საქმე №ბს-678-670 (2კ-15) 6 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელე) – ნ. ც-ე
(მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის
სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მინდობით აღზრდის ხელშეკრულების აღდგენა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
16.06.2010წ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიული ორგანოს და ნ. ც-ეს შორის 6 თვის ვადით (01.01.2011წ-მდე) გაფორმდა „მინდობით აღზრდის და ბავშვის მიმღები ოჯახის შრომის ანაზღაურების შესახებ“ ხელშეკრულება, რომლითაც სააგენტომ იკისრა ვალდებულება მარიამ ს-ის (09.04.1998წ.) მოვლის და აღზრდის გამო ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარება გაეწია ნ. ც-ის ოჯახისთვის, თვეში 200 ლარის ოდენობით.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მიერ 11.01.2011წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება „მინდობით აღზრდის პროგრამის დახურვის შესახებ“, პროგრამის ვადის გასვლის მოტივით. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ შეწყდა შვილობილობის პროგრამა და შესაბამისად თანხის ანაზღაურება.
ნ. ც-ემ 02.03.11წ. სარჩელი აღძრა სსიპ სპეციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მიმართ და მოითხოვა მინდობით აღზრდის ხელშეკრულების აღდგენა.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.03.2011წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 11.01.2011წ. გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს გარემოებების, ფაქტების და მტკიცებულებების გამოკვლევის და შესწავლის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება.
გადაწყვეტილება გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის რაიონული განყოფილების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 29.06.2011წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზურველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს მიერ 25.10.2011წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება „მინდობით აღზრდის პროგრამის დახურვის შესახებ“, რაც ნ. ც-ემ გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა მითითებული აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ხელშეკრულების აღდგენის დავალება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.12.2011წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ნ. ც-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.04.2012წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზურველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 25.10.2011წ. გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზურველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს მიერ.
უზენაესი სასამართლოს 27.09.12წ. Nბს-520-511 (კ-12) განჩინებით საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მიერ 11.01.2013წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება „მინდობით აღზრდის პროგრამის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ“, რაც გასაჩივრდა ნ. ც-ის მიერ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში. ნ. ც-ემ მოითხოვა აქტის ბათილად ცნობა და მინდობით აღზრდის ხელშეკრულების აღდგენის დავალება ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 24.04.2013წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის რაიონული განყოფილების 11.01.2013წ. გადაწყვეტილება, მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის რაიონული განყოფილების მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 09.10.2013წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს მიერ 17.04.2014წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება „მ. ს-ის ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებაზე უარის თქმის შესახებ“.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 07.10.2014წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ნ. ც-ის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ, შესაბამისად ნ. ც-ის სარჩელი დარჩა განუხილველი.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს მიერ 21.11.2014წ. მიღებული იქნა გადაწყვეტილება „მ. ს-ის ნათესაურ მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართვასა და პროგრამის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ“, რაც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა ნ. ც-ემ. მოსარჩელემ მოითხოვა აქტის ბათილად ცნობა და მინდობით აღზრდის ხელშეკრულების აღდგენა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მიუხედავად სასამართლოების მითითებებისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხუთჯერ მიიღო გადაწყვეტილება მ. ს-ის მინდობით აღზრდის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის შესახებ, რითაც იგნორირებულია ბავშვის კანონიერი ინტერესები. სასამართლოს გადაწყვეტილებებით არაერთხელ დადასტურდა ადმინისრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტების უკანონობა. მიმღები ოჯახი არ არის წინააღმდეგი იზრუნოს ბავშვზე, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ მოსარჩელის აზრით არ არის დასაბუთებული, ვინაიდან ოჯახში მხოლოდ ერთი წევრია დასაქმებული. ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის გაცილებით მეტი სახსრები იხარჯება, ვიდრე სახელმწიფო ანაზღაურებდა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამ ხარჯებს ოჯახი იხდიდა საკუთარი სახსრებიდან. მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეწყდა 11.01.11წ., მას შემდეგ მიმდინარეობს სასამართლო დავები, რის გამოც ბავშვი მოკლებულია სახელწიფოს დაფინანსებას, რითაც უხეშად ირღვევა მისი ინტერესები.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.03.2014წ. გადაწყვეტილებით ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზურველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 28.11.2014წ. გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლომ მიუთითა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, ბავშვის უფლებათა კონვენციაზე და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხისადმი ფორმალური მიდგომა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესს. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და სარწმუნოდ დაასაბუთოს მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის და ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის შესაბამისობა არასრულწლოვანის ინტერესებთან, გადაწყვეტილების შესაბამისობა სამართლებრივი ნორმებით აღიარებული ბავშვის უფლებების დაცვასთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულმა განყოფილებამ საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე უთხრა უარი ნ. ც-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რითაც შეილახა მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონალური საბჭოები წარმოადგენენ სათათბირო ორგანოებს, რომლებიც კოლეგიური წესით ღებულობენ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილება მინდობით აღზრის ხელშეკრულების დადებაზე რეკომენდაციის მიცემაზე უარის თქმის შესახებ არ ცვლის სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას და არც იდენტური შედეგის დადგომას ითვალისწინებს მიზნად. მხოლოდ რეგიონალურ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მითითებით, სოციალური მომსახურების სააგენტო არ თავისუფლდება მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის და მის გაგრძელებაზე უარის თქმის არასწრულწლოვანის ინტერესებთან შესაბამისობის დადგენის მტკიცების ტვირთისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 28.11.2014წ. N 04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულმა განყოფილებამ, ხოლო შეგებებული საპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. ც-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.07.2015წ. გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ. ც-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.03.2015წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 21.11.2014 წ. №02020057 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 28.11.2014 წ. №04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას დაევალა ნ. ც-ესთან მ. ს-ის მინდობით აღზრდის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) დღის ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მოსაზრება, რომ ნ. ც-ის ოჯახი არ საჭიროებდა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რის გამო ხელშეკრულების გაგრძელება არ უნდა მოხდეს არ შეიძლება გამხდარიყო მ. ს-ეზე ნათესაური მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართვაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მსგავსი მოტივით მოთხოვნის უარყოფას არც ბავშვის უფლებათა კონვენცია, ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ’’ საქართველოს კანონი და არც ამ სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები არ შეიცავს. პირიქით, ხსენებული საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ აქტებში ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად მითითებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან ობოლი ბავშვისათვის შესაბამისი სტატუსის განსაზღვრის საჭიროება ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფის მიზნით. კონვენციის 27.3 მუხლის დანაწესი შეიცავს იმპერატიულ დათქმას შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობების უზრუნველყოფის მიზნით მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებზე ამ უფლების განხორციელებაში დახმარების თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ განუხორციელებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ჯეროვნად არ შეასრულეს სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც მათ დაევალათ დაესაბუთებინათ ნ. ც-ესთან მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის და ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის არასრულწლოვან მ. ს-ის ინტერესებთან შესაბამისობის გამოკვლევა და დასაბუთება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 26.02.2010წ. N51/ნ ბრძანების 13.3 მუხლზე, რომლის შესაბამისად მინდობით აღზრდის ანაზღაურების გასაცემი თანხა განისაზღვრება რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არსებული მდგომარეობით და დაფინანსება გრძელდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, მიუხედავად მინდობით აღზრდის პირობების შეცვლისა, გარდა შშმ სტატუსის დადგენის ან დაკარგვის შემთხვევებისა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან მოპასუხისათვის ხელშეკრულების დადების დავალდებულება ეწინააღმდეგება ზემოხსენებული ნორმების მოთხოვნებს, რაც ამ ნაწილში სარჩელის უარყოფის საფუძველია.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ც-ემ და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა.
კასატორი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ცენტრს დაავალა გადაწყვეტილების მიღება მეურვეობისა და მზრუნველობის რეგიონალური საბჭოს დასკვნის გარეშე, რაც არასწორია, რადგან რეგიონალური საბჭო არის სათათბირო ორგანო, რომელთა გადაწყვეტილებების საფუძველზე ფორმდება გადაწყვეტილებები. სასამართლომ არ გაითვალისწინა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 11.1 მუხლის დანაწესი, ასევე „მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 26.02.2010წ. #51/ნ ბრძანების მე-12 მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 1279-ე მუხლის მოთხოვნები.
კასატორი ნ. ც-ე ითხოვს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. კასატორი თვლის, რომ წინააღმდეგობრივია გადაწყვეტილება ხელშეკრულების მისი შეწყვეტის დღიდან აღდგენის შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში, იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ნ. ც-ესთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის გადაწყვეტილების უკანონობა. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხა არის სოციალური დახმარება, რაც მისი მიმღების საკუთრებაა და მისი მიუღებლობის გამო სახეზეა მიყენებული ზიანი. ზიანი უნდა ანაზღაურდეს თანხის მიღების უკანონოდ შეწყვეტის დღიდან.
სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს არაერთი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. ც-ის სარჩელები, სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებებით (ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.03.11წ. და 24.04.13წ. გადაწყვეტილებები, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.04.12წ. გადაწყვეტილება) მინდობით აღზრდის პროგრამის დახურვის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების ბათილად გამოცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოს არაერთგზის დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ადმინისტრაციული ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებები (ოზურგეთის რაიონული განყოფილების 11.01.2011წ.; გურიის რეგიონალური საბჭოს 25.10.2011წ.; ოზურგეთის რაიონული განყოფილების 11.01.2013წ.; გურიის რეგიონალური საბჭოს 17.04.2014წ. და 21.11.2014წ. საოქმო გადაწყვეტილებები) დაუსაბუთებელია და არ ემყარება კანონმდებლის მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს მიერ სამჯერ გაუქმდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის მინდობით აღზრდის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების სადავო გადაწყვეტილებით ნ. ც-ეს დაუსაბუთებლად უარი ეთქვა მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართვაზე. სააპელაციო პალატის 09.10.13წ. განჩინებაში, რომლის დავალების საფუძველზე გამოიცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლომ მიუთითა, რომ აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია და ემსჯელა თუ რამდენად ემსახურება არასრულწლოვან მ. ს-ის ინტერესებს, მისი უფლებების დაცვას, ნ. ც-ესთან მინდობით აღზრდის ხელშეკრულების შეწყვეტა და ამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმა. აღნიშნულის მიუხედავად სადავო აქტები გამოიცა 09.10.13წ. განჩინების მითითებების გაუთვალისწინებლად. ვინაიდან მეურვეობის და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ზედამხედველობენ მინდობით აღსაზრდელის საცხოვრებელ პირობებს, აღზრდის განვითარების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე დედობილის და მამობილის მიერ თავიანთი მოვალეობის შესრულებას ("შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონის 11.2 მუხ. „დ“ ქვეპუნქტი), აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობების თაობაზე ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე (კანონის 31.1 მუხ.), საკასაციო პალატა თვლის, რომ მინდობით აღზრდის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საჭიროებდა ყოველმხრივ დასაბუთებას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას სადავო აქტების სსკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბათილად ცნობის დაუშვებლობის შესახებ. ხსენებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მიუხედავად ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები არ პასუხობს კანონიერების მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობა არა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის, არამედ 1-ლი ნაწილის საფუძველზე.
ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მინდობით აღსაზრდელის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე. ვინაიდან ხელშეკრულების ვადის ამოწურვა არ გამორიცხავდა მის ხელახალ დადებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა აქვს არა ხელშეკრულების ვადის გასვლას, არამედ მინდობით აღზრდის პროგრამის შეწყვეტის, მინდობით აღზრდაში არასრულწლოვანის გადაცემის გაგრძელების საფუძვლების არსებობას. სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონია შვილობილის მოვლის, აღზრდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას ან თუნდაც არაჯეროვან შესრულებას. არ დასტურდება განვლილ პერიოდში ოჯახში ისეთი ცვლილება ან ისეთი გარემოების დადგომა, რომელიც ხელს შეუშლიდა მიმღებ ოჯახს მინდობით აღზრდით გათვალისწუნებული ვალდებულებების სათანადო შესრულებას. 16.06.2010წ. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოსარჩელეს შორის დაიდო მინდობით აღზრდის ხელშეკრულება. ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით, ამ ვადით ხელშეკრულების დადება როგორც წესი განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ამ ვადაში სოციალური მომსახურების ორგანო აწარმოებს მონიტორინგს აღსაზრდელსა და აღმზრდელებს შორის ურთიერთობებზე, ბავშვის ცხოვრების პირობებზე. ყოველთვიური მონიტორინგის აქტებით დასტურდებოდა მინდობით აღმზრდელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაცვა. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ შეცვლილა, მ. ს-ე, როგორც დედ-მამით ობოლი, კვლავინდებურად საჭიროებდა სოციალური პატრონაჟის დაწესებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 21.11.14წ. #02020057 საოქმო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებები (კერძოდ ის, რომ ნ. ც-ის და დ. მეგრელიშვილის საცხოვრისში დაცულია ბავშვის უსაფრთხოება და ჰიგიენური პირობები, ბავშვს შექმნილი აქვს ნორმალური აღზრდა-განვითარებისთვის ყველა პირობა, ბავშვი უზრუნველყოფილია საკვებით და ჩასაცმელით, ბავშვი ოჯახში თავისუფლად გრძნობს თავს, კარგი დამოკიდებულება აქვს დეიდასთან და ბიძასთან, რომლებიც სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებენ მას, უზრუნველყოფენ მის დამატებით საგნებში მომზადებას, ხელს უწყობენ კარგი განათლების მიღებაში, ფიზიკურ, სულიერ და მორალურ განვითარებაში, ბავშვისათვის შექმნილია ოჯახური გარემო, განვითარების ყველა პირობა, გათვალისწინებულია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები, მისი საბაზისო მოთხოვნილებები, დეიდას და ბიძის ოჯახში ბავშვის სიცოცხლეს და განვითარებას საფრთხე არ ემუქრება, ბავშვი არ იმყოფება ფსიქო-ემოციური დატვირთვის ქვეშ) არ ქმნიდა მინდობით აღზრდის შეწყვეტის საფუძველს. ადმინისტრაციული ორგანო ვერ უთითებს მინდობით აღზრდის შეწყვეტის კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს (33-ე მუხ.), მინდობით აღზრდაზე უარის თქმის რაიმე ნორმატიულ დანაწესს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის რედაქცია ითვალისწინებდა 18 წლამდე ასაკის ობოლი პირის მინდობით აღზრდაში გადაცემას. ოჯახის კეთილსაიმედობა, სათანადო მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს არა მინდობით აღზრდაზე უარის თქმის, არამედ პირიქით მინდობით აღზრდისათვის ბავშვის გადაცემის პირობას. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, მინდობით აღზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება ენიჭებათ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს, სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის საჭიროებებისა და ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობის თაობაზე ჩატარებული კვლევისა და მომზადებული დასკვნის საფუძველზე. საქმის მასალების მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო თავის დასკვნებში ადგენდა, რომ მოსარჩელის ოჯახი, თავისი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსითა და მასთან მყოფი ობოლი ბავშვის თავსებადობით არათუ დამაკმაყოფილებელი, არამედ დადგენილ სტანდარტზე მეტ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ამდენად, არსებობდა მინდობით აღზრდაში ობოლი ბავშვის მოსარჩელის ოჯახისათვის გადაცემის ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა.
მინდობით აღზრდისათვის გადაცემის პირობა - მინდობით აღზრდის მსურველ პირთა შესაძლებლობა განახორციელოს ბავშვის მინდობით აღზრდა, საამისოდ საჭირო მიმღები ოჯახის სათანადო მატერიალური მდგომარეობა, ოჯახის კეთილსაიმედობა არ შეიძლება შემდგომში იქცეს მინდობით აღზრდის შეწყვეტის საფუძველად. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სწორედ რომ უზრუნველყოფილ, კეთილსაიმედო ოჯახს უნდა გადაეცეს ბავშვი მინდობით აღზრდაზე, რათა სახელმწიფო პროგრამიდან გამოყოფილი თანხა მოხმარდეს არა ოჯახის რჩენას, არამედ უშუალოდ მინდობით აღსაზრდელსა და მის ინტერესებს. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონი ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზთა შორის ითვალისწინებს ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებას (33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) და არა გაუმჯობესებას. აღნიშნულის შესაბამისად, ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად ხელშეკრულების შეწყვეტის პირობას წარმოადგენდა ოჯახის მატერიალური მდგომარეობის გაუარესება და არა გაუმჯობესება. ასეთი მიდგომა ესადაგება ბავშვის უფლებათა კონვენციის დანაწესს ოჯახური გარემოს მოკლებული ბავშვისათვის სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობასა და დახმარებაზე (კონვენციის 20-ე, 27-ე მუხ.). აღსაზრდელად გადაცემის საკითხის განხილვისას უპირველეს ყოვლისა მხედველობაში მიიღება ბავშვის ინტერესები, განსაკუთრებით მისი უზრუნველყოფის და მზრუნველობის უფლების რეალიზაცია (გეო გენანსამბლეის 03.12.1986წ. რეზოლუციით მიღებული „ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ბავშვის აღსაზრდელად გადაცემის და შვილად აყვანის შემთხვევაში ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის თაობაზე სოციალური და სამართლებრივი პრინციპების შესახებ“ დეკლარაციის მე-5 მუხ.). „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონის 33-ე მუხლი ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის პირობების ამომწურავ ჩამონათვალს შეიცავს, არ დაიშვება მისი თვითნებური განვრცობა თუნდაც მორალური მოსაზრებებით. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფო ორგანოს თავისუფალი შეფასების ფარგლები, სხვა სფეროებთან შედარებით, შეზღუდულია. ის გარემეობა, რომ მინდობით აღზრდისათვის ბავშვის გადაცემა უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაცემას, ხოლო მიმღები ოჯახი მატერიალურ სიძნელეებს არ განიცდიდა, არ ასაბუთებს სახელმწიფო პროგრამის გაგრძელებაზე უარს, რადგანაც უდავოა, რომ ბავშვის რჩენა, მისი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა იწვევს ოჯახის დამატებით მატერიალურ დანახარჯებს, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს დახმარების სახით გამოყოფილ თანხებს. ამასთანავე, არ დასტურდება მინდობით აღზრდაში ბავშვის გადაცემის შემდეგ ოჯახის ეკონომიური მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. საქმის მასალების მიხედვით მცირე სამეწარმეო საქმიანობით დასაქმებულია ოჯახის უფროსი, დანარჩენი ოჯახის წევრები - მეუღლე და დაოჯახებული ვაჟიშვილი მუდმივი დასაქმების რეჟიმს მოკლებულნი არიან. ბავშვის მინდობით აღზრდა უკავშირდება ბავშვის აღსაზრდელად შრომის გაწევის საჭიროებას, ბავშვის კმაყოფაზე აყვანის დანახარჯებს, ყოფის, დასვენების ორგანიზებას, ანუ სპეციფიურ მომსახურებას, რომლის ხარისხი დადებითად ფასდებოდა მომსახურების ორგანოების მიერ. ბავშვზე მზრუნველობა არის სისტემატიური, სპეციფიური, კომპლექსური საქმიანობა, რომლის პროცესში გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს მინდობით აღზრდა.
„სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის თანახმად მინდობით აღზრდა არის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოვლისა და აღზრდის მიზნით, სახელმწიფოსა და დედობილ-მამობილს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის განხორციელებითაც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაიცვას და უზრუნველყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის კანონიერი უფლება (მე-4 მუხ. „ტ“ ქვეპუნქტი). ამდენად, ბავშვზე ზრუნვის მითითებული ფორმა არ წარმოადგენს მხოლოდ ფინანსურ დახმარებას. ამ ღონისძიების გატარებით სახელმწიფო დახმარებას უწევს ოჯახს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა. კანონმდებლობა არ შეიცავს ფულადი ანაზღაურების გაცემის შეზღუდვის შესახებ დანაწესს ოჯახის კარგი მატერიალური მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში, განსხვავებით „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური დახმარების ზოგ სხვა სახისაგან (მაგ. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემის საფუძველზე იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (მე-7 მუხ.)). დაუსაბუთებელია მინდობით აღზრდის პროგრამის გავრცელებაზე უარის თქმა მ. ს-ისათვის ოჯახური გარემოს დანგრევის საფრთხის არარსებობის გამო. ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის პრიორიტეტის მინიჭება უკავშირდება ოჯახური გარემოს შექმნას, რითაც უზრუნველყოფდა მოსარჩელის ოჯახი ნათესაური მინდობით აღზრდისათვის გადაცემულ ბავშვს. აღნიშნული არ ქმნის მინდობით აღზრდის სახემლწიფო პროგრამაში მოსარჩელის ოჯახის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს, ბავშვის მიმართ ზრუნვის გამოჩენა მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამის გავრცელების და არა უარის თქმის პირობას ქმნის.
მინდობით აღზრდის შეწყვეტის საფუძველს არ ქმნიდა აგრეთვე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მინდობით აღზრდის ნაცვლად ბავშვზე მეურვეობა-მზრუნველობის დანაწესების მიზანშეწონილობაზე. მოპასუხე თვლის, რომ მინდობით აღზრდით დაცულია მხოლოდ ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უფლება, ხოლო მეურვე და მზრუნველი განსაკუთრებული უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/სამზრუნველო პირის უფლებებსა და ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მოსარჩელეს არ მოუთხოვია კანონიერი წარმომადგენლობის, მეურვეობა/მზრუნველობის გაფორმება, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის აუცილებლობის არარსებობის პირობებში მზრუნველობის დაწესება ბავშვის ინტერესების უკეთეს დაცვას უზრუნველყოფდა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ. ს-ე ობოლია, რაც თავისთავად ადასტურებს მის მიმართ მზრუნველობის გამოჩენის, სოციალური პატრონაჟის საჭიროებას მისი მინდობით აღსაზრდელად გადაცემის საფუძვლის არსებობას. ბავშვზე სახელმწიფო ორგანოების მიერ მზრუნველობის საჭიროების არარსებობა განპირობებული იყო მოსარჩელის ოჯახის მიერ ბავშვზე მზრუნველობით, ამასთანავე მოპასუხე ვერ ასახელებს რაიმე გარემოებას, რომლის შედეგადაც მინდობით აღზრდამ შექმნა ბავშვის უფლებების და ინტერესების დარღვევის რაიმე პირობა, არ უთითებს მიზეზს, რომლის გამო მეურვეობა/მზრუნველობის ორგანოს მეშვეობით ბავშვის წარმომადგენლობა შეუძლებელი ან უშედეგო იქნებოდა, არ უთითებს ბავშვის ინტერესების არასათანადო დაცვის რაიმე შემთხვევას მოსარჩელის მხრიდან. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანო, კანონის მე-4 მუხლის „ო" ქვეპუნქტის, 11.1 მუხლის თანახმად, არის მეურვეობის და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 31.12.09წ. N01/474-ო ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სოციალური მომსახურების ცენტრისა და რაიონული განოფილების ტიპიური დებულების" მე-3 მუხლის „დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, რაიონული განყოფილების ამოცანათა რიგს განეკუთვნება მეურვეობისა და მზრუნევლობის ფუნქციების შესრულება, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების რეალიზაციაში მონაწილეობა. ამდენად, მოპასუხე თავად წარმოადგენდა მზრუნველობის ორგანოს და საჭიროების შემთხვევაში სწორედ მას ეკისრებოდა ბავშვის უფლებების დაცვა (კანონის 11.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). მოპასუხის მოსაზრება, რომ მზრუნველობის სახელმწიფო ორგანოების მიერ ინტერესების დაცვა გარკვეულ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული (ტ.5, ს.ფ. 185-186) არ არის დასაბუთებული. ამასთანავე, მინდობით აღზრდა სწორედ, რომ ობოლი ბავშვის უფლებების დაცვას და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების განხორციელებას ისახავს მიზნად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითება მეურვის მოვალეობებზე არ ადასტურებს მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას.
საქმის მასალებით არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე თავს არიდებს პასუხისმგებლობას და აქვს მხოლოდ მინდობით აღსაზრდელად გადაცემისათვის გათვალისწინებული თანხის მიღების სურვილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სათანადო მზრუნველობას იჩენდა დისშვილის მიმართ, უზრუნველყოფდა მის კეთილდღეობას და განვითარების სათანადო პირობებს, რასაც არც მოპასუხე უარყოფს და დასტურდება სხვადასხვა დროს, მათ შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, სხვადასხვა სოციალური მუშაკის მიერ შესწავლის შედეგად მომზადებული დასკვნებით. მ. ს-ისათვის მინდობით აღზრდის ნაცვლად მზრუნველობის დაწესებით უფლებების უკეთესი დაცვის მოსაზრების მიუხედავად, ადმინისტრაციულ ორგანოს ასეთი არ დაუნიშნავს (სკ-ის 1828-ე მუხ.). ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა იწვევდა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებისათვის ბავშვის გადაცემას, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღებას ("შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონის 33.2 მუხ.), რასაც ადგილი არ ჰქონია. მეტიც, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მიერ სააპელაციო სასამართლოში 22.03.12წ. წარდგენილი შესაგებლის მიხედვით (ტ.2, ს.ფ.90) მ. ს-ის მზრუნველად დანიშნული იყო მისი ბებია - ც. ს-ე, შემდგომში ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მოხდა ბავშვის მინდობით აღზრდაში განთავსება. საფუძველს არის მოკლებული კასატორის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 1279-ე მუხლით. განსახილველი დავის საგანი ეხება მინდობით აღზრდას და არა მზრუნველობის დაწესებას, სასამართლო წყვეტს არა მიზანშეწონილობის, არამედ კანონიერების საკითხს. ამასთანავე, მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნებელობით მხარეს, სკ-ის 1281.2 მუხლის თანახმად, მეურვე ან მზრუნველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ პირის თანხმობით. მინდობით აღმზრდელს გააჩნია აღსაზრდელად გადაცემული ბავშვის შვილად აყვანის და მზრუნველობის უპირატესი უფლება და არა ვალდებულება. მეურვის/მზრუნველისათვის დედობილის/მამობილის სტატუსის მინიჭების შეუძლებლობა (კანონის 7.1 მუხ. „ე“ ქვეპუნქტი) არ ადასტურებს მინდობით აღზრდის პროგრამის შეწყვეტის მართლზომიერებას, ვინაიდან მოსარჩელეს მეურვის სტატუსი არ ჰქონია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მინდობით აღმზრდელისაგან განსხვავებით მეურვეს-მზრუნველს არ აქვს მეურვეობაში მყოფი პირის რჩენის ვალდებულება. მართალია მეურვე-მზრუნველი განსაზღვრულ საქმიანობას ეწევა რჩენის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ეს ხდება მეურვეობაში/მზრუნველობაში მყოფი პირის ქონების ან სხვა ფულადი შემოსავლის და არა საკუთარ ხარჯზე, სწორედ ამის გამო, მინდობით აღზრდისაგან განსხვავებით, მეურვეობა სრულდება უსასყიდლოდ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის რჩენას, რასაც მინდობით აღზრდა ითვალისწინებს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბავშვი შეთვისებულია დეიდას და მის ოჯახს, სოციალური მზრუნველობის სახის შეცვლა დასაშვებია მზრუნველი პირის და ბავშვის აზრის გათვალისწინებით და პატივისცემით („შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის 36-ე მუხ.), რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნიდა მ. ს-ისათვის პენსიის დანიშვნა, რომელიც დაგროვებით ანგარიშზე გროვდებოდა. პალატა აღნიშნავს, რომ მ. ს-ის მიერ მშობლების გარდაცვალების მიზეზით დანიშნული მარჩენალდაკარგულის პენსიის მიღება („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მე-9 მუხ.), არ გამორიცხავდა მინდობით აღზრდაში გადაცემისათვის ანაზღაურების მიღებას („სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის მე-9 მუხ.). დანიშნული პენსია თავად მარჩენალდაკარგულს ეკუთვნის, ხოლო მინდობით აღზრდაზე სახელმწიფო პროგრამით დაფინანსება მინდობით აღზრდაში ბავშვის მიმღებ ოჯახს და მიზნად ისახავს ოჯახის მიერ გაწეული დანახარჯების კომპენსირებას, მინდობით აღზრდაში მიუსაფარი, ზრუნვის გარეშე დარჩენილი ბავშვის მიღების წახალისებას.
სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიღებულ გადაწყვეტილებას არ ადასტურებს კასატორის - სოციალური მომსახურების ცენტრის მითითება ,,მინდობით აღზრდის პროცედურებისა და ფორმების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 26.02.2010 წ. N51/ნ ბრძანების 13.3 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად მინდობით აღზრდის ანაზღაურების გასაცემი თანხა განისაზღვრება რეგიონული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის არსებული მდგომარეობით და დაფინანსება გრძელდება ხელშეკრულების ვადის განმავლობაში. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონალური საბჭო არის კოლეგიური ორგანო. ის გარემოება, რომ მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს რეგიონალური საბჭოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ხელშეკრულების გაგრძელებაზე, მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართვაზე, ხოლო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.09.13წ. N04-404/ო ბრძანებით დამტკიცებული "მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონალური საბჭოების ტიპური დებულების" მიხედვით, სოციალური მომსახურების რაიონული განყოფილება გადაწყვეტილებას გამოსცემს საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე (მე-9 მუხ.), არ ადასტურებს განყოფილების სადავო გადაწყვეტილების კანონიერებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება გენერალური რეგულაციის (კანონის) საფუძველზე კონკრეტული, ინდივიდუალური შემთხვევის რეგულაცია, მოწესრიგება. ამდენად, განყოფილების სადავო აქტის კანონიერებას განაპირობებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებისადმი და არა საბჭოს გადაწყვეტილებისადმი შესაბამისობა, მით უფრო, რომ დავის საგანი მოიცავს არა მხოლოდ განყოფილების, არამედ აგრეთვე საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საბჭოს მიერ თანხის არ განსაზღვრა ასევე არ ქმნიდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად, მინდობით აღსაზრდელზე ზრუნვის ხარჯები იფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. „სოციალური დამხარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დედობილი/მამობილი ბავშვის მინდობით აღზრდისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს სოციალურ დახმარებას, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 28.07.2006წ. №145 დადგენილების 104 მუხლის თანახმად ნათესაური მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის სახელმწიფოს მხრიდან ოჯახი იღებს ანაზღაურებას თვეში 200 ლარის ოდენობით. სწორედ ეს თანხა იყო განსაზღვრული ოზურგეთის რაიონულ განყოფილებასა და ნ, ც-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. ვინაიდან ნ. ც-ე იმთავითვე ითხოვდა არა ახალი ხელშეკრულების გაფორმებას და პირობების შეცვლას, არამედ მის მოთხოვნას შეადგენდა ხელშეკრულების გაგრძელება, ნათელია, რომ მისთვის მისაღები იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის ტერიტორიული ორგანოს და ნ. ც-ეს შორის 16.06.2010წ. დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ოდენობა - 200 ლარი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითება ხელშეკრულების მისი შეწყვეტის დღიდან გაგრძელების შეუძლებლობის შესახებ არ არის დასაბუთებული, არ ემყარება კანონმდებლობას და ქმნის გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმების საფუძველს.
სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონულ განყოფილებას დაევალა ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ნაწილში არ არის დასაბუთებული. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ც-ის მიერ ხელშეკრულების აღდგენის თაობაზე პირველი სარჩელი აღძრულია 02.03.11წ., დღეის მდგომარეობით სახეზეა სამი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ხელშეკრულების აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ოზურგეთის რაიონული განყოფილების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა სასამართლოს მითითებები ხელშეკრულების აღდგენასთან დაკავშირებით, რაც დადასტურებულია არაერთი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ რიგით მეოთხე სასარჩელო წარმოება დასრულდა სარჩელის გამოხმობის შედეგად მისი განუხილველად დატოვებით, სარჩელის გამოხმობის შესახებ ნ. ც-ის მიერ სასამართლოში განცხადების შეტანა განპირობებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს ზეპირი დაპირებით, რომ ორგანო მის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებდა, თუმცა ზეპირი დაპირება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ შესრულდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სათანადო შეფასება არ მისცა ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან ხელშეკრულების აღდგენის შესახებ ნ. ც-ის მოთხოვნას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არ არის დასაბუთებული, სააპელაციო პალატამ დაადგინა ნ. ც-ესთან დადებული ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების უკანონობა, თუმცა უარი თქვა ხელშეკრულების შეწყვეტიდან მინდობით აღზრდის აღდგენაზე. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის ნ. ც-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების ეს ნაწილი წინააღმდეგობრივია. მინდობით აღმზრდელის და ბავშვს შორის ურთიერთობა არის დროებითი - ბავშვის სრულწლოვანებამდე, მზრუნველისაგან, შვილად ამყვანისაგან განსხვავებით მინდობით აღმზრდელი (დედობილი/მამობილი) ბავშვთან არ ამყარებს მემკვიდრეობით ურთიერთობებს. ამასთანავე, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის, მე-4 მუხლის „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების, 32.2 მუხ., 33.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად მინდობით აღზრდას ექვემდებარება 18 წლამდე ასაკის პირი, მინდობით აღსაზრდელის სრულწლოვანების მიღწევისას მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულება წყდება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემობაზე, რომ მოსარჩელე იმთავითვე მოითხოვდა არა ახალი ხელშეკრულების დადების დავალებას, არამედ ხელშეკრულების აღდგენას, აღნიშნული განპირობებული იყო ხელშეკრულების შეწყვეტიდან (11.01.2011წ.) გასული პერიოდის განმავლობაში კომპენსაციის მიღების სურვილით, მით უფრო, რომ გასული პერიოდის ხანგრძლივობა და შესაბამისად ამ პერიოდისათვის მისაღები კომპენსაცია ჯერადობით აღემატებოდა მ. ს-ის სრულწლოვანობამდე დარჩენილ მცირე ვადას და შესაბამისად კომპენსაციის ოდენობას. სააპელაციო პალატის მიერ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილებისათვის მინდობით აღზრდის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამომავლოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დავალება გამორიცხავს პროგრამის შეწყვეტის შედეგად მიუღებელი ანაზღაურების - ფულადი სოციალური დახმარების თანხის მიღების შესაძლებლობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად მიეცემა დედობილს/მამობილს ბავშვის მოვლისა და აღზრდისათვის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 26.02.2010წ. #51/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მინდობით აღზრდის პროცედურების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი), ილუზორულს ხდის მოსარჩელის უფლების აღდგენას, ეწინააღმდეგება საქმეზე მანამდე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს და სააპელაციო პალატის საკასაციო წესით გასაჩივრებულ იმ ნაწილს, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა და სადავო აქტები ბათილად იქნა ცნობილი. ამასანავე, საქმეში დაცული მასალებით დასტურდება, რომ მ. ს-ეს 09.04.2016წ. შეუსრულდა 18 წელი, ამდენად, მოპასუხე აღარ არის უფლებამოსილი გააფორმოს ნ. ც-ესთან ხელშეკრულება მინდობით აღზრდის შესახებ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასულ პერიოდში ხელშეკრულების აღდგენის შეახებ მოთხოვნა ფაქტობრივად გულისხმობდა ადმინისტრაციული ორგანოსგან ანაზღაურების მიუღებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში (სასკ-ის 281 მუხ.), ვინაიდან მხარის მოთხოვნა ხელშეკრულების აღდგენის შესახებ ფაქტობრივად გულისხმობდა ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის დღიდან ზიანის ანაზღაურებას. ზიანის ანაზღაურება უნდა მოიცავდეს მეურვეობა-მზრუნველობის გურიის რეგიონალური საბჭოს #02-12/12, 24.12.10წ. გადაწყვეტილების საფუძველზე მინდობით აღზრდის პროგრამის ამოწურვის მომენტიდან (11.01.11წ.) მ. ს-ის სრულწლოვნების ასაკის მიღწევამდე კომპენსაციის თანხის მიღებას. იმის გათვალისწინებით, რომ მინდობით აღზრდის ანაზღაურება არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც შვილობილის მოვლისა და აღზრდისათვის მიეცემა დედობილ-მამობილს („სოციალური დახმარების შესახებ“ კანონის 2.22 მუხ.), ხელშეკრულება იდება დედობილ-მამობილთან და უნდა მოიცავდეს მათ უფლება-მოვალეობებს, მხარეთა პასუხისმგებლობას და სხვ. გარემოებებს („შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის 32-ე, 35-ე მუხ.), საკასაციო პალატა თვლის, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილის მიმართ სასამართლომ უნდა იქონიოს მსჯელობა საქმეში მესამე პირად (სასკ-ის მე-16 მუხ.) მ. ს-ის მამობილის (დ. მეგრელიშვილის) ჩაბმაზე, რომელიც „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად დედობილთან ერთად არის მიმღები ოჯახის წევრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი, სადავო აქტების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სასკ-ის 9.1 მუხლის საფუძველზე მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.2015წ გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გურიის რეგიონალური საბჭოს 21.11.14წ. #02 02 0057 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების 28.11.14წ. #04-08-01/4477 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში;
4. დანარჩენ ნაწილში გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი