¹40I - 08 თბილისი
11 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ბ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განაჩენით დ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
2008 წლის 8 აგვისტოს მსჯავრდებულ დ. ბ-ის დამცველმა, ადვოკატმა დ. კ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას გაშვებული საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის თაობაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ დ. ბ-ს სურდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, რაც დროულად ვერ შეძლო იმ მიზეზით, რომ მისი დამცველი, ი. ჯ-ი, რომელიც მის ინტერესებს იცავდა სააპელაციო სასამართლოში, არაკეთილსინდისიერად მოექცა. იგი მსჯავრდებულ დ. ბ-ს შეჰპირდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრებას რაც არ გააკეთა გაურკვეველი მიზეზის გამო. მსჯავრდებულმა კი მოგვიანებით შეიტყო, რომ დამცველს საჩივარი არ შეუტანია, რის გამოც დაირღვა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადა. საჩივრით მსჯავრდებულ დ. ბ-ის დამცველი დ. კ-ი ითხოვდა გაშვებული ვადის აღდგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ბ-ის დამცველს _ დ. კ-ს უარი ეთქვა საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენაზე.
მსჯავრდებულმა დ. ბ-მა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. კერძო საკასაციო საჩივრით იგი ითხოვს საკასაციო გასაჩივრების გაშვებული ვადის აღდგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები და შეამოწმა მსჯავრდებულ დ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანა მხარეებს შეუძლიათ სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
განაჩენი მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ დადგენილია 2008 წლის 17 ივნისს. განაჩენი საპროცესო კანონით დადგენილ 1 (ერთი) თვის ვადაში არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა დ. ბ-მა საკასაციო საჩივრის შეტანა დააგვიანა იმ მოტივით, რომ იგი ელოდებოდა დამცველის მიერ საჩივრის შეტანას, რომელმაც ერთი თვის ვადაში არ შეიტანა საჩივარი და ამის გამო საპროცესო ვადის დარღვევით თავად მსჯავრდებულს მოუხდა სასამართლოსთვის საკასაციო საჩივრით მიმართვა, პალატა ვერ ჩათვლის ისეთ საპატიო მიზეზად, რომლის გამოც გასაჩივრების გაცდენილი ვადა უნდა აღდგეს.
საქართველოს სსსკ-ის 523-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა, მაგრამ სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო გასაჩივრების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი, რასაც ეთანხმება საკასაციო პალატა და თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ბ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც მსჯავრდებულ დ. ბ-ს უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივნისის განაჩენის საკასაციო გასაჩივრების გაცდენილი ვადის აღდგენაზე, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.