Facebook Twitter

საქმე #ბს-609-603(გ-16) 11 ოქტომბერი, 2016 წელი,

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ს. ბ-ე, თ. ნ-ე, თ. ქ-ა, ნ. დ-ი, ნ. მ-ი, ე. ზ-ე, გ. ლ-ი, ლ. გ-ი, ნ. ც-ი, მ. ტ-ე, გ. ლ-ე, ე. ნ-ე, ს. გ-ე, ნ. მ-ი, ნი. მ-ე, ე. მ-ი, გ. ა-ე, გ. ს-ე

მოპასუხე _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. ბ-ემ, თ. ნ-ემ, თ. ქ-ამ, ნ. დ-მა, ნ. მ-მა, ე. ზ-ემ, გ. ლ-მა, ლ. გ-მა, ნ. ც-მა, მ. ტ-ემ, გ. ლ-ემ, ე. ნ-ემ, ს. გ-ემ, ნ. მ-მა, ნი. მ-ემ, ე. მ-მა, გ. ა-ემ, გ. ს-ემ 2016 წლის 30 მარტს სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ. მოსარჩელეებმა მოსარჩელეთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მოსარჩელეთათვის მიყენებული მორალური ზიანის - თითოეულის სასარგებლოდ 1 (ერთი) ლარის მოპასუხისათვის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 აპრილის განჩინებით ს. ბ-ის, თ. ნ-ის, თ. ქ-ას, ნ. დ-ის, ნ. მ-ის, ე. ზ-ის, გ. ლ-ის, ლ. გ-ის, ნ. ც-ის, მ. ტ-ის, გ. ლ-ის, ე. ნ-ის, ს. გ-ის, ნ. მ-ის, ნი. მ-ის, ე. მ-ის, გ. ა-ისა და გ. ს-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში; ს. ბ-ის, თ. ნ-ის, თ. ქ-ას, ნ. დ-ის, ნ. მ-ის, ე. ზ-ის, გ. ლ-ის, ლ. გ-ის, ნ. ც-ის, მ. ტ-ის, გ. ლ-ის, ე. ნ-ის, ს. გ-ის, ნ. მ-ის, ნი. მ-ის, ე. მ-ის, გ. ა-ისა და გ. ს-ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია, რომ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს საქმეთა კოლეგიისათვის გადასაგზავნ დავას წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ივნისის განჩინებით №2/5471-16 სამოქალაქო საქმე, განსჯადობის საკითხთან დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ სარჩელის არსი არის მორალური ზიანის ანაზღაურება დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის გამო. დისკრიმინაციის ფაქტი, ანუ დისკრიმინაციული მოპყრობა არის მხოლოდ ის მართლსაწინააღმდეგო ნიშანი, რომელიც ასახავს კანონდარღვევის ხასიათს, მის სამართლებრივ ბუნებასა და რაობას. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დადგენილი წინაპირობები: დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან; დავაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საქმის წარმოების წესით განსახილველი მორალური ზმიანის ანაზღაურება.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან. ადმინისტრაციული სამართალწარმოება, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან - ინკვიზიციურია. ამ სამართალწარმოებაში, სამართალურთიერთობის „ძლიერი მხარე“ - ადმინისტრაციული ორგანო ხშირ შემთხვევაში ვალდებულია სრულად ზიდოს მტკიცების ტვირთი, რაც მოსარჩელეს, როგორც სამართალურთიერთობის „სუსტ“ მხარეს, უფრო კომფორტულ და მომგებიან ვითარებაში ამყოფებს. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთი სამართალურთიერთობის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაწყვეტა, რომელიც კანონის შესაბამისად, შესაძლოა ადმინისტრაციულ სამართალურთიერთობად მოვიაზროთ, ნამდვილად არ იქნებოდა შესაბამისობაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამდგენ საერთაშორისო რეგულაციებთან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიების განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ ქვემდებარეობას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის აუცილებელი პირობაა, მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად ეფუძნებოდეს საჯარო - ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ს. ბ-ის, თ. ნ-ის, თ. ქ-ას, ნ. დ-ის, ნ. მ-ის, ე. ზ-ის, გ. ლ-ის, ლ. გ-ის, ნ. ც-ის, მ. ტ-ის, გ. ლ-ის, ე. ნ-ის, ს. გ-ის, ნ. მ-ის, ნი. მ-ის, ე. მ-ის, გ. ა-ისა და გ. ს-ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის თითოეულის სასარგებლოდ 1 (ერთი) ლარის ოდენობით ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე დარეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-73 კარით, რომელიც ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის სპეციალურ წესს ადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-ე მუხლის თანახმად, დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკითხის განხილვა მორალური ზიანის ანაზღაურების კანონიერების შემოწმებისგან დამოუკიდებლად არამართებულია და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დისკრიმინაციული ფაქტის დადგენის თაობაზე დამოუკიდებლად სამოქალაქო დავათა კატეგორიას მიეკუთვნება, ხოლო სადავო სამართალურთიერთობა ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, ატარებს საჯაროსამართლებრივ შინაარსს და ესადაგება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულ, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა ჩამონათვალს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა (ს. ბ-ის, თ. ნ-ის, თ. ქ-ას, ნ. დ-ის, ნ. მ-ის, ე. ზ-ის, გ. ლ-ის, ლ. გ-ის, ნ. ც-ის, მ. ტ-ის, გ. ლ-ის, ე. ნ-ის, ს. გ-ის, ნ. მ-ის, ნი. მ-ის, ე. მ-ის, გ. ა-ისა და გ. ს-ის სასარგებლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება) გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) კანონმდებლობიდან, ხოლო ამ მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, პროცესის ეკონომიურობის, მართლმსაჯულების სწრაფად და ეფექტურად განხორციელების, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შემოწმებისას, სასამართლოს მხრიდან უნდა მოხდეს ამ სასარჩელო მოთხოვნების ერთობლივი განხილვა.

შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქმე - ს. ბ-ის, თ. ნ-ის, თ. ქ-ას, ნ. დ-ის, ნ. მ-ის, ე. ზ-ის, გ. ლ-ის, ლ. გ-ის, ნ. ც-ის, მ. ტ-ის, გ. ლ-ის, ე. ნ-ის, ს. გ-ის, ნ. მ-ის, ნი. მ-ის, ე. მ-ის, გ. ა-ისა და გ. ს-ის სარჩელისა გამო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე