Facebook Twitter

Nბს-211-210 (კ-16) 4 ოქტომბერი, 2016 წელი, ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ქ. ქ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. ქ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 ივლისის №303 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე №3/546-15), სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის №1654479 გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხთან დაკავშირებით ქ. ქ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა მოსარჩელე მხარის 2014 წლის 19 დეკემბრის №AR1274430 განცხადება ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის შესახებ და 2015 წლის 1 ივლისის №303 ბრძანებით მოსარჩელეს დაუსაბუთებლად, საკითხის გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე უთხრა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; ამასთან, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორია სრულიად განაშენიანებულია, აშენებულია რამდენიმე ინდივიდუალური სახლი, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. მოპასუხე მხარეს არ შეუსწავლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ადმინისტრაციული წარმოების დროს არ ყოფილა გამოკვლეული ქ. ქ-ძის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, შესაბამისად, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 ივლისის №303 ბრძანება მიღებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ქ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინებით ქ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2014 წლის 10 აპრილს, 20 მაისს, 10 ივნისსა და 30 ივნისს ქ. ქ-ემ განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი-№...) საცხოვრებელი სახლის დასაგეგმარებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №1277875, 2014 წლის 5 ივნისის №1296500, 2014 წლის 26 ივნისის №1350972 და 2014 წლის 24 ოქტომბრის №1532344 ბრძანებებით ქ. ქ-ეს უარი ეთქვა საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარებაზე. უარყოფითი გადაწყვეტილებები განპირობებული იქნა იმ გარემოებით, რომ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის, აქტიური გამწვანების, რთული რელიეფისა და საცხოვრებელი სახლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

2014 წლის 12 დეკემბერს ქ. ქ-ემ განმეორებით განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით №... ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის №1644862 ბრძანებით ქ. ქ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საკითხი არაერთხელ განიხილა ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, რომლის უარყოფითი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამსახურმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ახალი გარემოებების არარსებობის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური რჩებოდა იმავე პოზიციაზე.

2014 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი-№...) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის №1654579 ბრძანებით ქ. ქ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საკითხი არაერთხელ განიხილა ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ნაკვეთის კონფიგურაციის, აქტიური გამწვანების, რთული რელიეფისა და საცხოვრებელი სახლისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. ახალი გარემოებების არარსებობის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური რჩებოდა იგივე პოზიციაზე.

თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის №1654579 ბრძანება ქ. ქ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე 3/549–15) ქ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის №1654479 გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხთან დაკავშირებით ქ. ქ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ქ-ის მიერ 2014 წლის 19 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომაზე არ განხილულა. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წლის 6 იანვრის №1654579 ბრძანების მიღებისას, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური დაეყრდნო არა კომისიის მიერ გაცემულ უარყოფით რეკომენდაციას (როგორც წინა შემთხვევებში), არამედ ქ. ქ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საკითხი არაერთხელ განიხილა ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ნაკვეთის კონფიგურაციის, აქტიური გამწვანების, რთული რელიეფისა და საცხოვრებელი სახლისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2015 წლის 1 ივლისს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №303 ბრძანება, რომლის თანახმად, ქ. ქ-ეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში არსებული მიწის ნაკვეთისათვის (საკადასტრო კოდით №...) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშნებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა ქ. ქ-ისათვის მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ გამოყენების პირობებზე, ვინაიდან იმავე საკითხზე (იმავე უძრავი ქონების განვითარებაზე) უკვე იმსჯელა 2014 წლის 21 მაისის, 2014 წლის 5 ივნისის, 2014 წლის 26 ივნისის, 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებებით, ამასთან გასაჩივრებული 2015 წლის 1 ივლისის ბრანება ეფუძნება ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 15 მაისის (ოქმი N19), 2014 წლის 19 ივნისის (ოქმი N23), 2014 წლის 2 ივლისისა (ოქმი N25) და 2014 წლის 3 ოქტომბრის (ოქმი N33) საოქმო გადაწყვეტილებებს და ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლითაც უარი ეთქვა ქ. ქ-ეს ქ. თბილისში ... ქ. N19-ში არსებული მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ გამოყენებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, თავდაპირველად მოსარჩელე ითხოვდა ორბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენას, შემდეგ ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყენებას, მაგრამ ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის საამშენებლოდ მიწის გამოყენება არ წარმოადგენს ახალ, შეცვლილ გარემოებას, იმ პირობებში, როდესაც ასაშენებელი შენობის ფართი და მოცულობა არსებითად განსხვავებული არ არის. ხელისშემშლელ ფაქტორად რჩება ტერიტორიის გამწვანება, რთული რელიეფი და მშენებლობისათვის შეუსაბამო კონფიგურაცია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ქ. ქ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ადმინისტრაციული ორგანო საკითხს განიხილავდა ფორმალურად, საქმის გარემოებების შესწავლისა და შეფასების გარეშე. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში, რომ 2015 წლის 4 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ასევე გაერკვია იმ პირობებში, როდესაც, ქ. თბილისში, ... ქ. N19-ის მიმდებარე ტერიტორია მიეკუთვნება საცხოვრებელ ზონა 3-ს და მრავლადაა მიწის ნაკვეთზე, როგორც მრავალბინიანი ასევე ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა პირის მიმართ ხომ არ იყო მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებები და ასეთის არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა დაესაბუთებინა კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლოს ეს მოთხოვნა არ შეუსრულებია, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები :

1. 2014 წლის 10 აპრილს, 20 მაისს, 10 ივნისსა და 30 ივნისს ქ. ქ-ემ განცხადებებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი-№...) საცხოვრებელი სახლის დასაგეგმარებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა;

2. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №1277875, 2014 წლის 5 ივნისის №1296500, 2014 წლის 26 ივნისის №1350972 და 2014 წლის 24 ოქტომბრის №1532344 ბრძანებებით ქ. ქ-ეს უარი ეთქვა საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ განვითარებაზე. უარყოფითი გადაწყვეტილებები განპირობებული იქნა იმ გარემოებით, რომ მიწის ნაკვეთის კონფიგურაციის, აქტიური გამწვანების, რთული რელიეფის და საცხოვრებელი სახლისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა.

3. 2014 წლის 12 დეკემბერს ქ. ქ-ემ განმეორებით განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა;

4. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 17 დეკემბრის №1644862 ბრძანებით ქ. ქ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საკითხი არაერთხელ განიხილა ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, რომლის უარყოფითი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამსახურმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილებები. ახალი გარემოებების არარსებობის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური რჩებოდა იმავე პოზიციაზე;

5. 2014 წლის 19 დეკემბერს, ქ. ქ-ემ კვლავ მიმართა განცხადებით ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი-№...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.

6. ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის №1654579 ბრძანებით ქ. ქ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საკითხი არაერთხელ განიხილა ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ნაკვეთის კონფიგურაციის, აქტიური გამწვანების, რთული რელიეფისა და საცხოვრებელი სახლისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიაჩნდა. ახალი გარემოებების არარსებობის გამო, კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური რჩებოდა იმავე პოზიციაზე;

7. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის №1654579 ბრძანება ქ. ქ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა;

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე 3/549–15) ქ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 იანვრის №1654479 გადაწყვეტილება ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხთან დაკავშირებით ქ. ქ-ის მიერ წარდგენილ განცხადებაზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაში სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. ქ-ის მიერ 2014 წლის 19 დეკემბერს წარდგენილ განცხადებაში დასმული საკითხი ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომაზე არ განხილულა და ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2015 წლის 6 იანვრის №1654579 ბრძანების მიღებისას, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური დაეყრდნო არა კომისიის მიერ გაცემულ უარყოფით რეკომენდაციას (როგორც წინა შემთხვევებში), არამედ ქ. ქ-ეს უარი ეთქვა განცხადების განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საკითხი არაერთხელ განიხილა ქ.თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიამ, რომლის გადაწყვეტილების თანახმად, ნაკვეთის კონფიგურაციის, აქტიური გამწვანების, რთული რელიეფისა და საცხოვრებელი სახლისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, სამსახურს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენება ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2015 წლის 1 ივლისს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებულ იქნა №303 ბრძანება, რომლის თანახმად, ქ. ქ-ეს უარი ეთქვა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, ... ქუჩა №19-ში არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით №...) სამშნებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

კასატორს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, მოახდინოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით. ამავე წესის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. ამავე პუნქტის თანახმად, I სტადია არის ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) – არა უმეტეს 12 დღისა.

ამავე დადგენილების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სამივე სტადიას აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30.12.2014 წლის N20-104 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების)“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათში ცვლილებების შეტანა.

სააპელაციო სასამართლომ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო, უარი ეთქვა ქ. ქ-ისათვის მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრაზე, ვინაიდან იმავე საკითხზე (იმავე უძრავი ქონების განვითარებაზე) უკვე იმსჯელა 2014 წლის 21 მაისის, 2014 წლის 5 ივნისის, 2014 წლის 26 ივნისის, 2014 წლის 24 ოქტომბრის@გადაწყვეტილებებით, ამასთან გასაჩივრებული 2015 წლის 1 ივლისის ბრძანება ეფუძნება ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 15 მაისის (ოქმი N19), 2014 წლის 19 ივნისის (ოქმი N23), 2014 წლის 2 ივლისისა (ოქმი N25) და 2014 წლის 3 ოქტომბრის (ოქმი N33) საოქმო გადაწყვეტილებებს და ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებებს, რომლითაც უარი ეთქვა ქ. ქ-ეს ქ. თბილისში, ... ქ. N19-ში არსებული მიწის ნაკვეთის საამშენებლოდ განვითარებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მინიჭებული აქვს პროცესუალური კომპეტენცია, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება. სასამართლო კონტროლის განხორციელებისას მხოლოდ დისკრეციულ უფლებამოსილებაზე მითითება არ წარმოადგენს აქტის კანონიერების დადასტურების საკმარის საფუძველს, რამდენადაც სასამართლომ უნდა შეაფასოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და დასაბუთებულობა. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც, მართალია, არ გულისხმობს უპირობოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, თუმცა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს და მიუთითოს რა გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს თანაზომიერების და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფის შესაძლებლობას. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროცედურულ დარღვევებს, კანონის ფარგლების გაცდენას, რასაც შესაძლოა შედეგად მოჰყვეს საკუთრების ხელყოფა, კანონიერების, სუბიექტის უფლებების დარღვევა. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. სასამართლომ დავის გადაწყვეტისას უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მხოლოდ მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, რამდენადაც დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური უფლება და მისი გამოყენება იზღუდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევა, რაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ შეუსრულებია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი, შემოფარგლულიყო მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საკითხი უკვე განიხილა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით ეთქვა უარი განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული აქტი ბათილად იყო ცნობილი დაუსაბუთებლობის გამო და გადაწყვეტილებაში მითითებული იყო ის დარღვევები, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ხელახალი წარმოების ჩატარების გზით უნდა გამოესწორებინა.

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციასა და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს საერთოდ არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა-შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა, ამასთან, სასამართლოს მითითებას, გარკვეული გარემოებების შესწავლა-გამოკვლევის აუცილებლობის თაობაზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის სავალდებულო ძალა აქვს.

სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ განსახილველ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურმა გაიმეორა ბათილად ცნობილი 2015 წლის 6 იანვრის №1654479 გადაწყვეტილების მოკლე დასაბუთება, ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლზე და საკითხი ფორმალურად გადაწყვიტა, რითაც არ შეუსრულებია სასამართლო გადაწყვეტილების მითითება სადავო საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი გარემოებების გამოკვლევისა და დასაბუთებული ადმინისტრაციული აქტის გამოცემის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ გაუგებარია არქიტექტურის სამსახურის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენაზე უარი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ქ. ქ-ის კუთვნილი ნაკვეთი დატვირთულია ხე-ნარგავებით. აღსანიშნავია, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი მიეკუთვნება არა სარეკრეაციო ზონას, არამედ საცხოვრებელ ზონა 3-ს. ასევე დაუსაბუთებელია, კონკრეტულად რაში მდგომარეობს მოცემული მიწის ნაკვეთის „სამშენებლოდ შეუსაბამო კონფიგურაცია“.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას, რომ 2015 წლის 4 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ასევე გაერკვია იმ პირობებში, როდესაც თბილისში, ... ქ. N19-ის მიმდებარე ტერიტორია მიეკუთვნება საცხოვრებელ ზონა 3-ს და მიწის ნაკვეთზე მრავლადაა როგორც მრავალბინიანი ასევე ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები, სხვადასხვა პირის მიმართ ხომ არ იყო მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებები და ასეთის არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა დაესაბუთებინა კანონით გათვალისწინებული რა არსებითი სახის საფუძველი არსებობდა, რომელმაც განაპირობა განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ეს მოთხოვნა ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუსრულებია. სააპელაციო სასამართლომ კი, ეს დარღვევა სამართლებრივად არ შეაფასა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ... ქ. N19-ის მიმდებარე ტერიტორია ათვისებულია და განთავსებულია მრავალბინიანი ან ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში, არქიტექტურის სამსახურს დეტალურად უნდა დაესაბუთებინა, რა თავისებურებებით გამოირჩევა ქ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, რაც მასზე ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გამორიცხავს. ამგვარი დასაბუთება კი გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში მოცემული არ არის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები არ არსებობს და საკასაციო სასამართლოს, შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებაზე გულისხმობს აქტის კანონიერების, დასაბუთებულობის შემოწმებას და არა შინაარსის კონტროლს. სასამართლო ვალდებულია, შეაფასოს გამოცემულია თუ არა სადავო აქტი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 ივლისის №303 ბრძანება და არქიტექტურის სამსახურს დაევალოს კანონით დადგენილ ვადაში ახალი აქტის გამოცემა, რა დროსაც, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს წინამდებარე გადაწყვეტილების დასაბუთებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

განსახილველ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა ქ. ქ-ეს უნდა აუნაზღაუროს სამივე ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 550 ლარი.

მოსარჩელე აგრეთვე ითხოვს ადვოკატის მომსახურების ხარჯის -1250 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრებას. საქმეში წარმოდგენილია თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით, კასატორის აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 53-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 1 ივლისის №303 ბრძანება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს ქ. ქ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, სულ 550 ლარის, ანაზღაურება;

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს ქ. ქ-ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ადვოკატის მომსახურების ხარჯის, 1250 ლარის, ანაზღაურება;

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

პ. სილაგაძე