№ბ-1238-7(ა-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ა. წ-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფებოდა ადმინისტრაციული საქმე №ბს-1428-1003(კ-05) ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე ა. წ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა ქ. ქუთაისში, ... გამზ. №50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ქ. ქუთაისში, ... გამზ. №9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება ა. წ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. წ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი ქ. ქუთაისში, ... გამზ. №50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის და ... ქ. №9-ში მდებარე 3003 კვ.მ მიწის ნაკვეთის ა. წ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 24 თებერვლის განჩინებით ა. წ-ისა და შპს „...“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მთავრობისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; ა. წ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ა. წ-ის სახელზე გაეტარებინა რეგისტრაციაში ქ. ქუთაისში, ... ქ. №9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო „...“ დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1146,10 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ... გამზ. №50ა-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი - 1752,90 კვ.მ, ხოლო დანარჩენი ფართის რეგისტრაციაზე მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... გამზ. №48ა-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება, ხოლო მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს „...“ უარი ეთქვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით ა. წ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
2016 წლის 10 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. წ-მა, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, კერძოდ, 2000 წლიდან 16 წლის განმავლობაში აღკვეთილი ჰქონდა გასცნობოდა საჯარო რეესტრში დაცულ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, რომელიც მხოლოდ 2016 წლის 11 სექტემბერს გახდა მისთვის ხელმისაწვდომი. ქუთაისის მერიისა და საჯარო რეესტრის მიერ განზრახ არ გაიცემოდა აღნიშნული მტკიცებულებები. ამასთან, განმცხადებლის მტკიცებით, ყალბია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, რაც საქმის ხელახლა განხილვის საფუძველს წარმოშობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განსჯადობის წესების დაცვით, უნდა გადაეცეს უფლებამოსილ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯადობის საკითხს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. წ-ის მიერ განცხადება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რადგან მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილებები გამოტანილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია იმსჯელოს ა. წ-ის განცხადებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ამასთან, „თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიებისა და სასამართლო პალატებსა და კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 27 ოქტომბრის №857 ბრძანებულების საფუძველზე შეიქმნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო. ამავე ბრძანებულებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიების, სასამართლო კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 აპრილის №154 ბრძანებულება. ხოლო „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოებია: რაიონული (საქალაქო) სასამართლო, სააპელაციო სასამართლო, საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ა. წ-ის განცხადების განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, რის გამოც ა. წ-ი არასწორად მომართავს განცხადებით საკასაციო სასამართლოს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. წ-ის განცხადება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის შესაბამისად, განსჯადობის წესების დაცვით უნდა გადაეცეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელიც უფლებამოსილია იმსჯელოს წარმოდგენილი განცხადების დასაშვებობასა და მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილითა და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 424-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცეს უფლებამოსილ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი