Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-670-663(კ-16) 20 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სპს ,,…" საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.16წ. განჩინებაზე.

23.09.2016წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს ,,…" საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რამდენადაც კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რის გამოც მითითებული განჩინებით კასატორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება და საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

აღნიშნული განჩინება 29.09.2016წ. ჩაბარდა თ. კ-ეს (მოლარე-ოპერატორი პ/ნ …; ს.ფ.303), რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით და პირადი ნომრით.

10.10.2016წ. სპს ,,..." დირექტორმა უ. ს-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად თვლის, რომ სპს ,,..." საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება თ. კ-ეს (ორგანიზაციის მოლარე-ოპერატორი) ჩაბარდა 29.09.2016წ.. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა იწურებოდა 7 დღის შემდეგ - 06.10.2016წ., რომელიც იყო სამუშაო დღე - ხუთშაბათი. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის ასლი საქართველოს ფოსტაში შეიტანა განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევით - 07.10.2016წ. (ს.ფ. 306).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა ხარვეზის შევსებისთის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სპს ,,..." საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 447-ე მუხლის შესაბამისად, უ. ს-ეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 06.10.2016წ. №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სპს ,,..." საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. უ. ს-ეს (პ/ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 06.10.2016წ. №12 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

პ. სილაგაძე