Facebook Twitter

№ბს-297-295(კ-16) 6 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი _ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო; წარმომადგენელი - თ. ქ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ა-ე; წარმომადგენელი - ნ. ა-ი

მესამე პირები - 1. სს „...“ უფლებამონაცვლე სს „ტ...“; წარმომადგენელი - ბ. ხ-ი; 2. შპს „დ...“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 15 დეკემბერს ვ. ა-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ავტომანქანა მერსედეს ბენც E200 CDI, VIN: ... მესაკუთრე, რომელიც ჩამოიყვანა დაკვეთით გერმანიიდან. ავტომანქანის საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ გაიგო, რომ ამავე ავტომანქანაზე გაფორმებულია სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულება №3422/1, რომლის თანახმადაც შპს „დ...“ დააგირავა სამომავლო ქონება სს „...“ სასარგებლოდ. ხელშეკრულება დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოში. ხელშეკრულების 3.2 პუნქტში გირაოს საგნის (ავტომანქანის, ავტომანქანების) აღწერა: მე-8 ნომრად მითითებულია მის მიერ ჩამოყვანილი ავტომანქანა.

სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულება №3422/1 დადებულია 2013 წლის 6 ნოემბერს.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან იგი არის ავტომანქანა მერსედეს ბენც E200 CDI, VIN: ... მესაკუთრე, გირავნობის ხელშეკრულების გაფორმება-რეგისტრაციისთვის საჭირო იყო მისი ნებართვა, რაც არ მომხდარა. მან სამომავლო გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმების შესახებ მიმართა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს. სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №MIA 8 14 02086020 ადმინისტრაციული აქტით მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რომელიც მან გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში - სსიპ საქართველოს მომსახურების სააგენტოში. 2014 წლის 5 დეკემბრის №MIA 1 14 02474446 გადაწყვეტილებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის MIA 8 14 02086020 ადმინისტრაციული აქტის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 დეკემბრის MIA 1 14 02474446 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და „მერსედეს ბენც E200 CDI“ VIN: ... ავტომანქანაზე სამომავლო ქონების გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ სს „...“ და შპს „დ...“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 8 აგვისტოს ვ. ა-ის სახელზე დარეგისტრირდა ავტომანქანა „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...). 2013 წლის 6 ნოემბერს სააქციო საზოგადოება „...“ და შპს „დ...’’ შორის გაფორმდა სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულება №25/34221, რომლის მიხედვით გირაოს საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...).

2014 წლის 15 აგვისტოს ვ. ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციის გაუქმება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის MIA 8 1402086020 ადმინისტრაციული აქტით ვ. ა-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2014 წლის 24 ოქტომბერს ვ. ა-ემ საჩივრით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №2086020 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება და სატრანსპორტო საშუალებაზე „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...) გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება.

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამომავლო ქონება - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გირავნობის გარიგებით განსაზღვრული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მექნიკური სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში. ამავე ბრძანების მე-31 მუხლი განსაზღვრავს გირავნობის რეგისტრაციის წესს და იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელზედაც შესაძლებელია გირავნობის რეგისტრაცია. მათ შორის არის საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები.

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე, საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებების გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს გირავნობის გარიგება, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს. ამავე ბრძანების მე-14 მუხლის თანახმად, გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება: მოგირავნეზე გირავნობის გადასვლის გამო, მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მოგირავნის მიერ გირავნობის რეალიზაციის შედეგად, გირავნობის გაუქმების რეგისტრაციის გამო, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის გამო, დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზე თუ განცხადებას თან ერთვის მოგირავნის წერილობითი დასტური.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ გირავნობის რეგისტრაცია განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი შეწყვეტის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობდა.

საქალაქო სასამართლომ ასევე გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმ სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით, რასაც გირავნობის საგნის ახალ მესაკუთრეზე რეგისტრაცია წარმოშობს და განმარტა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანების მე-31 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება დამგირავებლის მიერ მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაციის არსებობისას სააგენტოში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახალ მესაკუთრეზე გადაფორმების შემთხვევაში, შემძენზე გადადის დაუტვირთავი ქონება, თუ მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოში არ მოიპოვება ინფორმაცია სამომავლო ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გახდომის შესახებ. აღნიშნული წესი არ ვრცელდება თუ შემძენი დამგირავებელია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ა-ეზე, როგორც ახალ მესაკუთრეზე გირავნობა მისთვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგების მომტანი არ არის, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკუთრების უფლების სხვა პირზე რეგისტრაციით მან ამოწურა თავისი სამართლებრივი რესურსი და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების რისკი გადავიდა თავად გარიგების მხარეებზე.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო სამსახურების სამმართველოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014 წლის 20 ოქტომბრის MIA 8 14 02086020 წერილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014 წლის 5 დეკემბრის MIA 1 14 02474446 გადაწყვეტილება; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა სამომავლო ქონების გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება მოსარჩელის - ვ. ა-ის კუთვნილ ავტომანქანაზე - „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...).

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. იმავე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

კანონით (სს კოდექსის 254.5 მუხლით) გათვალისწინებულ ინსტიტუტთან - სამომავლო ქონების გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმები ასახულია კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში, კერძოდ, „ს.ს.ი.პ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლეობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესში“.

აპელანტის - ვ. ა-ის კუთვნილ ავტომანქანაზე, მერსედეს ბენც E 200 CDI, VIN WDB ..., მოგირავნის - სს „...“ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის N892 ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-4 მუხლის საფუძველზე; კერძოდ, მართალია ვ. ა-ემ აღნიშნული ავტომანქანა შეიძინა გერმანიაში, ჰამბურგში და ავტომანქანა საქართველში შემოტანილ (ტრანსპორტირებულ) იქნა და დაექვემდებარა საბაჟო კონტროლს 2013 წლის 19 სექტემბერს, კვლავ ვ. ა-ის სახელზე, მოგვიანებით, 2013 წლის 6 ნოემბერს, სააგენტომ მონაცემთა ბაზაში მაინც დაარეგისტრირა სს „...“ და შპს „დ...“ შორის 2013 წლის 6 ნოემბერს დადებული სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გირავნობის უფლება, გამომდინარე იმ მოსაზრებიდან, რომ გირავნობის უფლების საგანს წარმოადგენდა სამომავლო ქონება, ანუ ნივთი (ავტომანქანა), რომელიც არ ეკუთვნოდა დამგირავებელს - შპს „დ...“ და რომელიც სინამდვილეში უკვე შეძენილი ჰქონდა სხვა პირს - ვ. ა-ეს.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მიზეზი, რამაც წამოშვა დავა მოსარჩელე ვ. ა-ესა და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს შორის, არის ის, რომ მოსარჩელე, როგორც მესაკუთრე, ნივთზე რეგისტრირებული (სადავო) გირავნობის უფლების გამო ვერ ახორციელებს თავის მესაკუთრულ უფლებებს; კერძოდ, მოსარჩელე ვერ ყიდის კუთვნილ ავტომანქანას; სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 22.10.2014 წელს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ავტომანქანა დაგირავებულია სს „...“ სასარგებლოდ, რის გამოც პოტენციური მყიდველები უარს აცხადებენ ასეთი ნივთის შეძენაზე - გირავნობის უფლების შესახებ ჩანაწერი პოტენციურ მყიდველს უყალიბებს იმ აზრს, რომ ავტომანქანა არ არის უნაკლო, იგი დაგირავებულია ვალდებულებების უზრუნველსაყოფად; საქმის ზეპირი განხილვის დროს გაირკვა, რომ მესამე პირი - სს „...“ დღემდე ვერ იკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მას გააჩნია დამგირავებლის (მოვალის) - შპს „დ...“ მიმართ, ეს უკანასკნელი თავს არიდებს სასესხო-სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების ბანკის წინაშე შესრულებას, შესაბამისად, მოგირავნე წინააღმდეგია, რომ გაუქმდეს ვ. ა-ის კუთვნილ ავტომანქანაზე რეგისტრირებული გირავნობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი (ბანკი) მოკლებულია შესაძლებლობას, თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნის (ავტომანქანის) ხარჯზე; აპელანტსა და მესამე პირებს შორის არსებული ფაქტობრივი ურთიერთობების ანალიზის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ტვირთი, თუმცა არაპირდაპირ, მაგრამ მაინც დაკისრებული აქვს ვ. ა-ეს, თანაც ისე, რომ მას (ვ. ა-ეს) არანაირი მონაწილეობა არ მიუღია სს „...“ და შპს „დ...“ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფორმირებაში, მას არც ერთი მხარის წინაშე არ უკისრია რაიმე სახის ვალდებულების შესრულების ტვირთი.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილია, რომ საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო ინდ. აქტები არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დებულებებს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი; ასევე, მოპასუხეს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს გააუქმოს სამომავლო ქონების გირავნობის რეგისტრაცია მოსარჩელის - ვ. ა-ის კუთვნილ ავტომანქანაზე - „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...), რადგან ადმინისტრაციული ორგანოს უმოქმედობა, ანუ უარი გირავნობის უფლების რეგისტრაციის გაუქმებაზე, ასევე ეწინააღმდეგება ზემოთ მოხმობილი ნორმების დებულებებს და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობით ირიბად სდებს ბრალს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უკანონო ქმედების განხორციელებაში, კერძოდ, სხვის საკუთრებაში არსებულ სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციაში, რაც არასწორია, ვინაიდან, კანონმდებლის მიერ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის რეგულაციის მიზნით, შემოღებულ იქნა არაერთი ინსტიტუტი, რომელთა მეშვეობით ურთიერთობის მონაწილე მხარეები ერთმანეთის მიმართ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს აწესრიგებენ. სამოქალაქო კოდექსში მოცემულია მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების კონკრეტული ჩამონათვალი; ამასთან, განასხვავებს სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებს, კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის თემაა სანივთო უფლება - სანივთო გარიგება, რომლისთვისაც დაწესებულია მთელი რიგი იმპერატიული დანაწესები; ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვა არ ნიშნავს მხარეთა ნებაზე ზეწოლას ან რაიმე სახის ზემოქმედებას, არამედ ეს ბოჭვა არსებობს უკვე და მისი განხორცილება დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. სანივთო ურთიერთობის, უფლების წინაშე ვალდებულია ყველა პირი. მხარეთა ნება სანივთო გარიგებისათვის აუცილებლად უნდა იყოს გამოხატული, მაგრამ კანონის ფარგლებში.

კასატორის განმარტებით, დავის საგანს წარმოადგენს სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე რეგისტრირებული გირავნობის უფლება. კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს მის წარმოშობას, მოქმედებას და მასთან დაკავშირებულ ყველა სახის უფლება-ვალდებულებებს, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

კასატორის განმარტებით, მთელი არსი სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე რეგისტრირებული გირავნობისა არის ის, რომ სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე რეგისტრირდება გირავნობის უფლება, კანონმდებლობით გათვალისწინებული პოცედურების საფუძველზე, თუმცა მოცემული გირავნობის უფლება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება, მხოლოდ მას შემდეგ, როცა დამგირავებელი შეიძენს რეგისტრირებული გირავნობის საგანს - სამომავლო ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ადგენს, რომ სატრასპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრასპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამომავლო ქონებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გირავნობის გარიგებით განსაზღვრული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული მექანიკური სატრასპორტო საშუალება, რომელსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში; მე-31 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო ახორციელებს გირავნობის რეგისტრაციას დამგირავებლის მიერ შესაძენ სამომავლო ქონებაზე, თუ სამომავლო ქონება წარმოადგენს საქართველოში დაურეგისტრირებელ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებული სატრანსპორტო საშუალებები, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე, საქართველოში შემოტანილი, მომსახურების სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებები; საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მიქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დეკლარირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით და მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული მექანიკური სატრასპორტო საშუალებები. მე-4 პუნქტის შესაბამისად, სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება დამგირავებლის მიერ მისი შეძენისთანავე, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაციის არსებობისას მომსახურების სააგენტოში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახალ მესაკუთრეზე გადაფორმების შემთხვევაში, შემძენზე გადადის დაუტვირთავი ქონება, თუ მოთხოვნის მომენტისათვის მომსახურების სააგენტოში არ მოიპოვება ინფორმაცია სამომავლო ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გახდომის შესახებ. მე-4 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე, საქართველოში შემოტანილი, მომსახურების სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს გირავნობის გარიგება, კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ელექტრონული ან მატერიალური სახის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და მისი საბაჟო კონტროლს დაქვემდებარების ფაქტს და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე დამგირავებლის საკუთრების უფლების წარმოშობის (გარდა სამომავლო ქონებისა) დამადასტურებელი დოკუმენტი (კონოსამენტი, ინვოისი, ნასყიდობის ხელშეკრულება და სხვ.) ან მისი ასლი. მე-5 პუნქტის თანახმად, მატერიალური სახის დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის თუ მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციისათვის საჭირო გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით.

კასატორის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის №241 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომეკლატურის“ თანახმად, მსუბუქტი ავტომობილი, როგორსაც წარმოადგენს ვ. ა-ის სახელზე რეგისტრირებული სატრასპორტო საშუალება „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...) მიეკუთვნება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდს 8703.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრასპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ მე-14 მუხლის შესაბამისად, გირავნობის უფლების რეგისტრაცია შეწყდება მოგირავნეზე გირავნობის გადასვლის გამო, მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, მოგირავნის მიერ გირავნობის რეალიზაციის შედეგად, გირავნობის გაუქმების რეგისტრაციის გამო, მექანიკური სატრასპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის გამო, დამგირავებლის მოთხოვნის საფუძველზე განცხადებას გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ თან უნდა ერთვის მოგირავნის წერილობითი დასტური და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

კასატორის განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, დღეს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულია სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, რომელიც არ წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე დარეგისტრირებული გირავნობა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ობიექტად იქცევა მხოლოდ მაშინ, როდესაც დამგირავებელი შეიძენს სამომავლო ქონებას და რეგისტრირდება მოცემული სამომავლო ქონება როგორც მისი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კასატორის მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლზე მოცემული სადავო გადაწყვეტილების მსჯელობა სამართლებრივად არ არის გამართული, ვინაიდან აღნიშნული მუხლი წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრინციპს, რომელიც განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას. საქმეზე ზ. ელაშვილი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის საჭიროება გამომდინარეობს ამ უფლების სოციალური დატვირთვიდან. საკუთრების უფლების შეზღუდვაა ყველა ის შემთხვევა, როდესაც ხდება სახელმწიფოს მიერ საკუთრების შინაარსისა და ფარგლების დადგენა, ამ მხრივ კონკრეტული რეგულაციის საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა. სახელმწიფო საკუთრების შეზღუდვისას ადგენს სამართლებრივ რეჟიმს, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ იგი (სახელმწიფო) პირდაპირ მონაწილეობდეს კონკრეტულ ურთიერთობაში. ურთიერთობის მონაწილენი შესაძლებელია კერძო, ფიზიკური პირები, ან კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები იყვნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დავის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის გამოყენება არის უსაფუძვლო.

რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლს, კასატორი აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის პირველი ნაწილით მოცემულია მესაკუთრისა და მისი უფლებების დეფინიცია, რომლითაც არ უნდა მოწესრიგდეს აღნიშნული დავა; სასამართლომ არასწორი ნორმა გამოიყენა დავის გადასაწყვეტად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე რეგისტრირებული გირავნობის უფლება არ ზღუდავს მესაკუთრის უფლებას, რომ ის არ წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, მანამ სანამ დამგირავებელი არ შეიძენს სამომავლოდ დაგირავებულ ქონებას. შესაბამისად, გაუგებარია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე სამართლებრივი დასაბუთების აგება, კონკრეტული დავა არ ექცევა მათ რეგულაციაში.

კასატორის განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან მიმართებაში, რომ ვინაიდან, ავტომანქანა დაგირავებულია სს „...“ სასარგებლოდ, პოტენციური მყიდველი უარს ამბობს მანქანის შეძენაზე, რითაც მოსარჩელეს ადგება ზიანი, უსაფუძვლოა, რადგან, სამართლებრივად მესაკუთრეს არ წარმოეშვება შეზღუდვები, მოქმედი კანონმდებლობა ითავლისწინებს სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციას მესაკუთრის ნებართვის გარეშე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის დარეგისტრირებული სამომავლოდ შესაძენ ნივთზე გირავნობის უფლება, რომელიც მხოლოდ დამგირავებლის საკუთრებაში აღრიცხვისას ტრასფორმირდება - მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, შესაბამისად ნივთი უფლებრივად უნაკლოა. რაც შეეხება 2014 წლის 22 ოქტომბრის მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობაში სწორად არის მითითებული ინფორმაცია - საგანზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო რაც შეეხება საზოგადოების სამართლებრივი განვითარების დონემ და ცოდნამ არ უნდა განსაზღვროს სასამართლოს მიერ არასწორი სამართლებრივად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ვ. ა-ეს, როგორც მესაკუთრეს არ ელახება საკუთრების უფლება, მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...) წარმოადგენს უფლებრივად უნაკლო ნივთის სტატუსის მატარებელს. შესაბამისად, კასატორის განმარტებით, სატრასპორტო საშუალებაზე „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...) სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე გირავნობის უფლება რეგისტრირებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო გირავნობის უფლების რეგისტრაციის გაუქმების საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტროს 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ მე-14 მუხლით განსაზღვრული საფუძველი არ წარმოშობილა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მხარეებს მისცა ვადა მორიგებისათვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 3 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა სატრასპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 26 სექტემბრის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ: ,,მიეცა, მოქალაქე ვ. ა-ეს დაბადებულს 06.02.1967 წელს, პ/ნ ..., მცხოვრები ოზურგეთი, ... ქ. №97 მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ..., მარკა-მოდელი მერსედეს-ბენცი E 200 CDI, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., სატრასპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ... გაცემული 28/10/2015 წ. რეგისტრირებულია ოზურგეთი ... 97-ში მცხოვრებ, მესაკუთრე ა-ე ვ. სახელზე. უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. გატაცებულ ავტომანქანათა სიაში არ ირიცხება. 2013 წლის 6 ნოემბერს რეგისტრირებულია გირავნობის უფლება სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე შპს „დ...“ და სს „...“ შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების (ხელშეკრულება №25/34221, თარიღი: 06.11.2013წ.) საფუძველზე დამგირავებლის (შპს „დ...“) მიერ სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე, სატრასპორტო საშუალებაზე მერსედეს ბენც E 200 CDI (VIN: ...), რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ გამხდარა. სატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენც E 200 CDI (VIN: ...) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეიძლება გახდეს შპს „დ...“ მიერ შეძენის შემთხვევაში“, საბოლოოდ, სასამართლოს ძალისხმევისა და მოპასუხის პოზიციის მიუხედავად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მორიგება ვერ შედგა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვ. ა-ემ ავტომანქანა მერსედეს ბენც E 200 CDI, VIN WDB ... შეიძინა გერმანიაში, ჰამბურგში. ავტომანქანა საქართველში ტრანსპორტირებულ იქნა და დაექვემდებარა საბაჟო კონტროლს 2013 წლის 19 სექტემბერს.

2013 წლის 6 ნოემბერს სს „...“ და შპს „დ...“ შორის გაფორმდა სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულება №25/34221, რომლის მიხედვით გირაოს საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენთიფიკაციო ნომერი: ...).

სს „...“ და შპს „დ...“ შორის 2013 წლის 6 ნოემბერს დადებული სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულება N25/34221 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დარეგისტრირდა 2013 წლის 6 ნოემბერს.

2014 წლის 8 აგვისტოს ვ. ა-ის სახელზე დარეგისტრირდა ავტომანქანა „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...).

2014 წლის 15 აგვისტოს ვ. ა-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა გირავნობის ხელშკრულების რეგისტრაციის გაუქმება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის MIA 8 1402086020 ადმინისტრაციული აქტით ვ. ა-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2014 წლის 24 ოქტომბერს ვ. ა-ემ საჩივრით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №2086020 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სატრანსპორტო საშუალებაზე „მერსედეს ბენც E200 CDI“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ...) გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრასპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 22 ოქტომბრის 49/9/6-00870598 ცნობიდან ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით ა-ე ვ. სახელზე რეგისტრირებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მარკა - მოდელი - მერსედეს-ბენცი E200 CDI, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007, სანომრე ნიშანი - ..., საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., ტრასპორტის რეგისტრაციის მოწმობა - ... გაცემული 08/08/2014 წ. რეგისტრირებულია გირავნობა სატრასპორტო საშუალებაზე: მოდელი - „მერსედეს ბენც E200 CDI, შასი/ვინი ..., გამოშვების წელი - 2007. მოგირავნე „...“, დამგირავებელი შპს „დ...“ (ფ-ი მ.) (ხელშეკრულება №25/34221, თარიღი 06.11.2013) გატაცებულთა სიაში არ ირიცხება.

2016 წლის 3 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა სატრასპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 26 სექტემბრის ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ: „მიეცა, მოქალაქე ვ. ა-ეს დაბადებულს 06.02.1967 წელს, პ/ნ ..., მცხოვრები ოზურგეთი, ... ქ. №97 მასზედ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ..., მარკა-მოდელი მერსედეს-ბენცი E 200 CDI, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ... გაცემული 28/10/2015 წ. რეგისტრირებულია ოზურგეთი ... ქ. №97-ში მცხოვრებ, მესაკუთრე ა-ე ვ. სახელზე. უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. გატაცებულ ავტომანქანათა სიაში არ ირიცხება. 2013 წლის 6 ნოემბერს რეგისტრირებულია გირავნობის უფლება სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე შპს „დ...“ და სს „...“ შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების (ხელშეკრულება №25/34221, თარიღი: 06.11.2013წ.) საფუძველზე დამგირავებლის (შპს „დ...“) მიერ სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე მერსედეს ბენც E 200 CDI (VIN: ...), რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ გამხდარა. სატრანსპორტო საშუალება მერსედეს ბენც E 200 CDI-ის (VIN: ...) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეიძლება გახდეს შპს „დ...“ მიერ შეძენის შემთხვევაში“.

სს „ტ...“ (სს „...“ უფლებამონაცვლე) წარმომადგენლის ახსნა-განმარტებითაც ასევე დასტურდება, რომ ავტოსატრასპორტო საშუალება მერსედეს ბენც E 200 CDI-ის (VIN: ...) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გადაიქცევა მხოლოდ მას შემდეგ, როცა აღნიშნული ავტომობილის მესაკუთრე გახდება შპს „დ...“.

განსახილველი დავის საგანს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის MIA 8 14 02086020 ადმინისტრაციული აქტის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 დეკემბრის MIA 1 14 02474446 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და „მერსედეს ბენც E200 CDI“ VIN: ... ავტომანქანაზე სამომავლო ქონების გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენს.

ვ. ა-ე მოცემული დავის მიმართ კანონიერი ინტერესის არსებობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არის „მერსედეს ბენც E200 CDI“ VIN: ... ავტომანქანის მესაკუთრე და სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულების დადება და რეგისტრაცია მისი თანხმობის გარეშე არ უნდა განხორციელებულიყო, ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 22 ოქტომბრის 49/9/6-00870598 ცნობიდან ირკვევა, რომ ავტომანქანა არის ნაკლის მქონე, კერძოდ, იგი დაგირავებულია ვალდებულების უზრუნველსაყოფად, რის გამოც ვერ ახდენს აღნიშნული მანქანის რეალიზაციას.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის უზრუნველყოფის საკმაოდ გავრცელებულ საშუალებებს მიეკუთვნება სანივთო უზრუნველყოფის საშუალებები, ერთ-ერთი მათგანია გირავნობა, რომელიც საკუთრების უფლებისაგან ნაწარმოებ უფლებად განიხილება და პირს გირავნობის უფლებით ქონების დატვირთვის შესაძლებლობა მას შემდეგ წარმოეშობა, რაც მოიპოვებს საკუთრების უფლებას გირავნობის საგანზე. ძირითად ვალდებულებაში მოვალეს ან მესამე პირს გირავნობის უფლების წარმოშობის ეტაპზე უნდა გააჩნდეს საკუთრების უფლება უზრუნველყოფის საგანზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უზრუნველყოფის საგანია სამომავლო ქონება.

ქონებაზე უფლებათა აღრიცხვის სფეროში რეგისტრაციის შემოღებამ შესაძლებელი გახადა სამომავლო ქონების დაგირავება. ქონების არარსებობა გამორიცხავს მასზე მფლობელობითი გირავნობის წარმოშობას. სამართლებრივი თვალსაზრისით, გირავნობის ობიექტი შესაძლებელია ბუნებაში არსებობდეს, თუნდაც მასზე საკუთრების უფლება არ იყოს წარმოშობილი.

გირავნობის უფლებით შესაძლებელია დაიტვირთოს სამომავლო მოთხოვნებიც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 254.5 მუხლის შესაბამისად, „მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად“.

ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სამომავლო ქონების გირავნობის ობიექტად გამოყენების შემთხვევაში, გირავნობის უფლება წინ უსწრებს უზრუნველყოფის საგანზე საკუთრების უფლების წარმოშობას, რაც შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის დროს. სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მას შემდეგ, რაც დამგირავებელს წარმოეშობა მასზე საკუთრების უფლება. სამომავლო ქონებაზე უფლების წარმოშობა კი დაკავშირებულია გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტზე. შესაბამისად, გირავნობის უფლება სამომავლო ქონებაზე წარმოშობილად ითვლება რეგისტრაციის მომენტიდან.

სამოქალაქო კოდექსი ასევე აწესრიგებს გირავნობის რეგისტრაციის წესს, კერძოდ, 258.1 მუხლის შესაბამისად, რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით კი რეგლამენტირებულია სატრანსპორტო საშუალებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გირავნობის რეგისტრაციის წესი, კერძოდ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში.

მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის წესი ასევე განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრასპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის“ მეორე თავით. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო მე-31 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, „კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტო ახორციელებს გირავნობის რეგისტრაციას: ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განსაზღვრამდე, საქართველოში შემოტანილი, სააგენტოში დაურეგისტრირებელი, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებებზე; ბ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) საბაჟო რეჟიმში ან საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მიქცეულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც დეკლარირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით (28.11.2013 N902); გ) სააგენტოში რეგისტრირებულ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე. დ) დამგირავებლის მიერ შესაძენ სამომავლო ქონებაზე, თუ სამომავლო ქონება წარმოადგენს; დ.ა) საქართველოში დაურეგისტრირებელ, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8702, 8703 და 8704 (რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ 3 მეტია) სასაქონლო პოზიციებში აღწერილ და კლასიფიცირებულ სატრანსპორტო საშუალებებს; დ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს“; მე-4 პუნქტის თანახმად, სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება დამგირავებლის მიერ მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად; მე-6 პუნქტის მიხედვით, კი სამომავლო ქონებაზე გირავნობის რეგისტრაციის არსებობისას სააგენტოში დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახალ მესაკუთრეზე გადაფორმების შემთხვევაში, შემძენზე გადადის დაუტვირთავი ქონება, თუ მოთხოვნის მომენტისათვის სააგენტოში არ მოიპოვება ინფორმაცია სამომავლო ქონების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გახდომის შესახებ. აღნიშნული წესი არ ვრცელდება თუ შემძენი დამგირავებელია.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია იმ ქონების დაგირავება, რომელსაც დამგირავებელი მომავალში შეიძენს, ხოლო ეს ქონება მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დადებულია და რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილო წესით, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გადაიქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი გახდება მისი მესაკუთრე; მანამდე, მიუხედავად სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულების არსებობისა, მასზე სამართლებრივად უზრუნველყოფის ღონისძიება არ ამოქმედდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის დებულებებს, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2014 წლის 22 ოქტომბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დაგირავებულია სს „...“ სასარგებლოდ, რის გამოც პოტენციური მყიდველები უარს აცხადებენ ასეთი ნივთის შეძენაზე - გირავნობის უფლების შესახებ ჩანაწერი პოტენციურ მყიდველს უყალიბებს იმ აზრს, რომ ავტომანქანა არ არის უნაკლო, იგი დაგირავებულია ვალდებულებების უზრუნველსაყოფად და იზიარებს კასატორის მსჯელობას იმასთან მიმართებაში, რომ მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამომავლოდ შესაძენ ქონებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციას მესაკუთრის ნებართვის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ავტომანქანა მერსედეს ბენც E 200 CDI, VIN WDB ..., რომელიც მოსარჩელემ შეიძინა გერმანიაში, საქართველოში ტრანსპორტირებულ იქნა და საბაჟო კონტროლს დაექვემდებარა 2013 წლის 19 სექტემბერს.

აღნიშნული ავტომანქანა, რომელიც წარმოადგენს სამომავლო ქონების გირავნობის ხელშეკრულების საგანს, 2013 წლის 6 ნოემბერს სს „...“ და შპს „დ...“ შორის ხელშეკრულების დადების დროს და მისი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციისას არ წარმოადგენდა მოსარჩელის ვ. ა-ის საკუთრებას, ავტომანქანა მის სახელზე დარეგისტრირდა 2014 წლის 8 აგვისტოს.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კანონმდებლობის სრული დაცვით არის დარეგისტრირებული სამომავლოდ შესაძენ ნივთზე გირავნობის უფლება, რომელიც მხოლოდ დამგირავებლის საკუთრებაში აღრიცხვისას ტრასფორმირდება - მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, შესაბისად, ნივთი უფლებრივად უნაკლოა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ 2016 წლის 3 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ 2016 წლის 26 სექტემბერს გაცემულ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შესწორებულ ცნობაში პირდაპირ მიეთითა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - ..., მარკა-მოდელი მერსედეს-ბენცი E 200 CDI, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2007, საიდენტიფიკაციო ნომერი - ..., სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - ... გაცემული 28/10/2015 წ. რეგისტრირებულია ოზურგეთი ... №97-ში მცხოვრებ, მესაკუთრე ა-ე ვ. სახელზე, უფლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მოსარჩელეს - ვ. ა-ეს, როგორც მესაკუთრეს არ ელახება საკუთრების უფლება და მის საკუთრებაში რეგისტრირებული ავტომობილი არის ნივთობრივად უნაკლო.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს 2013 წლის 6 ნოემბერს სააქციო საზოგადოება „...“ და შპს „დ...“ შორის გაფორმებული სამომავლო ქონების გირავნობის №25/34221 ხელშეკრულების საფუძველზე „მერსედეს-ბენცი E200 CDI“ VIN: ... ავტომანქანაზე სამომავლო ქონების გირავნობის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრაციის საქმეზე კანონშეუსაბამობა არ დასტურდება. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც, სარჩელის მიზანი მიუღწეველი დარჩება, რამდენადაც რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაშიც, ძალაშია მისი საფუძველი - 2013 წლის 6 ნოემბერს სააქციო საზოგადოება „...“ და შპს „დ...“ შორის გაფორმებული სამომავლო ქონების გირავნობის №25/34221 ხელშეკრულება, რომელზეც მოსარჩელეს დავა არ დაუწყია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმედეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ვეფხია ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი

#ბს-297-295(კ-16) 7 დეკემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 15 დეკემბერს ვ. ა-ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო მომსახურების სამმართველოს 2014 წლის 20 ოქტომბრის MIA 8 14 02086020 ადმინისტრაციული აქტის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2014 წლის 5 დეკემბრის MIA 1 14 02474446 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და „...“ VIN: ...-ის ავტომანქანაზე სამომავლო ქონების გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირებად ჩაებნენ სს „...“ და შპს „...“.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო და საგამოცდო სამსახურების სამმართველოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014 წლის 20 ოქტომბრისMMIA 8 14 02086020 წერილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2014 წლის 5 დეკემბრისMMIA 1 14 02474446 გადაწყვეტილება; მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაევალა სამომავლო ქონების გირავნობის რეგისტრაციის გაუქმება მოსარჩელის - ვ. ა-ის კუთვნილ ავტომანქანაზე - „...“ (საიდენტიფიკაციო მონაცემები: ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 30 ნოემბერს.

2016 წლის 5 დეკემბერს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სასამართლო ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას; ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ №06779 საგადახდო მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, კასატორს – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 30 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს _ 300 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, ვ. ა-ეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 30 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი _ 300 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ვ. ა-ეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საკასაციო საჩივარზე 2016 წლის 30 მარტს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი _ 300 ლარის ანაზღაურება;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლე: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი