Facebook Twitter

8I ქ. თბილისი

19 მაისი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),

ი. ტყეშელაშვილი, დ. სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორ ი. გ-სა და გ. ჟ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 თებერვლის განაჩენით გ. ჟ-ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ზ” და ,,თ” ქვეპუნქტებით, 19, 109-ე მუხლის ,,ა” და ,,თ” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 20 აპრილის განჩინებით გამამართლებელი განაჩენი გ. ჟ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

2005 წლის 20 ოქტომბერს გ. ჟ-მა განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება და ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 12 ივლისის დადგენილებით გრიგოლ ჟიჟიაშვილი რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გ. ჟ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 2000 ლარის ანაზღაურება და იურიდიული კომპანია “ადვოკატ-მეოხის” ადვოკატების მიერ გ. ჟ-სათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის – 2000 ლარის ანაზღაურება.

პუბლიკაცია გ. ჟ-ის რეაბილიტაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში

გ. ჟ-ის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის, მიუღებელი ხელფასის, მიუღებელი შემოსავლისა და ანაცდენი სარგებლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ცვლილება შევიდა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა იურიდიული კომპანია “ადვოკატ-მეოხის” ადვოკატების მიერ გ. ჟ-სათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1400 ლარის ოდენობით, ასევე მორალური ზიანის – 2000 ლარის ოდენობით და განაცდენი ხელფასის – 3252 ლარის ოდენობით ანაზღაურება. გ. ჟ-ს უარი ეთქვა წინანდელ სამუშაოზე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენაზე, მიუღებელი შემოსავლისა და ანაცდენი სარგებლის ანაზღაურებაზე მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი ი. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს განჩინების გაუქმებასა და განმცხადებლისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს განჩინების გაუქმებას, ასევე, რომ განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები. მართალია, ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მესამე ნაწილი ითვალისწინებს მორალური ზიანის ანაზღაურებას აგრეთვე ფულადი კომპენსაციით, მაგრამ, კასატორის მოსაზრებით, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

რეაბილიტირებული პირის _ გ. ჟ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინების შეცვლას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და აღნიშნულთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, რეაბილიტირებული პირი – გ. ჟ-ი, რომელიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლი, დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დისციპლინური წესით დასჯის გამო.

პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან გ. ჟ-ი დაკავებული თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნის ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამიტომ სამუშაოზე აღდგენის, ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის, მიუღებელი შემოსავლის, ანაცდენი სარგებლისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების საკითხები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინებაში არსებული მითითება რეაბილიტირებულ გ. ჟ-სათვის განაცდენი ხელფასის – 3252 ლარის ანაზღაურების, ასევე წინანდელ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობებზე აღდგენის, მიუღებელი შემოსავლისა და ანაცდენი სარგებლის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ უნდა გაუქმდეს.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მორალური ზიანის კომპენსაციის ნაწილში განჩინების გაუქმების თაობაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის 225-ე მუხლით დადგენილია რეაბილიტირებულისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების ფორმები, ხოლო ამავე კოდექსის 165-ე მუხლის მესამე ნაწილით ფულადი კომპენსაცია შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მორალური ზიანის ანაზღაურება სხვაგვარად შეუძლებელია, არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 225-ე მუხლის თანახმად, პირის უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორც ფულადი კომპენსაციით, ასევე პრესაში ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რეაბილიტაციისა თუ სათანადო საპროცესო მოქმედების უკანონოდ ან დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ან ბოდიშის მოხდის გზით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გ. ჟ-მა მორალური ზიანი განიცადა დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად. პალატა თვლის, რომ მის სასარგებლოდ ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებული თანხის ოდენობა არ სცილდება გონივრულ ზღვარს და, ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება მორალური ზიანის კომპენსაციის ნაწილში არის კანონიერი, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.

ასევე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება გ. ჟ-სათვის, მის მიერ იურიდიული კომპანია “ადვოკატ-მეოხის” ადვოკატების სასარგებლოდ გაწეული ხარჯის - 1400 ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში.

ამასთან, პალატა თვლის, რომ არასწორია მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილებაში არსებული მითითება, რომ გ. ჟ-ი რეაბილიტირებულ უნდა იქნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე.

საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,პირის რეაბილიტაციის საფუძველია გამამართლებელი განაჩენი, აგრეთვე მოსამართლის ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ ამ კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, ,,დ”, ,,ი”, ,,კ” და ,,მ” ქვეპუნქტებში და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით, აგრეთვე სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე უკანონო სასამართლო განჩინების (დადგენილების) გაუქმების შესახებ”.

პალატა თვლის, რომ გ. ჟ-ის რეაბილიტაციის საფუძველია სასამართლოს მიერ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენი და ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ პირის მიმართ ასეთი მარეაბილიტირებელი საპროცესო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ იგივე პირი ხელახლა, დამატებით, სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით რეაბილიტირებულად ცნობას აღარ საჭიროებს, რის გამოც აღნიშნული მითითება განჩინებიდან უნდა ამოირიცხოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გ. გ-ს, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორ ი. გ-სა და გ. ჟ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება განაცდენი ხელფასის – 3252 ლარის ანაზღაურების ნაწილში.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 6 დეკემბრის განჩინება წინანდელ თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობებზე აღდგენის თაობაზე, მიუღებელი შემოსავლისა და ანაცდენი სარგებლის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

განჩინებიდან ამოირიცხოს მითითება გ. ჟ-ის რეაბილიტირებულად ცნობის თაობაზე.

სხვა ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.