Facebook Twitter

2კ-2-I-09 3 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ ი. ღ-ის, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორ ნ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, გ. ყ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა საბაჟო წესის დარღვევა, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არაერთგზის, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანაში თანამონაწილეობა.

მანვე ჩაიდინა საბაჟო წესის დარღვევა, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის, ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის მცდელობაში თანამონაწილეობა;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებასა და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში თანამონაწილეობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, არაერთგზის და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებასა და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობაში თანამონაწილეობა;

გ. ყ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით, 19,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით.

2001 წლის 12 იანვარს გ. ყ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 23,24,218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 13 იანვრის ბრძანებით გ. ყ-ი გადაყენებულ იქნა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან სასამართლო განხილვამდე. 2001 წლის 3 ივლისს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა შეეცვალა გაუსვლელობის ხელწერილითა და სათანადო ქცევის შესახებ აღკვეთის ღონისძიებით.

2005 წლის 20 იანვარს თბილისის საოლქო სასამართლომ გ. ყ-შვილი გაამართლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით, 19,214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, “ბ”, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო და განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. ასევე გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 8 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 20 იანვრის განაჩენი.

2006 წლის 8 ივნისს გ. ყ-მ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა რეაბილიტაცია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია და ამის შესახებ გამოქვეყნდეს პუბლიკაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში და მიეცეს უდანაშაულობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სრულად აუნაზღაურდეს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანი _ 31402.5 ლარის მიუღებელი ხელფასი და ანაცდენი სარგებლის სახით; სრულად აუნაზღაურდეს საადვოკატო ხარჯები _ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი; გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით; მორალური ზიანის კომპენსაციის სახით აუნაზღაურდეს 170 000 ლარი და წერილობით მოეხადოს ბოდიში; მიეცეს ტოლფასი საჯარო თანამდებობა საქართველოს სამთავრობო დაწესებულებაში; დაევალოს საქართველოს მასობრივი ინფორმაციის, როგორც ბეჭდვით, ასევე სამაუწყებლო საშუალებებს გამოაქვეყნონ და გააშუქონ ინფორმაცია მისი სრული რეაბილიტაციისა და მის მიმართ საპროცესო მოქმედებათა დაუსაბუთებლად ცნობის შესახებ; რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიეწოდოთ ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს შრომით კოლექტივებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით:

რეაბილიტირებულ გ. ყ-ის მოთხოვნა სამართალწარმოების ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მას მორალური ზიანი უნდა აუნაზღაურდეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა გ. ყ-სათვის მიყენებული მორალური ზიანის _ 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში გ. ყ-ის რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება.

გ. ყ-ის რეაბილიტაციის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.

გაზეთების _ „საქართველოს რესპუბლიკის“, „ალიას“, „რეზონანსისა“ და „ახალი თაობის“ რედაქციებს დაევალათ გ. ყ-ის რეაბილიტაციის შესახებ პუბლიკაციის გამოქვეყნება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამის სამმართველოს დაევალა რეაბილიტირებულ გ. ყ-სათვის წერილობით ბოდიშის მოხდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსის კ. ყ-ის კერძო სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დადგენილება დარჩა უცვლელად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ი. ღ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის მეშვეობით განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 5000 ლარის გადახდა, სსსკ-ის 225-ე მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს მორალური ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციით, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა უნდა შეამციროს და განსაზღვროს გონივრულ ფარგლებში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი ნ. გ-ძე კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი დასაშვებად მიიჩნევს მორალური ზიანის ფულად კომპენსაციას, თუმცა აღნიშნული ნორმის გამოყენებისათვის ადგენს სავალდებულო წინა პირობებს: მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებიდან, ანუ უნდა დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა და ვინაიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მიერ ამგვარი დავების, მათ შორის _ აღნიშნული საქმის, განხილვა ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სსსკ-ის 165-ე მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მორალური ზიანი ფულადი კომპენსაციით შეიძლება ანაზღაურდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავება ან დაპატიმრება. ამასთან, სასამართლომ აუცილებლად უნდა დაასაბუთოს დაკავების ან დაპატიმრების უკანონობა ან დაუსაბუთებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

სააპელაციო სასამართლომ რეაბილიტირებულ გ. ყ-სათვის მორალური ზიანის, ფულადი კომპენსაციით ანაზღაურებას საფუძვლად დაუდო სსსკ-ის 221-ე მუხლი, რომლის თანახმად: “უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგების მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაპატიმრების, აგრეთვე თანამდებობიდან გადაყენების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენეს.” და ასევე სსსკ-ის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის, მათ შორის _ მორალური ზიანის, ანაზღაურებას ფულადი კომპენსაციით.

საქმის მასალების მიხედვით, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული არ არის ის გარემოება, რომ რეაბილიტირებული გ. ყ-ი უკანონოდ ან დაუსაბუთებლად იყო დაპატიმრებული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს უკანონო ან დაუსაბუთებელი დაპატიმრებიდან, აღნიშნული გარემოების სათანადოდ დასაბუთებამდე საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გ. ყ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხის გონივრულობის თაობაზე.

ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს საკასაციო პალატის მითითებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის _ ი. ღ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორ ნ. გ-ის კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 23 დეკემბრის განჩინება გ. ყ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.