ბს-330-327(2კ-კს-16) 13 ოქტომბერი,2016
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჩ-მა 06.10.2014წ. სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ 24000 აშშ დოლარის (სარჩელის შეტანის დღისთვის 42160 ლარის) ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.01.2015წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.2015წ. გადაწყვეტილება, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ი. ჩ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 42160 ლარის, ასევე ი. ჩ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1265 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2015წ. განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა იმგვარად, რომ გადაწყვეტილებაში ყველგან რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაზე დასაკისრებელი (დაკისრებული) მატერიალური ზიანის თანხის ოდენობად, ნაცვლად 42 000 ლარისა, მითითებულ იქნა 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. ჩ-ისა და ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატის 05.05.2016წ. განჩინებით ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი
საქმე ბს-330-327(2კ-კს-16) 5 მაისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.01.15წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი მოპასუხე: რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.15წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელე - ი. ჩ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 42 160 ლარის ანაზღაურება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.15წ. განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.15წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა იმგვარად, რომ გადაწყვეტილებაში ყველგან (აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში) მოპასუხეზე - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაზე დასაკისრებელი (დაკისრებული) მატერიალური ზიანის თანხის ოდენობად, ნაცვლად 42 000 ლარისა, მითითებულ იქნა 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.15წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ჩ-მა და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორმა ი. ჩ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თანხის ოდენობის და სახეობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მატერიალური ზიანის სახით 42 160 ლარის ნაცვლად 24 000 აშშ დოლარის დაკისრება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული 29.10.15წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელე - ი. ჩ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 42 160 ლარის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს 25.03.15წ. განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.15წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა იმგვარად, რომ გადაწყვეტილებაში ყველგან (აღწერილობით, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში) მოპასუხეზე - რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაზე დასაკისრებელი (დაკისრებული) მატერიალური ზიანის თანხის ოდენობად, ნაცვლად 42 000 ლარისა, მითითებულ იქნა 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი.
კასატორის - ი. ჩ-ის ერთადერთ მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.15წ. გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული 42 160 ლარის ოდენობა შეიცვალოს 24 000 აშშ დოლარით, რაც ფაქტობრივად სასამართლომ გაასწორა უსწორობის გასწორების შესახებ 25.03.15წ. განჩინებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საჩივრის წარმოებაში მიღებისათვის საკასაციო საჩივრის ავტორი უნდა უთითებდეს, რომ სასამართლო აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის მოთხოვნა, არ იკვეთება ი. ჩ-ის კანონიერი ინტერესი მისი გაუქმებისადმი. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება – შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, იგი მთლიანად პირის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზანს ემსახურება. პირი კეთილსინდისიერად უნდა იყენებდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. მართლმსაჯულება არის იურისდიქციული საქმიანობის სახეობა, რომელიც ეხება დავის გადაწყვეტას, კონფლიქტის გადაჭრას, დარღვეული უფლების აღდგენას ან კანონიერი ინტერესის დაცვას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებით დამდგარია ის სამართლებრივი შედეგი, რასაც ი. ჩ-ი ითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე არ არის ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება;
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი