Facebook Twitter

Nბს-551-546 (კ-16) 4 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა(ა)იპ მპგ ,,...“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მოპასუხე)

(მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება, 2015 წლის 26 ივნისის განჩინება, 2016 წლის 30 მარტის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - უკანონოდ (კანონსაწინააღმდეგოდ) იქნას აღიარებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამავე სამინისტროს კომისიის ნაწარმოები, შექმნილი ამავე სამინისტროში დაცული 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერის განხორციელებისას შექმნილი ელექტრონული ინფორმაციის აუდიოჩანაწერების განადგურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,...“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონოდ (კანონსაწინააღმდეგოდ) იქნას აღიარებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამავე სამინისტროს კომისიის ნაწარმოები, შექმნილი ამავე სამინისტროში დაცული 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერის განხორციელებისას შექმნილი ელექტრონული ინფორმაციის აუდიოჩანაწერების კანონსაწინააღმდეგო განადგურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მპგ ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ მპგ ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა(ა)იპ მპგ ,,...“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივლისის განჩინებით ა(ა)იპ მპგ ,,...“ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ მპგ ,,...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ა(ა)იპ მპგ ,,...ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ მპგ ,,...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე

დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი

Nბს-551-546 (კ-16) 11 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე (საქმე Nბს-551-546 (კ-16)) დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა(ა)იპ მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,...“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა უკანონოდ (კანონსაწინააღმდეგოდ) იქნას აღიარებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამავე სამინისტროს კომისიის ნაწარმოები, შექმნილი ამავე სამინისტროში დაცული 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების აუდიოჩანაწერის განხორციელებისას შექმნილი ელექტრონული ინფორმაციის აუდიოჩანაწერების კანონსაწინააღმდეგო განადგურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ მპგ ,,...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 აპრილის განჩინებით ა(ა)იპ მპგ ,,...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ა(ა)იპ მპგ ,,…“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ მპგ ,,...“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. განჩინებით გადაწყვეტილი არ არის სახელმწიფო ბაჟის დაუბრუნების საკითხი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით ა(ა)იპ მპგ ,,...“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იყო. განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის ბაჟის დაბრუნების თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.

ამავე მუხლის მე-31 ნაწილი ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების ზეპირი მოსმენის გარეშე გამოტანის შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე გამოტანილ უნდა იქნეს დამატებითი განჩინება და კასატორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განჩინებაზე მიღებულ იქნეს დამატებითი განჩინება;

2. ა(ა)იპ მპგ ,,…“ (ს/კ 200078888) დაუბრუნდეს 23/06/16 წლის N54219 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე