საქმე № ბს-330-327 (2კ-კს-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე)– რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. ჩ-ი
დავის საგანი – უსწორობის გასწორება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.15წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 24000 აშშ დოლარის (სარჩელის შეტანის დღისთვის 42160 ლარის) ანაზღაურება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 06.01.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 06.01.2015წ. გადაწყვეტილება, საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი.ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა ი. ჩ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 42160 ლარის, ასევე ი. ჩ-ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 1265 ლარის ანაზღაურება.
ი. ჩ-მა 04.03.2016წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს უსწორობის გასწორების შესახებ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ითხოვდა 24000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, სარჩელში და სააპელაციო საჩივარში თანხის ლარში აღნიშვნა განპირობებული იყო დავის საგნის ღირებულების განსაზღვრით. ი. ჩ-მა მოითხოვა გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2015წ. განჩინებით დაკმაყოფილდა განცხადება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.10.2015წ. გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა იმგვარად, რომ გადაწყვეტილებაში ყველგან ნაცვლად რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაზე დასაკისრებელი (დაკისრებული) მატერიალური ზიანის თანხის ოდენობად, ნაცვლად 42 000 ლარისა, მითითებულ იქნა 24 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებით პალატამ სრულად დააკმაყოფილა ი.ჩ-ის სარჩელი. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა განისაზღვრა საქმეში დაცული აუდიტორული დასკვნით, რომლის თანახმად ბინის ღირებულება 24000 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებულია მექანიკური უსწორობა, რაც უნდა გასწორდეს და გადაწყვეტილებაში 42160 ლარის ნაცვლად, უნდა მიეთითოს 24000აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გაჩინების გაუქმება იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განჩინებით საბოლოო გადაწყვეტილებაში არსებითი ცვლილება იქნა შეტანილი, რაც სცდება სსკ-ის 260-ე მუხლის დანაწესს. გადაწყვეტილებაში ლარის ნაცვლად დოლარის მითითება არსებითად ცვლის გადაწყვეტილების შინაარსს. სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადასტურებულია, რომ ი. ჩ-ს 33000 ლარის ოდენობით ზიანი მიაყენეს მ. გ-მა და ზ. ი-მა, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, შესაბამისად გადაწყვეტილებაში ვალუტის სახით დოლარის მითითებით არსებითად შეიცვალა გადაწყვეტილება, რის გამოც სახეზეა განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2015წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 260- მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. აღნიშნული ნორმის თანახმად, დაშვებულია გადაწყვეტილების თუ განჩინების გამოტანის შემდეგ აღმოჩენილი იმგვარი მექანიკური თუ ტექნიკური ხასიათის შეცდომის გასწორება ახალი განჩინების მიღების გზით, რომელიც არსებითად არ ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. ამასთან, გასწორებას ექვემდებარება იმ სახის უზუსტობანი, რომლებიც აშკარად არ შეესაბამება საქმის მასალებს. დაუშვებელია იმ სახის შესწორებების შეტანა, რაც გამოიწვევს გამოტანილი გადაწყვეტილების არსებითად შეცვლას, რამდენადაც სასამართლო, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის უფლებამოსილი შეცვალოს ან გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული გამონაკლისებისა, მაგ., ახლად აღმოჩენილი გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში. ამდენად, გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას (სკ-ის 260-ე მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ჩ-ის მოთხოვნას შეადგენდა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისაგან 24000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს სსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევას, რომლის მიხედვით სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ის, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სასკ-ის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძვლიანია სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებულია მექანიკური უსწორობა, რაც ექვემდებარება გასწორებას. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ჩ-ი სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვდა 24000 აშშ დოლარს, რის საფუძვლადაც უთითებდა საქმეში დაცულ 16.12.2011წ. აუდიტორულ დასკვნას (ტ.1, ს.ფ. 29-30), რომლის თანახმად ბინის ღირებულება 24000 დოლარს შეადგენდა. სარჩელში 24000 აშშ დოლართან ერთად მოსარჩელემ მიუთითა აგრეთვე 42160 ლარი, ხოლო სააპელაციო საჩივარში 48736 ლარი, რაც ი. ჩ-ის განმარტებით შეადგენდა მის მიერ მოთხოვნილი 24000 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
სააპელაციო პალატის მიერ უსწორობის გასწორების უმართებულობას არ ადასტურებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დადასტურდა ი. ჩ-ისთვის 33000 ლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი მ. გ-ის და ზ. ი-ის მიერ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 106-ე მუხლში 24.09.2010წ. კანონით შეტანილი ცვლილების შედეგად სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ აქტს არ აქვს პრეიუდიციული ძალა, შესაბამისად სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით ი. ჩ-ისათვის მიყენებული ზიანის დადგენილი ოდენობა ვერ გახდებოდა უპირობოდ სავალდებულო სააპელაციო პალატისათვის, მით უფრო, რომ განაჩენის დროს არსებული ვალუტის კურსის თანაფარდობა შეცვლილია, ამასთანავე, პალატამ იმსჯელა არა მ. გ-ის და ზ. ი-ისათის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხზე, არამედ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ი. ჩ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტსა და ოდენობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კანონმდებლობას შეესაბამება სააპელაციო პალატის მიერ 24000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში მითითებით ზიანის ოდენობის განსაზღვრა, ვიანიდან ფულადი ვალდებულება გამოიხატება ეროვნულ ვალუტაში (სკ-ის 383-ე მუხ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა გადაწყვეტილებაში დაშვებული მექანიკური, რედაქციული და არა არსებითი უსწორობა, რაც სსკ-ის 260-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად ექვემდებარებოდა გასწორებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 410-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.15წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი