Facebook Twitter

#ბს-611-605(გ-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ს. უ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 18 აპრილს ს. უ-ამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 4 აპრილის №830709 დადგენილების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 მაისის განჩინებით ს. უ-ას საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავას წყვეტს საკასაციო სასამართლო დასაბუთებული განჩინებით.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრებული წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე, 272-ე და 273-ე მუხლებით.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო აქტის 272.1 მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. ამავე კოდექსის 261.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებეზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო დადგენილება 2016 წლის 20 მარტის №ეი084452 სამართალდარღვევის ოქმის ძალაში დატოვების თაობაზე მიღებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამნეტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიერ, რომელიც მდებარეობს ქ. გორში, სამართალდარღვევა ჩადენილია შიდა ქართლის რეგიონში, ქ. ქარელში. ამგვარად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. უ-ას საჩივარი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს დადგენილების გაუქმების თაობაზე, ტერიტორიული განსჯადობის გათვალისწინებით უნდა გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს - გორის საქალაქო სასამართლოს.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისის დადგენილებით მოცემული საქმე განსჯადობით გადაიგზავნა ქარელის მაგისტრატ სასამართლოში სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის მიხედვით.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. უ-ას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) შედგენილია ქარელის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც არ შედის გორის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხოლო ს. უ-ა ცხოვრობს ქ. თბილისში, შესაბამისად, მოცემული საქმე არ წარმოადგენს გორის რაიონული სასამართლოს განსჯადს არც ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის საცხოვრებელი და არც სავარაუდო დარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.

ქარელის მაგისტრი სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე: საჩივრის ავტორი - ს. უ-ა, მოწინააღმდეგე მხარე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობა, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ხოლო სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, ... ქ. №16. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმის განსჯადი სასამართლოებია ქარელის მაგისტრი და თბილისის საქალაქო სასამართლო.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. იმავე კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის პრინციპი. ეს კოდექსი არეგულირებს ერთი და იმავე საქმის რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტის წესს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

საჩივრის ავტორმა, ს. უ-ამ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მომჩივნის მიერ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა თბილისის საქალაქო სასამართლო. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქარელის მაგისტრატ სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, რის გამოც საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქარელის მაგისტრატმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატიცით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარიმო ქვითარი, რომელსაც ასევე სადავოდ ხდის საჩივრის ავტორი, შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამრღვევის - ს. უ-ას საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ... ქ. №16.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა 121-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 121-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 121-ე მუხლი, ხოლო ს. უ-ას საცხოვრებელი ადგილი არის ქ. თბილისი და მან საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქარელის მაგისტრატი სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - ს. უ-ამ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. უ-ას საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი