Facebook Twitter

ბს-618-612(კ-16) 06 ოქტომბერი, 2016 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ჯ-ამ 28.09.2015წ. სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოპასუხის 31.08.2015წ. №634 ბრძანების ბათილად ცნობის, ნ. ჯ-ას სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის (მიუღებელი ხელფასისა და პრემიის) ანაზღაურების მოთხოვნით.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო გ. მ-ე.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 11.01.2016წ. გადაწყვეტილებით ნ. ჯ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 31.08.2015 წ. N634 ბრძანება ნ. ჯ-ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის ... განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. ჯ-ას ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის ... განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აგრეთვე ნ. ჯ-ას აუნაზღაუროს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის, ... განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის შრომითი გასამრჯელო (პრემია, ხელფასი) სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში (01.10.2014წ. განთავისუფლების დღიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, ამ თანამდებობაზე მომატებული ხელფასისა და პრემიის გათვალისწინებით, ნ. ჯ-ას მიერ მიღებული კომპენსაციის გამოკლებით); ნ. ჯ-ას შუამდგომლობა მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების სამსახურში აღდგენის ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. განჩინებით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.05.2016წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი