ბს-398-393(კს-16) 06 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური, რ. ა-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2016წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. ნ-ემ 14.01.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის და რ. ა-ის მიმართ. მ. ნ-ემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: ქ. ქობულეთში, ... ... შესახვევის №11-ში (ყოფილი ... ქუჩა, №11) მდებარე, 226 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე რ. ა-ის მფლობელობის უფლების შეწყვეტილად აღიარება, აღნიშნულ ფართზე მ. ნ-ის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დადგენა, ტექბიუროს არქივში დაცულ, ტექნიკური აღრიცხვის ბარათში რ. ა-ის მიერ 226 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთზე არსებული თვითნებურად დაკავების შესახებ ჩანაწერის 2005 წლიდან ძალადაკარგულად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.12.2015 წ. განჩინებით მ. ნ-ის სარჩელი ქ. ქობულეთში, ... ... შესახვევის №11-ში (ყოფილი... ქუჩა, №11) მდებარე 226 კვ.მ. ფართის უძრავ ნივთზე რ. ა-ის მფლობელობის უფლების შეწყვეტილად აღიარებისა და ამ უძრავ ნივთზე მ. ნ-ის მფლობელობისა და სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, დატოვებულ იქნა განუხილველად, მ.ნ-ის მიერ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის გამოხმობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.12.2015 წ. გადაწყვეტილებით მ.ნ-ის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისრაციო სამსახურისა და რ. ა-ის მიმართ ტექნიკური აღრიცხვის ბარათის ჩანაწერის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, არ დაკმაყოფილდა, რაზეც მ. ნ-ის წარმომადგენლის დ. ხ-ის მიერ წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2016 წ. განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა. ამასთან მ. ნ-ეს განემარტა, რომ თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდა განჩინებაში მითითებულ ხარვეზს, კერძოდ: არ წარმოადგენდა დ. ხ-ის მიერ სააპელაციო საჩივრის სასამართლოში შეტანის უფლებამოსილების დამადასტურებელ მტკიცებულებას (განახლებულ მინდობილობას) ან თავად მ. ნ-ის მიერ ხელმოწერილ სააპელაციო საჩივარს, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანს (საგადასახადო დავალებას, სალაროს შემოსავლის ორდერს, ქვითარს ან სხვა დოკუმენტს, რომელიც დაადასტურებდა გადახდის ფაქტს), სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება 02.03.2016წ. გაეგზავნა მ. ნ-ეს მისამართზე: ქობულეთი, ... ქ. №11.
შპს „... “ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი უკუგზავნილის მიხედვით ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მიტანილ იქნა მისამართზე: ქობულეთი, ... ქ. №11 და ჩაბარდა მ. ნ-ეს (პ.ნ....). უკუგზავნილს ხელს აწერს კორესპონდენციის ადრესატი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2016წ. განჩინებით მ. ნ-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.12.2015 წ. გადაწყვეტილებაზე დატოვილ იქნა განუხილველად დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა მ. ნ-ის წარმომადგენლის დ. ხ-ის მიერ.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება არც მ. ნ-ეს და არც მის წარმომადგენეს არ ჩაბარებია, შესაბამისად ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ათვლა არ უნდა დაწყებულიყო და სააპელაციო საჩივარი არ უნდა დარჩენილიყო განუხილველად. მ.ნ-ეს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად ესპობა გასაჩივრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ.ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
სასკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
სსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 02.03.2016წ. განჩინება მ.ნ-ეს გაეგზავნა მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე - ქობულეთი, ... ქ. №11 (ტ.2, ს.ფ.173). საქმეში დაცული შპს „...“ მიერ წარმოდგენილი წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დგინდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მ. ნ-ეს ჩაბარდა პირადად (ტ.2, ს.ფ. 174). აღნიშნულს ადასტურებს უკუგზავნილზე მ. ნ-ის პირადი ნორმის მითითება და მისი ხელმოწერა, რომლის ნამდვილობა სადავო არ გამხდარა. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არც მ. ნ-ეს და არც მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია, თუმცა, სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვერ ადასტურებს საქმეში დაცული ჩაბარების დასტურის უარყოფის საფუძვლებს.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.03.2016 წ. განჩინებით მ. ნ-ეს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მ. ნ-ეს პირადად ჩაბარდა 10.03.2016წ., თუმცა მას ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ საპროცესო ვადაში არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის.
სსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ.ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.04.2016წ. განჩინება მ. ნ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.2016წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი