საქმე №ბს-2-2(გ-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობამ:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრმა 16.10.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - მ. ვ-ის, ს. ქ-ის, ლ. ზ-ისა და ვ. მ-ას მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასეხე მ. ვ-ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - საპენსიო პაკეტიდან 600 ლარის, ს. ქ-ისთვის - 600 ლარის, ლ. ზ-ისათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 1 აპრილამდე უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - საპენსიო პაკეტიდან 600 ლარის, ვ. მ-ასათვის 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2014 წლის 1 თებერვლამდე უკანონოდ მიღებული სახელმწიფო გასაცემლის - საპენსიო პაკეტიდან 300 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის აღდგენის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.11.2015წ. განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, თუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მიმართულია ადმინისტრაციული ორგანოს და არა ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ. ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვისათვის დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, ვინაიდან დავის საგანია არა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არამედ ფიზიკური პირის ვალდებულება სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კანონმდებლობით მოწესრიგებული ურთიერთობანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 21.12.2015წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე დაყრდნობით სამოქალაქო კოლეგიამ აღნიშნა, რომ მოქმედი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში აღნიშნული დავები, აგრეთვე სხვა დავები, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს და მისგან არის წარმოშობილი. ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დავად მიჩნევის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნის დაფუძნება ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებზე ანუ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო პენსიის გაცემის წესი და საფუძველი გათვალისწინებულია ადმინისტრაციული კანონმდებლობით - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და მის განხილვაზე უფლებამოსილი სასამართლოა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საგნობრივი განსჯადობის საკითხის გარკვევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სადავო სამართალურთიერთობის შინაარსს, დავის უშუალო მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამდენად, განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კანონმდებლობას, რომლის საფუძველზეც დავაა აღმოცენებული, დავის არსს და საგანს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათს.
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონი არეგულირებს პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველს, განსაზღვრავს პენსიის ადმინისტრირების ორგანოს, ადგენს პენსიის დანიშვნის, გაცემის, შეჩერების, განახლების, შეწყვეტის და პენსიის მიღების ზოგად პრინციპებს. კანონის მე-5 მუხლით მოწესრიგებულია პენსიაზე უფლების წარმოშობისა და წარმოშობილი უფლების შეწყვეტის საკითხი, ხოლო კანონის მე-10 მუხლით - პენსიის ადმინისტრირების საკითხი, რომლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის ადმინისტრირების/კომპეტენტური ორგანოს ერთ-ერთი უფლება-მოვალეობაა პენსიის დანიშვნა, მისი გაცემის ორგანიზება, შეჩერება, განახლება, შეწყვეტა და გადაანგარიშება. ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს პენსიის შეწყვეტის საფუძვლებს. ამასთანავე, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 23.07.2012წ. №279 დადგენილების მე-15 მუხლით მოწესრიგებულია ზედმეტად დარიცხული სოციალური პაკეტის დაბრუნების საკითხი. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები ადმინისტრაციული კანონმდებლობის ნაწილია. მოცემული დავის განხილვა, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის გარკვევა საჭიროებს მოპასუხეების მიერ საპენსიო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის, სახელმწიფო პენსიების შეწყვეტის საფუძვლების არსებობის დადგენას, რაც საჯარო კანონმდებლობის მოწესრიგების სფეროს შეადგენს.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ დავა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის სარჩელი მოპასუხეების - მ. ვ-ის, ს. ქ-ის, ლ. ზ-ისა და ვ. მ-ას მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვ-ე
ვ. როინიშვილი