკრიმინაცია, არაგონივრული დიფერენციაცია აკრძალულია ადმინისტრაციული წესით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას. სზაკ-ის 4.2 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება“. შესაბამისად, დისკრიმინაციის, თვითნებობის ყველა ფორმის აღმოფხვრა, საჯარო მმართველობაში ადმინისტრაციული იუსტიციის უმნიშვნელოვანეს ამოცანათა რიგს განეკუთვნება, თავად ადმინისტრაციული მართლმსაჯულება ეფუძნება კანონის და სასამართლოს წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს, საჯარო სფეროში დისკრიმინიაციის აღმოფხვრა საჭიროებს ეფექტურ სასამართლო კონტროლს, უფლების დაცვის მაღალ სტანდარტს, შესაბამისად მასზე უარის თქმა განსჯადობის საკითხის მექანიკური, პროცესუალური ნორმის განთავსებისდამიხედვით მცდარია. აღნიშნული შედეგად გამოიწვევს თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის საკითხების ამორიცხვას ადმინისტრაციული მართლმსაჯულების სფეროდან, მისი იურისდიქციის მნიშვნელოვან შეზღუდვას, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უფლებადამცავი პოტენციალის შესუსტებას, პარალელიზმს და დუბლირებას, არ არის გამორიცხული აგრეთვე გადაწყვეტილებებს შორის კოლიზიების შექმნა. ყველა საჯარო-სამართლებრივი დავა, გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობის დავებისა, ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციას განეკუთვნება. საჯარო-სამართლებრივია დავა იმ შემთხვევაში თუ ურთიერთობის მონაწილე და სახელისუფლებო სუბიექტი ერთმანეთის მიმართ სუბორდინაციულ ურთიერთობაში იმყოფებიან, სწორედ ეს ფაქტორი და არა ნორმის ამა თუ იმ აქტში განთავსება განაპირობებს სამართალურთიერთობის ბუნებას და შესაბამისად განსჯადობას, საქმის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას, დავის ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით განხილვას.

დაუსაბუთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების დადგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის ნაწილად. აღნიშნულ მოსაზრებას არ ადასტურებს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მოყვანილი მოსაზრება, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლით გამოიცემა და მხოლოდ ამ საფუძვლის დაუდასტურებლობა ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობის არასწორად გამოყენება შეიძლება გახდეს აქტის უკანონოდ ცნობის საფუძველი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში თუ: დადგენილი ფაქტები ადასტურებენ არათანაბარ, ტენდენციურ მიდგომას; დიფერენცირებული მიდგომა არ არის გონივრული; დარღვეულია ბალანსი მიზანსა და გამოსაყენებელ საშუალებას შორის. დისკრიმინაცია არის კანონიერების უხეში დარღვევა, სასამართლო დაცვა ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება (სზაკ-ის მე-5 მუხ.), ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათი., თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს (სზაკ-ის 601 მუხ.). საჯარო სფეროში დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვს ადმინისტრაციული თვითნებობის, სახელმწიფო მმართველობაში დისბალანსის, უფლებამოსილების გადაჭარბების, პასუხისმგებლობის შესუსტების ფაქტებზე რეაგირებას. ასეთ ფაქტებზე ადმინისტრაციული მართლმსაჯულების რეაგირება ამკვიდრებს კანონიერების რეჟიმს სახელმწიფო მმართველობაში. დისკრიმინაცია უკავშირდება თანასწორობის ფუნდამენტური, კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, მისი აღმოფხვრა უფლებებისა და კანონიერ ინტერესებს ემსახურება, რაც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების კომპეტენციის უმნიშვნელოვანეს სფეროს შეადგენს. საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენება, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებების კანონიერების შეფასების კომპეტენცია მხოლოდ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა განმხილველ სასამართლოს აქვს. თავისთავად დისკრიმინაციული მოპყრობა არ ცვლის დავის ბუნებას, დისკრიმინაციული მოპყრობა არის მხოლოდ ის მართლსაწინააღმდეგო ნიშანი, რომელიც ასახავს კანონდარღვევის ხასიათს. ადმინისტრაციული აქტის სადავოდ გახდომა გამოცემული აქტის დისკრიმინაციულობის მოტივით არ აქცევს დავას ავტომატურად სამოქალაქო კატეგორიის დავად და არ იწვევს შედეგად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განხილვას, მით უფრო, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების სამართალწარმოების თავისებურება ესადაგება სასამართლო წარმოების ინკვიზიციურ საწყისებს, მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის ძირითადი მოთხოვნა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობაა, რაც სასკ-ის 2.1 მუხლის „ა“ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის გათვალისწინებით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადია, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და შესაბამისად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 390-ე მუხლით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ჭ-ას სარჩელი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის დავალების ნაწილში მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი