საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
11-09 28 ივლისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განაჩენით ნ. ა-ის ძე გ-ე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით ნ. გ-ეს 9 თვით შეუმცირდა დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მოსახდელად დარჩა _ 4 წლით, 3 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის დადგენილება და ნ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 27 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2007 წლის 6 აპრილიდან 2007 წლის 10 აპრილის ჩათვლით. სხვა ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:
საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;
სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.
ზემოაღნიშნულის გამო, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 31 დეკემბრის განჩინებაზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.