11 1 ოქტომბერი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, მარიამ ცისკაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ქ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 3 ივლისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ლ. ქ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ¹7402872, საქართველოს სსკ-ის 148-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო ა. ა-ის ნდობით აღჭურვილი პირის, რ. ხ-ს საჩივრის საფუძველზე ჩატარებული წინასაგამოძიებო შემოწმების მასალები.
საჩივრის თანახმად, ლ. ქ. . ა-ს ცილს სწამებდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში, კერძოდ, ის ა. ა-ს ბრალს სდებდა 495049 აშშ დოლარის ღირებულების პურის ფქვილის, 385300 აშშ დოლარის ღირებულების 34 ავტომანქანის, 96600 აშშ დოლარის გამოძალვაში.
რ. ხ-ს საჩივარში აღნიშნული იყო ასევე ლ. ქ-ის მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რომლებითაც მან ბრალი დასდო ა. ა-ს აგრეთვე სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2002 წლის 8 ივლისს შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გადაიგზავნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში, სადაც 2002 წლის 16 აგვისტოს ლ. ქ. მიცემულ იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 148-ე მუხლის საფუძველზე.
2002 წლის 27 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიებად მას შეეფარდა დაპატიმრება და გამოცხადდა მისი ძებნა.
2004 წლის 3 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გააუქმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გამოტანილი დადგენილება ლ. ქ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ასევე გაუქმდა მის მიმართ გამოცხადებული ძებნის დადგენილება.
ზემოხსენებული დადგენილებების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ისინი გამოტანილი იყო კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, ლ. ქ. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. „საქართველოს პარლამენტის წევრის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, პარლამენტის ყოფილი წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შეუძლია საქართველოს გენერალურ პროკურორს. პარლამენტის ყოფილი წევრი ამ უფლებით სარგებლობს ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ვადით.
2004 წლის 8 მაისს გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ. ქ-ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – დაპატიმრება.
2005 წლის 8 ოქტომბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გამოტანილ იქნა დადგენილება, რომლითაც შეწყდა წინასწარი გამოძიება ლ. ქ-ის მიმართ აღძრულ ¹7402872 სისხლის სამართლის საქმეზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით გაუქმდა სსკ-ის 148-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ცილისწამება) დასჯადობა, რაც, საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
2006 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ლ. ქ-მ მიმართა განცხადებით, რომლითაც იგი ითხოვდა სამართალწარმოების ორგანოების უკანონო მოქმედებით მისთვის მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებას, კერძოდ, ქონებრივი ზიანის ნაწილში იგი ითხოვდა 54 000 ევროს, 250 000 აშშ დოლარსა და 37 720 ლარს, ხოლო მორალური ზიანის ნაწილში – 10 000 000 აშშ დოლარს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლ. ქ-ის განცხადება განიხილა 2006 წლის 30 ნოემბერს და თავისი დადგენილებით უარი უთხრა მას ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ქ-ის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო, ამასთან, მან ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლოს მიმართა საპროცესო კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ე.ი. მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება ლ. ქ-მ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. კერძო სააპელაციო საჩივრით იგი ითხოვდა აღნიშნული დადგენილების გაუქმებას, ასევე მისთვის მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურებას მის მიერ მითითებული ოდენობით.
საჩივარი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, რომელმაც, არ გაიზიარა რა აპელანტის მოსაზრებები, 2007 წლის 27 თებერვლის განჩინებით უცვლელად დატოვა ლ. ქ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი დადგენილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 თებერვლის განჩინება რეაბილიტირებულ ლ. ქ-ის მიმართ, ხოლო მისი კერძო სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 30 ნოემბრის დადგენილებიდან ამოირიცხა მითითება ხანდაზმულობის მოტივით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. დანარჩენ ნაწილში დადგენილება დარჩა უცვლელად.
ლ. ქ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას (სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ტოლფასი სამსახურის უზრუნველყოფის მოთხოვნის გარდა). კასატორის აზრით, განჩინება გამოტანილია მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე უკანონო და დაუსაბუთებელია.
უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მორალური ზიანის სახით 10000000 აშშ დოლარის მოთხოვნის შესახებ, რადგან, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირის სასარგებლოდ მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციით ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც პირი უკანონოდ იყო დაკავებული ან დაპატიმრებული, რასაც ლ. ქ-ის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
ასევე, საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი ზიანი პირს სრული მოცულობით აუნაზღაურდება, თუ დადგინდა, რომ მისი დაკავება ან დაპატიმრება უკანონო ან დაუსაბუთებელი იყო.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, ლ. ქ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 148-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე აღიძრა 2002 წლის 3 ივლისს. 2002 წლის 27 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით ლ. ქ-ს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდა დაპატიმრება და დამოცხადდა მისი ძებნა. 2004 წლის 3 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გააუქმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში გამოტანილი დადგენილება ლ. ქ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ასევე გაუქმდა მის მიმართ გამოცხადებული ძებნის დადგენილება. 2004 წლის 28 მაისს გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ლ. ქ-ისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ დაპატიმრება. ლ. ქ. გერმანიაში გაემგზავრა 2000 წლის დასაწყისში, ე.ი. საქმე აღიძრა მისი გერმანიაში გამგზავრებიდან თითქმის 2 წლისა და 6 თვის შემდეგ. ასეთ ვითარებაში ობიექტურად ყოვლად შეუძლებელია 2000 წელს გერმანიაში გამგზავრების მიზეზი ყოფილიყო 2002 წლის ივლისში აღძრული საქმე, რაც ლ. ქ-ის მიერ 2000 წლის დასაწყისში ქვეყნის დატოვების მიზეზი ვერ გახდებოდა. ამდენად, გერმანიაში ცხოვრებისათვის დახარჯული თანხა შეუძლებელია დაეკისროს სახელმწიფოს, მისი ორგანოების მიერ 2002 წლის 3 ივლისიდან 2005 წლის 8 ოქტომბრამდე დაშვებული უკანონო მოქმედებების გამო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის მასალების მიხედვით, ჩამოთვლილი ზიანის ხარჯთაღრიცხვის ან სხვაგვარი დოკუმენტური დასაბუთება ლ. ქ-ს არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება არის კანონიერი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.