საქმე ბს-525-520(გ-16) 11 ოქტომბერი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვასილ როინიშვილი (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა შ. შ-ის სარჩელთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შ. შ-ემ 2016 წლის 27 იანვარს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ არსებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება, მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის - 10000 ლარის, მორალური ზიანის - 30000 ლარისა და საპროცესო ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მარტის განჩინებით შ. შ-ის სარჩელიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის, ხელფასის შემცირებით განპირობებული მიუღებელი თანხის ანაზღაურების, საშვებულებო თანხის ანაზღაურების, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ცალკე წარმოებად გამოიყო დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, 30000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, 10000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და 2000 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნები; შ. შ-ის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, 30000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების, 10000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებისა და 2000 ლარის ოდენობით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე განსახილველად განსჯად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადად მიიჩნია, რადგან სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის, მისი აღმოფხვრისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმეების განსჯადობას სამოქალაქო სასამართლოებს მიაკუთვნებს, შესაბამის საქმეთა განხილვისათვის სამოქალაქო საპროცესო ნორმებით სპეციალური წარმოებაა განსაზღვრული, რაც გამორიცხავს ამ საქმეთა ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ განხილვას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სასამართლოს განსჯადი საკითხების - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალების საფუძვლების დადგენა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული საქმის განუყოფელ ნაწილად. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ნებისმიერ შემთხვევაში ადმინისტრაციული კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტული საფუძვლით გამოიცემა და მხოლოდ ამ საფუძვლის დაუდასტურებლობა ან/და ადმინისტრაციული კანონმდებლობის არასწორად გამოყენება შეიძლება გახდეს აქტის უკანონოდ ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძვლებზე იმსჯელოს, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა კი საამისოდ უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოცემული აქტის ხასიათისა და სხვა გარემოებების ერთობლივად შეფასების გზით უნდა განხორციელდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ივნისის განჩინებით №2/6458-16 სამოქალაქო საქმე, განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის სამსახურიდან გათავისუფლებას დისკრიმინაციული მოტივით, კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გათავისუფლების ბრძანების გამოცემა მოხდა გარკვეული ნიშნით, რომელიც შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დისკრიმინაციულად; შესაბამისად, სარჩელის არსი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე მსჯელობა და იმის დადგენა, მართლაც ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურიდან გათავისუფლებას გარკვეული ნიშნით. დისკრიმინაციული მოტივით მოხდა თუ არა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლო ვერ შეაფასებს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების შეფასების გარეშე. დისკრიმინაციის საკითხი დაკავშირებულია სამსახურიდან გათავისუფლებასთან და მათი განცალკევება შეუძლებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2902652 ბრძანების ბათილად ცნობა, სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ არსებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება, მატერიალური ზიანის - 10000 ლარისა და მორალური ზიანის - 30000 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისა და მისგან გამომდინარე მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დამოუკიდებლად სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2902652 ბრძანების ბათილად ცნობის, სადავო ბრძანებით გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობრივ სარგოსა და ახალ თანამდებობაზე გადაყვანის შემდგომ არსებულ თანამდებობრივ სარგოებს შორის სხვაობის შესაბამისად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებისა და თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში, ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა (შ. შ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 28 დეკემბრის №2902652 ბრძანების ბათილად ცნობა და თავდაპირველ თანამდებობაზე აღდგენა) გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ხოლო ამ მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, რომლის დადგენის შემთხვევაში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ‘‘ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. შ-ის სასარჩელო მოთხოვნებს გააჩნიათ საერთო სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლოს მხრიდან უნდა მოხდეს ამ სასარჩელო მოთხოვნების ერთობლივი განხილვა.
შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქმე - შ. შ-ის სარჩელისა გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე