2კ-38-I-08 ქ. თბილისი
12 მარტი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ოშხარელი, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ვ. ზ. _ დაბადებული .. .. .. წელს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 15 აგვისტოდან.
2007 წლის 27 ივნისსა და 6 ივლისს მსჯავრდებულმა ვ. ზ-მა განცხადებებით მიმართა ქარელის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებებში აღნიშნულია, რომ მას განაჩენი არ ჩაბარებია; არ ჰყავს ადვოკატი, თვითონ კი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო ავად, რის გამოც გაუშვა განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 23 ივლისის დადგენილებით მსჯავრდებულ ვ. ზ-ის განცხადებები სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
2008 წლის 29 მაისს მსჯავრდებულმა ვ. ზ-მა კვლავ მიმართ ქარელის რაიონულ სასამართლოს განცხადებით სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვ. ზ-ის განცხადება სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის შესახებ.
2008 წლის 18 ივლისს მსჯავრდებულმა კერძო სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს გაშვებული სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. კერძო სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ აქვს ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა, ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს, ამიტომ ვერ აჰყავს ადვოკატი. ყოველივე ამის გამო მან ვერ შეძლო განაჩენის დროულად გასაჩივრება სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ ვ. ზ-ის კერძო სააპელაციო საჩივარი და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 23 ივნისის დადგენილება განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ვ. ზ. კერძო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ არ გააჩნია ადვოკატის დაქირავების საშუალება, მძიმე ავადმყოფია, რის გამოც გაუშვა განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადა, მაგრამ აღნიშნული არ გაითვალისწინა სასამართლომ. მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ ვ. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის დადგენილება სააპელაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესით, ერთჯერადად ზემდგომ სასამართლოში. ხაშურის რაიონული სასამართლოს დადგენილება გაშვებული ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, ხოლო აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მოცემული მითითება ასეთი განჩინების გასაჩივრების უფლების თაობაზე არ შეესაბამება მოქმედ საპროცესო კანონს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ზ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.