Facebook Twitter

საქმე #ბს-531-526(გ-16) 11 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა

მოპასუხე _ შპს „…“

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 2014 წლის 23 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „…“ მიმართ. მოსარჩელემ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 372248.24 (სამას სამოცდათორმეტი ათას ორას ორმოცდარვა) ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი მოპასუხე შპს „…“ მიმართ პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე, განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სასამართლომ მიუთითა, რომ წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრებას. ამასთან, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას და შპს „…“ შორის 2014 წლის 7 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულებით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა შეთანხმებული სამუშაო - ნაძალადევის რაიონში შეეკეთებინა გზები. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განმარტებით, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობას და შპს „…“ შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას ანუ იგი არის სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება, თუმცა, აღნიშნული ხელშეკრულების დადების გზით ქ. თბლისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა მიზნად ისახავდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელებას - საჯარო დანიშნულების გზების შეკეთებას. ამდენად, მისი დადების მიზანი იყო მოსარჩელის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება. ამასთან, 2014 წლის 7 აპრილის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის მიხედვით, მენარდესთან ანგარიშსწორება გათვალისწინებული იქნა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით სახეზეა მოსარჩელის მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით მოსარჩელე ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე შპს „…“ მიმართ განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და შპს „…“ შორის დადებული ხელშეკრულება ნარდობის ხელშეკრულებაა და სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოს დაკისრება. ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მსჯელობა მასზედ, რომ მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და შესაბამისად, სარჩელი, განსჯადობის წესების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯადი არ არის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე და თვლის, რომ საქმე განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება საქმე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციული დავის საგანი სასამართლოში შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან თუ კერძო პირთან დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს არ ქმნის მხოლოდ ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე, მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა, ადმინისტრაციული ორგანოა. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, უკეთუ აღნიშნული მისი შეხედულებით უფრო მისაღებია და არ ეწინააღმდეგება საჯარო სამართლებრივ ნორმებს, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს თავის საქმიანობაში კერძო-სამართლებრივი ფორმები და შესაბამისად, დადოს კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები (სზაკ-ის 651 მუხ.). ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით (სასკ-ის 251 მუხ., სზაკ-ის 65.2, 651 მუხ.). საჯარო სამართლებრივი და კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ხელშეკრულების მონაწილეთა სტატუსს, არამედ ხელშეკრულების მიზანს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიციის (სზაკ-ის 2.1 მუხლის „ზ” ქვეპუნქტი) ძირითადი ელემენტი უკავშირდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ხელშეკრულების დადებას. ხელშეკრულების მიზანი მისი შინაარსით განისაზღვრება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ხელშეკრულების დადების შედეგად წარმოშობილი უფლება-მოვალეობების შინაარსს. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების შედეგად შესაბამისი პირი აღიჭურვება საჯარო სამართლებრივი უფლება-მოვალეობებით, ხოლო კერძო-სამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას მხარეები გვევლინებიან სამოქალაქო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობების მატარებლებად. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. ხელშეკრულების საფუძველზე კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სათანადო საფასურის გადახდის სანაცვლოდ იკისრა ქალაქ თბილისში ნაძალადევის რაიონში გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე არის ადმინისტრაციული ორგანო, ხელშეკრულება არ აღჭურავს პირს საჯარო-სამართლებრივი უფლება-მოვალეობით. ხელშეკრულების დადების შედეგად არ წარმოიქმნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან საჯარო ქმედების (რეალაქტის) მოვალეობა. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „…“ ეკისრებოდა ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში გზების მიმდინარე შეკეთების სამუშაოების შესრულების ვალდებულება, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ ეტაპორივად მიწოდებული გრაფიკის მიხედვით. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა 2014 წლის ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ამდენად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ წარმოქმნის ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა მმართველობითი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებას. ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულებისაგან გამიჯვნისათვის, ხელშეკრულების მიზნისა და საგნის ანალიზის გარდა, მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების დადებას ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. სასკ-ის 2.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. დავის საგანს მოცემულ შემთხვევაში შეადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. მოსარჩელე - ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 418-ე მუხლებს. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან (სასკ-ის 2.3 მუხლი). სასკ-ის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძო სამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასა და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის არსებული სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან, რომელიც თავისი ბუნებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებაა, შესაბამისად, მის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა, სსკ-ის მე-11 მუხლის, აგრეთვე სზაკ-ის 251-ე, 651-ე მუხლების საფუძველზე, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას განეკუთვნება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს - 2014 წლის 7 აპრილს მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება მიიღოს ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვის, მშენებლობისა და განვითარების უზრუნველყოფის საკითხზე გადაწყვეტილება თავისთავად არ ნიშნავს სადავო სამართალურთიერთობის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი მიკუთვნების პირობას. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურა, რომელიც წინ უძღვოდა 2014 წლის 7 აპრილის N1.1.9/30/022 ხელშეკრულების დადებას. დავის საგანია ტენდერის შედეგად 2014 წლის 7 აპრილს დადებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის - 372248.24 ლარის დაკისრება. ამდენად, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო სახელმწიფო შესყიდვების მომწესრიგებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ადასტურებს მოცემული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის საჭიროებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსჯადობის აღრევა იწვევს საქმის განხილვას განსხვავებულ პრინციპებზე აგებული სამართალწარმოების წესით, რაც თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს მხარეთა უფლებებზე. აღნიშნულის გამო, სასკ-ის 26-ე მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი წარდგენილია განსჯად - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსჯადობის წესის დაცვით წარდგენილი სარჩელი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, რის გამოც საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სარჩელი მოპასუხე შპს „…“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე