საქმე Nბს-554-549(კ-16 ) 4 ოქტომბერი, 2016 წელი,
ბს-554-549(კ-16 ) ... ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...“ (მოსარჩელე)
მესამე პირი - შპს „ა...“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...“ 2015 წლის 22 სექტემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მესამე პირის შპს „ა...“ მიმართ, რომლითაც დავალიანების გადახდევინების შესახებ მოპასუხის 2015 წლის 26 აგვისტოს N15077323/111812 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა პროცესის გარეშე საადვოკატო და სხვა ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,..." სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 26 აგვისტოს N15077323/111812 ბრძანება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნები პროცესის გარეშე საადვოკატო და სხვა ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება; შპს ,,...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის დამატებითი გადაწყვეტილება, მიღებულ იქნა ახალი
გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სასამართლოს გარეშე, კერძოდ, საადვოკატო და სხვა ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შპს ,,...“ სასარგებლოდ დაეკისრა: სასამართლოს გარეშე ადვოკატის მომსახურების ანაზღაურება 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით გადახდა; დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის 0,05 ლარის გადახდა; შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების, ასევე სხვა მტკიცებულებების ასლების მომზადებაზე გაღებული ხარჯების 0,05 ლარის გადახდა; მათ აკინძვაზე გახარჯული ლითონის ამკინძვით შეკვრაზე გაღებული ხარჯებისათვის 0,05 ლარის გადახდა; შესაგებლის გადაცემისათვის მოსარჩელესთან საფოსტო კავშირის გამო, ასევე საქმის მიმდინარეობისას სხვა დოკუმენტების სასამართლოში საფოსტო კავშირით გადაგზავნით გამოწვეული გაღებული ხარჯების 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა; საფოსტო კავშირისას გადასაგზავნი მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული დანახარჯის 0,05 ლარის გადახდა; სასამართლოში სარჩელის ჩასაბარებლად, მოპასუხის წარმომადგენლის სხდომებზე გამოცხადების და სხდომის ოქმების, სასამართლოს გადაწყვეტილებების ჩაბარებისათვის სასამართლოში გამოცხადების უზურუნველსაყოფად გადაადგილებაზე ტრანსპორტირებისათვის გაწეული დანახარჯის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა; მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას, მათი გამოცხადების პერიოდში აუცილებელ კვებაზე გაწეული გაზრდილი დანახარჯის 55(ორმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა; შპს ,,...“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, სასამართლოში მოცდენილი (დაკარგული) დროის გამო - 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს; შპს ,,...“ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა (შუამდგომლობა) სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის მომსახურების 2 400 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს 500 (ხუთასი) ლარის გადახდა შპს ,,...“ სასარგებლოდ; სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს შპს ,,...“ მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოდაათი) ლარის ანაზღაურება შპს ,,...“ სასარგებლოდ.
სთბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორს დაუბრუნდეს 21.07.2016 წლის №09074 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე