№ბს-277-275 (კ-16) 4 ოქტომბერი, 2016 წელი, ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ღ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ღ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა, რომლითაც მოითხოვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №145 ბრძანების ბათილად ცნობა; ასევე მოითხოვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ნ. ღ-ის სამსახურში აღდგენის თაობაზე და მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2014 წლის 8 აპრილის №145 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ღ-ის მიმართ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ნ. ღ-ე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო მეურნეობაში;
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... სამსახურის უფროსს - ნ. ღ-ეს 2013 წლის 3 ივლისიდან დროებით დაეკისრა ამავე მეურნეობის ... მოვალეობის შესრულება (ტ-1 ს.ფ 28);
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 მარტის №116 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე მუხლების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, 2014 წლის 27 მარტიდან რ. ვ-ი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად (ტ-1; ს.ფ. 77);
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს 2014 წლის 7 აპრილს №4617 მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა ბ. ბ-ემ და განმარტა, რომ 2014 წლის 27 მარტიდან სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა რ. ვ-ი, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანების - ნ. ღ-ისათვის დროებით მოვალეობის დაკისრების შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადება (ტ-1; ს.ფ 76);
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 61-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №145 ბრძანებით 2014 წლის 27 მარტიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანება ნ. ღ-ისათვის დროებითი მოვალეობის დაკისრების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ნ. ღ-ე ასრულებდა არმყოფი მოხელის მოვალეობას და სადავო ბრძანებით მოხდა მასზე დროებით დაკისრებული მოვალეობის შეწყვეტა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურში არმყოფი მოხელე წარმოადგენს პირს, რომელიც საჯარო სამსახურში მიღებულია კონკრეტულ პოზიციაზე და დროებით, კონკრეტული ობიექტური გარემოებების გამო, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს (სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება). სადავო შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... ადგილი, რომელიც კონკურსის წესით ივსება, იყო ვაკანტური. შესაბამისად, ნ. ღ-ე მიჩნეული უნდა იქნეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტად: იგი წარმოადგენდა თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელს, შესაბამისად, ამავე ნორმით განსაზღვრულია ასეთი მოხელის შრომითი საქმიანობის ვადა - კონკურსის შედეგების მიხედვით მოხელის თანამდებობაზე დანიშვნამდე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამომოსილი ავტომატურად ძალადაკარგულად გამოაცხადოს მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ასეთი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებისათვის, უნდა არსებობდეს ზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობები, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი ხდება, იმსჯელოს ინდივიდუალური აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და მხოლოდ ასეთ ვითარებაში ეძლევა ადმინისტრაციულ ორგანოს საშუალება, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლები სრულდება იქ, სადაც იწყება კანონისმიერი შეზღუდვების მოქმედება.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაუსაბუთებელი იყო ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამდენად, სადავო საკითხის ხელახლა განხილვის ფარგლებში, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციულმა ორგანომ შეაფასოს, წარმოადგენდა თუ არა სსიპ - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... თანამდებობა "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მეორე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობას, რომელიც აწესებს მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის ერთწლიან ზღვრულ ვადას, თუ მასზე ვრცელდებოდა ვაკანტურ თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად მუშაობის ზოგადი სამთვიანი ვადა. ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ, უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ, როდის ჩატარდა კონკურსი სსიპ - სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... ვაკანტური ადგილის დასაკავებლად და კონკურსის შედეგების მიხედვით გამოვლინდა თუ არა გამარჯვებული კონკურსანტი, რის შედეგადაც უნდა გამოსცეს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ღ-ის მიმართ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. ნ. ღ-ე მუშაობდა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო მეურნეობაში;
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანებით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... სამსახურის უფროსს ნ. ღ-ეს 2013 წლის 3 ივლისიდან დროებით დაეკისრა ამავე მეურნეობის ... მოვალეობის შესრულება (ტ-1 ს.ფ 28);
3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 მარტის №116 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე მუხლების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, 2014 წლის 27 მარტიდან რ. ვ-ი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად (ტ-1; ს.ფ. 77);
4. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს 2014 წლის 7 აპრილს №4617 მოხსენებითი ბარათით მიმართა ამავე სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსმა ბ. ბ-ემ და განმარტა, რომ 2014 წლის 27 მარტიდან სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა რ. ვ-ი, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანების - ნ. ღ-ისათვის დროებით მოვალეობის დაკისრების შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადება (ტ-1; ს.ფ 76);
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 53-ე, 61-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №145 ბრძანებით 2014 წლის 27 მარტიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანება ნ. ღ-ისათვის დროებითი მოვალეობის დაკისრების შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
კასატორს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ამგვარი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სამსახურში არმყოფი მოხელე წარმოადგენს პირს, რომელიც საჯარო სამსახურში მიღებულია კონკრეტულ პოზიციაზე და დროებით, კონკრეტული ობიექტური გარემოებების გამო, ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობებს (სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება). სადავო შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... ადგილი, რომელიც კონკურსის წესით ივსება, იყო ვაკანტური. შესაბამისად, ნ. ღ-ე მიჩნეული უნდა იქნეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ სუბიექტად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 57-ე მუხლი.
აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირს, რომელსაც აქვს თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დროებით არმყოფი მოხელის შეცვლის ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც მოხელის არყოფნა გამოიწვევდა დაწესებულების ნორმალური საქმიანობის გართულებას, შეუძლია: ა) გადაუნაწილოს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეებს მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან განთავისუფლების გარეშე; ბ) დააკისროს არმყოფი მოხელის მოვალეობანი სხვა მოხელეს და ეს უკანასკნელი გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არმყოფი მოხელის ფუნქციების დროებით სხვა მოხელისათვის დაკისრება არის სამსახურის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის საშუალება. სამსახურის ადმინისტრაციას ამ გზით ჩვეული სამუშაო ვითარების შენარჩუნება შეუძლია იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ თანამდებობაზე დანიშნული მოხელე დროებით ვერ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს ან როდესაც თანამდებობა ვაკანტურია. არსებითი განსხვავება ვაკანტურ თანამდებობაზე ამ წესით მოვალეობის შესრულების დაკისრებასა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას შორის არის ის, რომ მოხელე არ თავისუფლდება თავდაპირველად დაკავებული თანამდებობიდან. დამსაქმებელს უფლება აქვს, გაათავისუფლოს მოხელე თავისი სამსახურით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებიდან იმ ვადით, რა ვადითაც არმყოფი მოხელის მოვალეობებს ასრულებს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მოხელის მიერ მანამდე დაკავებული თანამდებობა ვაკანტური არ ხდება.
საქმეში წარმოდგენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანებით ირვევა, რომ ნ. ღ-ეს - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... სამსახურის უფროსს დროებით დაეკისრა ამავე მეურნეობის ... მოვალეობის შესრულება. ბრძანებაში არ არის მითითებული ნ. ღ-ის სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... სამსახურის უფროსის მოვალეობების შესრულებისაგან (მით უმეტეს თანამდებობიდან) გათავისუფლების თაობაზე, ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ვინაიდან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... ადგილი ვაკანტური იყო, ნ. ღ-ეს არმყოფი მოხელის მოვალეობის შესრულება არ დაკისრებია.
მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. ეს ნორმა შეეხება ამავე კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე კონკურსის დროებით მოვალეობის შემსრულებლებზე იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. რაც შეეხება ნ. ღ-ის შემთხვევას, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც, თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის შემცვლელი ინიშნება მოხელის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან განთავისუფლებამდე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა ითვალისწინებს სამსახურის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას, საჭიროების აღმოფხვრის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს მოხელე დაკისრებული მოვალეობების შესრულებიდან. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ამავე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, დროებით არმყოფი მოხელის იმ თანამდებობიდან განთავისუფლების შემთხვევაში, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შემცვლელს უფლება აქვს დაიკავოს აღნიშნული თანამდებობა, როგორც ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნული მოხელის მოვალეობის შემსრულებელმა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია მოხელის უფლება, რომლის რეალიზება დამოკიდებულია დამსაქმებლის ნებაზე, ამ თანამდებობაზე არ დანიშნოს სხვა მოვალეობის შემსრულებელი კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე ან არ გამოაცხადოს კონკურსი, არამედ მოვალეობის შემსრულებლად დანიშნოს იგივე მოხელე, ვისაც დაკისრებული ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობების დროებით შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანებით ნ. ღ-ეს დაეკისრა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... მოვალეობის შესრულება. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 27 მარტის №116 ბრძანებით რ. ვ-ი დაინიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის ... თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად, შესაბამისად, აღარ არსებობდა ნ. ღ-ის მიერ აღნიშნულ მოვალეობათა შესრულების საჭიროება, ამდენად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №145 ბრძანებით 2014 წლის 27 მარტიდან ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ივლისის №194 ბრძანება ნ. ღ-ისათვის დროებითი მოვალეობის დაკისრების შესახებ, რისი უფლებამოსილებაც მას, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 23-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე გააჩნდა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სრულიად უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემზღუდველ ნორმებზე (ზაკ-ის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილი), ვინაიდან სპეციალური კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და 57-ე მუხლი, საშუალებას აძლევს დამსაქმებელს ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს მოხელე მასზე დაკისრებული არმყოფი მოხელის მოვალეობების შესრულებიდან, რაც ცხადია, არ გულისხმობს მოხელის თავდაპირველად დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებასაც.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57-ე, 30-ე მუხლები და არასწორად გამოიყენა ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძველზე, გასაჩივრებული განჩინების უკანონობას განაპირობებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები არ არსებობს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა არასწორი სამართლებრივი შეფასებითაა გამოწვეული, ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ღ-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამდენად, ნ. ღ-ეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -120 ლარი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ნ. ღ-ეს დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი (27/10/2014 წლის N1 საგადახდო დავალება) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე