საქმე № ბს-186-185 (კ-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2015წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების მ.გ-ის, ფ. ო-ას (უფლებამონაცვლე ხ. ო-ა), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ფ. ო-ას სახელზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების 0,13 ჰა-ის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 24.04.2002წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ფ. ო-ასა და მ. გ-ს შორის 24.04.2002წ. დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 0,13 ჰა-ის ნაწილში ცვლილების შეტანა, ასევე მ. გ-ის სახელზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების 0,13 ჰა-ის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 24.04.2002წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მ. გ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ნ. ხ-ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის (0.13 ჰა მიწის ნაკვეთის) გამოთხოვის მოთხოვნით.
ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 23.12.2006წ. საოქმო განჩინებით ნ. ხ-ას სარჩელი და მ. გ-ის სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.
სასამართლოს ინსტანციებში საქმის არაერთგზის განხილვის შემდეგ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 31.12.2012წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 24.04.2002წ. გადაწყვეტილება ფ. ო-ას სახელზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების 0,13 ჰა-ის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ, ცვლილება შევიდა ფ. ო-ასა და მ. გ-ს შორის 24.04.2002წ. დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში 0,13 ჰა-ის ნაწილში და ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 24.04.2002წ. გადაწყვეტილება მ. გ-ის სახელზე ლაგოდეხის რაიონის სოფელ ... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების 0,13 ჰა-ის ნაწილში რეგისტრაციის შესახებ. მ. გ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ნ. ხ-ას უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.2014წ. განჩინებით მ. გ-ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და ამ ნაწილში შეჩერდა საქმის განხილვა, განსახილველ საქმეზე ადმინისტრაციული წესით გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, მ. გ-ს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.04.16წ. №14 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.15წ. განჩინება;
3. მ. გ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.04.16წ. №14 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი