Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-831-823(კ-16) 26 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის განყოფილების მიმართ.

2015 წლის 8 აპრილს ნ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის განყოფილების მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჭიათურის რაიონული განყოფილების 2014 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 25 თებერვლის №04/13221 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შეწყვეტილი სოციალური შემწეობის ანაზღაურების ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით ნ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ჭიათურის მაგისტრატ სასამართლოს.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინებით ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების (განჩინების) გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება აღნიშნული კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინების შემცველი გზავნილი საქმეში მითითებულ მისამართებზე ორჯერ გაეგზავნა კასატორს - ნ. მ-ს და კანონით დადგენილი წესით გაგზავნილი უწყება მას ჩაჰბარდა პირადად 2016 წლის 10 სექტემბერს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას 2016 წლის 7 ოქტომბერს ჩაჰბარდა (ტ. I; ს.ფ. 198).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინების ასლი ნ. მ-ს 2016 წლის 10 სექტემბერს ჩაჰბარდა, გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლა 2016 წლის 11 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადა 2016 წლის 3 ოქტომბერს (შაბათ-კვირის გათვალისწინებით) 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო საჩივარი კი საქართველოს ფოსტას 2016 წლის 7 ოქტომბერს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21-დღიანი ვადის დარღვევით ჩაჰბარდა (ტ. I; ს.ფ. 198).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა - ნ. მ-მა დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. განუხილველი დარჩეს ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი