Nბს-400-395 (2კ-16) 4 ოქტომბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე);
მოწინააღმდეგე მხარე - ა. ს-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ს-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ მოითხოვა:
1. ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა;
3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ასათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;
4. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას სასარგებლოდ მის მიერ 2009, 2010, 2011, 2013 და 2014 წლებში გამოუყენებელი შვებულების სრულად ანაზღაურება
5. დაეკისროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის გაღებული 25 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანება ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; მოპასუხეს დაეკისრა ა. ს-ას მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 600 ლარისა და სანოტარო აქტის შედგენისთვის გაღებული 12 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხეს დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება; მოპასუხეს დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 1000 ლარის და სანოტარო აქტის შედგენის საფასურის- 25 ლარის ანაზღაურება; ხოლო დანარჩენ ნაწილში ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
6. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის პირველი ოქტომბრის №1781 განკარგულებით ა. ს-ა დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, კონკურსის შედეგად 2 თვის გამოსაცდელი ვადით (ტომი 1, ს.ფ. 15);
7. 2014 წლის 3 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოახსენა, რომ მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსმა - ა. ს-ამ წარუდგინა შპს ,,...” სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული აქტით შპს ,,...’’ უნდა გადარიცხულიყო 2480 ლარი გაწეული მომსახურებისთვის, თუმცა აღნიშნულ აქტთან დაკავშირებით წარმოეშვა სხვადასხვა სახის კითხვები, კერძოდ: 1. ჰქონდა თუ არა როდესმე განხორციელებული ინსპექტირება და კონტროლი, რაზეც ა. ს-ამ სიტყვიერად განუმარტა, რომ არ ჰქონია; 2. რის საფუძველზე მოაწერა მან მიღება-ჩაბარების აქტს ხელი და რატომ არ აცნობა ამის თაობაზე სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს; 3. რატომ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მიუხედავად იმისა, რომ იგი მომწოდებლის მიერ ხელმოუწერელი იყო; 4. რატომ დაარტყა მიღება-ჩაბარების აქტს სამსახურის ბეჭედი სამსახურის უფროსის ნებართვის გარეშე; 5. ხელშეკრულების შესაბამისად, მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილნი არიან ადმინისტრაციის ქალაქგაფორმების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურები, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მხოლოდ თვითონ - ა. ს-ა აწერდა.
8. წერილში აღნიშნულია, რომ ხსენებულ შეკითხვებთან დაკავშირებით ა. ს-ას მოეთხოვა წარედგინა ახსნა-განმარტებითი ბარათი, რაც მან არ შეასრულა და ისე დატოვა სამსახური. სამსახურის უფროსმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხი შემდგომი რეაგირებისა და დასკვნისათვის გადაგზავნოდა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს (ტომი I, ს.ფ. 24);
9. 2014 წლის 9 სექტემბერს ა. ს-ას მიერ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის თანამშრომლებისთვის მიცემული ახსნა-განმარტების თანახმად: 1. ტრანსპორტით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში, ხელმძღვანელის ზეპირსიტყვიერი მითითების საფუძველზე, მის მოვალეობას წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება; 2. მიმწოდებლის მხრიდან აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე კონტროლის ღონისძიებას წარმოადგენდა შემსრულებლის მიერ მომსახურების ვალდებულების ხარისხიანად შესრულება - დავალების შესაბამისად მითითებულ მისმართზე წარმოდგენილიყო შესაბამისი ოდენობის სატრანსპორტო საშუალება, შემოწმებულიყო მონაწილეების რაოდენობის შესაბამისობა წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაში არსებულ ადგილებთან, ამ სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების ადგილამდე აეყვანა ღონისძიებების მონაწილეები; 3. მიღება-ჩაბარების გაფორმების საფუძველს წარმოადგენდა შპს ,,...“ დირექტორის - გ. ნ-ის მიერ ავტოტრანსპორტის მომსახურების შესრულების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტი; 4. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით ელ. ფოსტის მეშვეობით შემსრულებელმა წარმოადგინა წერილობითი შეტყობინება შესრულებული სამუშაოების შესახებ, რომლის საფუძველზეც ა. ს-ას მიერ მომზადდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც დანართის სახით ახლავს შესრულება ტრანსპორტით მომსახურებაზე. ა. ს-ას მხრიდან მომზადდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც მოეწერა ხელი, როგორც წესი და დაერტყა სამსახურებრივი ბეჭედი ცალმხრივად, რაც წარედგინა სამსახურის უფროსს შესათანხმებლად; 5. ვალდებულება - მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე საქმის კურსში ჩაეყენებინა სამსახურის უფროსი ჰქონდა მანამდე, სანამ შემსრულებელი მოაწერდა ხელს და წაიღებდა თავის ეგზემპლარს. 6. უფროსის თანაშემწის ნებართვის გარეშე სამსახურებრივი ბეჭედი იყო მიუწვდომელი, შესაბამისად, ბეჭედს თვითნებურად ვერ გამოიყენებდა. ბეჭდის დასმა და დოკუმენტის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა ერთდროულ/თანმიმდევრულ მოქმედებებს წარმოადგენდა (ტომი I, ს.ფ. 44-46);
10. 2014 წლის 15 სექტემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით მიმართეს ამავე სამსახურის მონიტორინგის განყოფილების მთავარმა სპეციალისტებმა და მიუთითეს, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს ქ. თბილისის მერიას და შპს ,,...“ შორის დაიდო N10.2/20/490 ხელშეკრულება ტრანსპორტით მომსახურებაზე. სახელშეკრულებო ღირებულებით - 114 340.00 ლარი მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. საბიუჯეტო კოდით 8.8 შემდგომში 8.6.1 პროგრამის შესრულებაზე (სახელშეკრულებო თანხა 49900 ლარი) მიღება - ჩაბარების აქტებს აფორმებდა და ადასტურებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის სამსახურის განყოფილების უფროსი ა. ს-ა. ,,ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების’’ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ შესყიდვებზე შპს ,,...’’ მიერ წარდგენილი და ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის ა. ს-ას მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტების შესაბამისად, შპს ,,...” ანაზღაურებული ტრანსპორტის მომსახურების ოდენობა 2046 კილომეტრით აღემატებოდა აუდიტის სამსახურის მიერ მსოფლიო გლობალურ ქსელში (ინტერნეტში) მოძიებული მონაცემების საფუძველზე გაანგარიშებულ შპს ,,ნიშის’’ მიერ გაწეული ტრანსპორტის მომსახურების ოდენობას. ამასთან, ა. ს-ამ აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს ვერ წარუდგინა შპს ,,...’’ მიერ წარდგენილი გაწეული ტრანსპორტის მომსახურების ოდენობის (კილომეტრაჟის) გადამოწმების მიზნით ჩატარებული ინსპექტირების ან კონტროლის რაიმე ღონისძიების შესახებ ინფორმაცია ან დოკუმენტი. ამ უკანსკნელს ჩამოერთავა რა ახსნა-განმარტება თავის საქმინობასთან დაკავშირებით, დადგინდა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახურის ახალგაზრდული საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი ა. ს-ა შპს ,,...“ მიერ გაწეული ტრანსპორტის მომსახურების ოდენობის (კილომეტრაჟის) დადასტურებას ახდენდა ხელშეკრულების 5.1 და 5.2 პუნქტებით გათვალისწინებული პერიოდული ინსპექტირებისა და კონტროლის ღონისძიებების განხოციელების გარეშე, რაც მიუთითებს ა. ს-ას სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაზე და წარმოადგენს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის დისციპლინურ გადაცდომას. მოხსენებით ბარათში ასევე მითითებულია სამსახურის უფროსის თანაშემწის, როგორც ბეჭედზე პასუხისმგებელი პირის, მიმართ მითითების მიცემა, არ დაუშვას სამსახურებრივი ბეჭდის განთავსება მასთან შეუთანხმებლად სხვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. (ტომი I, ს.ფ. 19-23);
11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის უფროსმა 2014 წლის 15 სექტემბერს №10-10/14246952 მოხსენებითი ბარათით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოახსენა, რომ შესწავლილი მასალების მიხედვით, ა. ს-ა არაჯეროვნად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობებს, რაც საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 78-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს, შესაბამისად, მის მიმართ შესაძლებელი იყო გამოყენებული ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,სამსახურიდან გათავისუფლება’’ (ტომი I, ს.ფ. 17-18);
12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბერის №793 ბრძანებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი ა. ს-ა, სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში დარღვევისათვის, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (ტომი I, ს.ფ. 16);
13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 24 ნოემბრის წერილის თანახმად, იმ საკითხთან დაკავშირებით თუ რამდენად უტყუარია მსოფლიო გლობალურ ქსელში (ინტერნეტი) ,,Google Map-ის“ მიერ მოცემული კილომეტრაჟის დამადასტურებელი მონაცემები, შეუძლებელია ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კვლევის ჩატარება და დასკვნის გაცემა (ტ.1. ს.ფ. 75);
14. საქმეში წარმოდგენილი 2013 წლის 24 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N192/20/420 ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო ქ. თბილისის მერიასა და შპს ,,...“ შორის ხელშეკრულების ობიექტია ტრანსპორტით მომსახურება. მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა პირობები ხელშეკრულების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების შესახებ), კერძოდ, 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდულ ინსპექტირებას და კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი. 5.2 პუნქტით, მიმწოდებულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორცილებენ ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. 5.3 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისთვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშულებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველი კონტროლს (ინსპექტირების მიზნით) გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი. ხელშეკრულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი. აღნიშნულ პუნქტში მითითებულია, რომ შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად შემსყიდველის და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით. მათ გაფორმებაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტში მითითებული პირები (ტომი I, ს.ფ. 26-33);
15. მხარეები როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში აცხადებენ, რომ ტრანსპორტით მომსახურების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების ინსპექტირებისთვის დადგენილი წესის შესრულების კონკრეტული ფორმა და გამოსაყენებელი მეთოდი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაწერილი არ არის რაიმე იურიდიული დოკუმენტით ან ცალკე სამართლებრივი აქტით;
16. საქმეში წარმოდგენილია ლ. ხ-ის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი ა. ს-ას ყოფილი მოადგილის ახსნა-განმარტება, სადაც მას მითითებულია აქვს, რომ თუ ა. ს-ა დოკუმენტს (მიღება-ჩაბარება) შემსრულებელი მხარის ხელმოწერამდე არ გააცნობდა სამსახურის უფროსს შესათანხმებლად, ის მაინც ვერ გაიგზავნებოდა უფროსის ხელმოწერის გარეშე. განყოფილება ამზადებდა დოკუმენტს, უფლებამოსილი პირი აწერდა ხელს, არტყამდა ბეჭედს, შემდეგ წარუდგენდა უფროსს შესათანხმებლად. სამსახურის უფროსი იძლეოდა თანხმობას დოკუმენტის ფორმასა და შინაარსზე. (ტომი I, ს.ფ. 26-33).
17. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციასა და შპს ,,...“ შორის ასევე ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციას და შპს ,,ვ...“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები (ტომი I,ს.ფ. 219). ასევე საქმეში მოიპოვება 2011, 2012, 2013 წლებში შპს ,,ვ...“, შპს ,,თ...“ და შპს ,,...“ გაფორმებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, ანგარიშ-ფაქტურები (ტომი II, ს.ფ. 10-424);
18. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 5 დეკემბრის წერილის თანახმად, ა. ს-ას 2014 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქ.თბილისის მერიასა და შპს ,,...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ინსპექტირება სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ არ განხორციელებულა (ტომი I, ს.ფ. 219);
19. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 17 დეკემბრის წერილის თანახმად, ა. ს-ას 2014 წლის 8 დეკემბერს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შპს ,,ვ...“ და შპს „თ...“ ინსპექტირება არ განხორციელებულა (ტომი II, ს.ფ. 9)
20. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 აგვისტოს მიღება - ჩაბარების აქტის N10.2/20/490 (8.6.1)-11 თანახმად, ერთი მხრივ ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური, ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის ა. ს-ას სახით და მეორე მხრივ, შპს ,,...“ (შემდგომში-შემსრულებელი) მისი დირექტორის გ. ნ-ის სახით აღნიშნული აქტით ადასტურებენ, რომ შემსრულებელმა პროგრამის - სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებები“ ფარგლებში, 2013 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული N10.2/20/490 ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები - ტრანსპორტით მომსახურება დანართით 1-ის შესაბამისად. მომსახურების ღირებულებაა 2480 ლარი. აქტის სისწორეს ადასტურებს ხელმოწერით დამქირავებელი - ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კუტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსი ა. ს-ა, ხელმოწერა დადასტურებულია სამსახურებრივი ბეჭდით, ხოლო შემსრულებელი საწარმოს უფლებამოსილი პირის შპს ,,...“ დირექტორის ხელმოსაწერი ადგილი ცარიელია. მიღება ჩაბარების აქტში ამსახველი ინფორმაციის სისწორე დადასტურებულია ცალმხრივად. მიღება ჩაბარების აქტს ერთვის ქალაქგარეთ ავტოტრანსპორტით მომსახურების ხარჯთაღრიცხვა (ტომი I, ს.ფ. 34, 35). სადავო არაა, რომ ამ მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თანხების ბიუჯეტიდან ანაზღაურება არ მომხდარა.
21. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 3 იანვრის N1/9 ბრძანების თანახმად, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით იქნა ნაბრძანები შემდეგი: 1. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურში შეიქმნას ინსპექტირების ჯგუფები დანართი N1 მიხედვით; 2. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების თანახმად, ინსპექტირების ჯგუფებმა: ა) განახორციელონ მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის გეგმა - გრაფიკის შედგენა. ბ)მოახდინონ მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის სამუშაოების მომსახურების მოცულობის, ხარისხის და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება; გ) მოახდინონ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მომწოდებლთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება; დ) მოახდინონ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერიოდული დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა; 3. ინსპექტირების ჯგუფებმა ხელშეკრულების შემოწმების შესახებ ანგარიში და დასკვნები წარმოადგინონ მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთანვე.
22. ქ. თბილისის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 3 იანვრის N1/9 ბრძანებაზე დართული ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებში 8.8 გრაფაში მითითებულია ინსპექტორებად ა. ს-ა, რ. მელაძე, ს. თოდუა, ნ. ქ-ა, ზ. ჩ-ი, მ. მ-ი (ტომი III, ს.ფ. 58-63);
23. საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მუშაობის პერიოდში ა. ს-ას დისციპლინური სახდელი დაკისრებული არ აქვს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აქტის გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის ნორმები, რომელიც ადმინისტრაციული აქტის გამომცემ ორგანოს პირდაპირ ავალდებულებს ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტების დასაბუთებას, მათ საფუძვლად მითითებული პირობების სრულყოფილად და ყოველმხრივ დადასტურებას ფაქტობრივ გარემოებათა ზედმიწევნით შესწავლით და შეფასებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია, სასამართლოს კომპეტენციას სცილდება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების დროს, შეამოწმოს საკითხის გადაჭრის ყველაზე მისაღები გზის არჩევის მიზანშეწონილობა, მაგრამ სასამართლო ზედამხედველობს ასეთი აქტების დასაბუთებულების სათანადოობას, რაც საკითხის გადაჭრის დროს კანონიერების, გამჭირვალობის, ობიექტურად შეფასების თანაბარზომიერების, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად არის მიღებული. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ა. ს-ას განთავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების, სტაბილურობის უტყუარობა სათანადოდ არ არის დადასტურებული, არ არის დასაბუთებული, რომ ა. ს-ას განთავისუფლება არის უკიდურესი პრევენციული ღონისძიება, რომელიც მიღებულ იქნა კერძო და საჯარო ინტერესის როგორც ვიწრო, ასევე ფართო გაგებით, გააზრებულ იქნა საყოველთაოდ აღიარებული და განმტკიცებული ძირითადი უფლებები და ღირებულებები, არ იქნა შეფასებული და დაანგარიშებული ა. ს-ას შესაძლო არაჯეროვანი სამსახურებრივი შესრულებით ადმინისტრაციული ორგანოსადმი და საჯარო ინტერესებისადმი მიყენებული ზიანის ხასიათი თუ ოდენობა.
ადმინისტრაციულ ორგანოს არ შეუფასებია ის საკითხი, რომ ა. ს-ას სპეციალური ფუნქციის შესრულება არ იყო ერთჯერადი. ამასთან, მხოლოდ მას არ ჰქონდა ასეთი ფუნქციის შესრულების ვალდებულება დაკისრებული, ამავე დროს საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 5 დეკემბრის წერილის თანახმად, ა. ს-ას 2014 წლის 1 დეკემბერს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ქ.თბილისის მერიასა და შპს ,,...“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ინსპექტირება სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ არ განხორციელებულა (ტომი I, ს.ფ. 219). ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 17 დეკემბრის წერილის თანახმად, ა. ს-ას 2014 წლის 8 დეკემბერს წარდგენილი განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შპს ,,ვ... და შპს,,თ...“ ინსპექტირება არ განხორციელებულა. ადმინისტრაციული ორგანო თავისი სრულყოფილი დასაბუთებით პირდაპირ უნდა აქარწლებდეს შესაძლო ეჭვებს თანაბარ პირობებში თანაბარი წესების გამოუყენებლობის შემთხვევის შესახებ; ეჭვებს - გარკვეული ინტერსებიდან გამომდინარე შესაძლო დისკრიმანციული მოპყრობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, აგებს პასუხს საკუთარი შეხედულებით მიღებული გადაწყვეტილების ეფექტურობის და მართებულობის უტყუარობაზე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი ერთერთი ბერკეტია ზემოთ მითითებული პასუხისმგებლობის კეთილსინდისიერად შესრულების ზედამხედველობისთვის. სადაც გაწერილია, რომ სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. სასამართლოს კომპეტენცია სადავო ადმინსტრაციული აქტების კანონიერების შემოწმების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების პროცესუალური საფუძვლების შერჩევისას შემოფარგლულია შესაბამისი კომპეტენციით. მართლმსაჯულების ორგანოს და მმართველობითი ორგანოების კომპეტენციები არ არის თანმხვედრი, შესაბამისად, სასამართლო ვერ დაუშვებს კომპეტენციათა კონფლიქტს, ვერ შეიჭრება ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალურ საქმიანობებში გარკვეული საკითხების გადაჭრით, ამდენად სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების უსაფუძვლობაზე და აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი მოხელის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით არ არის დამოკიდებული სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობაზე, არც იმაზე გამართლდება თუ არა განთავისუფლებული პირის ინტერესები სამსახურში უკანონო განთავისუფლების გამო აღდგენაზე, ასეთი მოთხოვნის საფუძვლიანობას არ აბათილებს ის ფაქტი, წარადგინა თუ არა განაცხადი განთავისუფლებულმა პირმა კუთვნილი შვებულებით სარგებლობისათვის მუშაობის პერიოდში.
სასამართლოს მითითებით, ა. ს-ას 2013 და 2014 წლებში არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით. დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა; მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის დარღვეული უფლება სახეზეა, ვინაიდან მან ორი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ ეტაპზე ამ უფლების პირდაპირი აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელის უფლების აღდგენა უნდა მოხდეს გამოუყენებელი შვებულების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ს-ამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი ა. ს-ა ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, აგრეთვე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განჩინებით ა. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ა. ს-ას სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ა. ს-ას სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების კანონიერების საკითხი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლი ითვალისწინებს ყოველწლიური ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლებას.
„ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება; ამდენად, დასაქმებულის უფლება ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით რეალიზდება დამსაქმებლის ვალდებულებით უზრუნველყოს დასაქმებულის ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა, ამასთან, აღნიშნული უფლების რეალიზებისათვის დასაქმებულს კანონმდებლობის საფუძველზე უნდა შეეძლოს შვებულების გამოყენების თაობაზე დამსაქმებლისათვის მიმართვა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შვებულებით სარგებლობის უფლება არ წარმოიშობა დასაქმების მომენტიდან. შვებულებით სარგებლობა გარკვეულ შემთხვევებში დაკავშირებულია შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობაზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
შრომის კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.
განსახილველ შემთხვევაში, ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის 2013 წლის პირველი ოქტომბრის №1781 განკარგულებით ა. ს-ა დაინიშნა ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა მონიტორინგის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, კონკურსის შედეგად 2 თვის გამოსაცდელი ვადით. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მასთან ახალი შრომითი ურთიერთობა, ამდენად, ა. ს-ას შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოეშობოდა 11 თვის გასვლის შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი არ არის იმის დამდასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეები შეთანხმებულები იყვნენ შვებულებით სარგებლობის უფლების ამ ვადაზე ადრე გამოყენების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ს-ას სამსახურიდან გათავისუფლებით არ შეზღუდულა 2013 წლის შვებულების გამოყენების უფლება, ვინაიდან 2013 წლისათვის ა. ს-ას შვებულებით სარგებლობის უფლება არ გააჩნდა.
რაც შეეხება ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის დახმარების საფასურის გადახდის, ან სხვა საპროცესო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ამ ხარჯის გაწევა არ დასტურდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად იხელმძღავენლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც ა. ს-ას სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიას უნდა დაეკისროს ა. ს-ას სასარგებლოდ 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების 1000 ლარის, დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ა. ს-ას მოთხოვნა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი (დაშვებულ ნაწილში) ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა 2013-2014 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება;
3. ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ა. ს-ას სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის კუთვნილი შვებულების ანაზღაურება;
6. ა. ს-ას მოთხოვნა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე
Nბს-400-395 (2კ-16) 12 ივლისი, 2016 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე); 2. ა. ს-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ს-ამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ.
მოსარჩელემ მოითხოვა:
1. ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანების ბათილად ცნობა.
2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა.
3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ასათვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურების გადახდა, გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე.
4. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას სასარგებლოდ მის მიერ 2009, 2010, 2011, 2013 და 2014 წლებში გამოუყენებელი შვებულების სრულად ანაზღაურება
5. დაეკისროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ა. ს-ას მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისთვის გაღებული 25 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით ა. ს-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 23 სექტემბრის №793 ბრძანება ა. ს-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; მოპასუხეს დაეკისრა ა. ს-ას მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება, კერძოდ, ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 600 ლარის და სანოტარო აქტის შედგენისთვის გაღებული 12 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხეს დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ 2013 და 2014 წლების გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება; მოპასუხეს დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის- 1000 ლარის და სანოტარო აქტის შედგენის საფასურის- 25 ლარის ანაზღაურება; ხოლო დანარჩენ ნაწილში ა. ს-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ს-ამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორი ა. ს-ა ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, აგრეთვე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას.
ქ. თბილისის მუნიციაპლიტეტის მერია ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მაისის განჩინებით ა. ს-ას და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა. ს-ას საკასაციო საჩივარი.
რაც შეეხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასაცია დასაშვებია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ა. ს-ას სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საქმე მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. მაგ. სუსგ ბს-35-34(2კ-2კს-16), ბს-397-391(2k-4კს-15)). დანარჩენ ნაწილში კი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ს-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ა. ს-ას სასარგებლოდ გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციაპლიტეტის მერიისა და ა. ს-ას სააპელაციო საჩივრები, აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ა. ს-ას სასარგებლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით შედგენისათვის გაწეული ხარჯის - 25 ლარის ანაზღაურება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე