საქმე№ბს-242-240 (კ-16) 13 ოქტომბერი, 2016წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2015წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. გ-ემ და ა. მ-ემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს გზების დეპარტამენტის, ს. მ-ის და ნ. მ-ის მიმართ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.06.2014წ. #8 საოქმო გადაწყვეტილების მოსარჩელეების ნაწილში ბათილად ცნობის, ასევე მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელეები შეტანილნი იქნებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოვლითი გზის არეალში მოხვედრილ ბენეფიციართა კომპენსაციის მიღების მქონე პირთა სიაში. მოპასუხეთა წრის დაზუსტების შემდგომ მოპასუხედ მიეთითა მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 21.05.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის 20.06.2014წ. N8 გადაწყვეტილება ზ. გ-ის და ა. მ-ის ნაწილში, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ზ. გ-ის და ა. მ-ის მიერ საკომპენსაციო სიაში შეყვანის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 21.05.2015წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.12.2015წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი