Facebook Twitter

N№ბს-615-609(კ-16) 4 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ნ. ლ-ი (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „...“ (მოსარჩელე)

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ვალდებულების შესრულებულად აღიარება, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 11 აგვისტოს სს „...” სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ და დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა №2/1092 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კრედიტორ ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაწყებული სააღსრულებო წარმოებაში 3 356,83 ლარი ჩაითვალოს წინსწრებით გადახდილად და გაუქმდეს №11063485 სააღსრულებო საქმეზე მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. №2/1092 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კრედიტორ ნ. ლ-ის სასარგებლოდ დაწყებული სააღსრულებო წარმოებაზე 3 356.83 ლარი ჩაითვალა წინსწრებით გადახდილად; სს ,,...“ სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა კომპანიის მიმართ წარმოებულ სააღსრულებო საქმეზე №11063485 მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერის გაუქმებას, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სს „...“ და ნ. ლ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება სს ,,...” სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა - გაუქმდა №11063485 სააღსრულებო საქმეზე მოვალეთა რეესტრში სს ,,...” რეგისტრაცია; ნ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ნ. ლ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე