Facebook Twitter

საქმე № ბს-317-315 (კ-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს. ჟ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2016წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის ტექ. აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 01.11.2001წ. გეგმა-ნახაზის და 13.09.2002 წ. №5/26 ცნობა-დახასიათების, საჯარო რეესტრიდან ნ. პ-ას სახელზე გაცემული 30.09.2002წ. ამონაწერის ნაწილობრივ - შემინული აივნის და სათავსოს - თვითნებური მშენებლობის ნაწილში ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 20.12.2012წ. და 26.12.2012წ. გადაწყვეტილებების - ს. ჟ-ის საკუთრებაში შემინული აივნის და სათავსოს დარეგისტრირების ნაწილში ბათილად ცნობა.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში ესამე პირად ჩაბმულ იქნა ს. ჟ-ი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 02.08.2013წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.2013წ. განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.10.2014წ. განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2016წ. გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ქუთაისის მერიის ტექ.აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის 01.11.2001წ. გეგმა-ნახაზი და 13.09.2002 წ. №5/26 ცნობა-დახასიათება, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ნ. პ-ას სახელზე გაცემული 30.09.2002წ. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი შემინული აივნის და სათავსოს - თვითნებური მშენებლობის ნაწილში, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 20.12.2012წ. და 26.12.2012წ. გადაწყვეტილებები, ს. ჟ-ის საკუთრებაში შემინული აივნის და სათავსოს დარეგისტრირების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჟ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ჟ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, ს. ჟ-ს (პ.ნ. ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 19.05.2016წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ჟ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2016წ. გადაწყვეტილება;

3. ს. ჟ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 19.05.2016წ. №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი