Facebook Twitter

საქმე №ბს-810-802 (გ-15) 13 ოქტომბერი, 2016წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი/მ ბ. ო-ის სარჩელთან დაკავშირებით დავა, მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თელავის რაიონულ სასამართლოს შორის.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი/მ ბ. ო-მა 18.08.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს 24.06.2015წ. №005026 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის), სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს 24.06.2015წ. №11-57 დოკუმენტური შემოწმების აქტისა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 16.07.2015წ. №236-9 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.08.2015წ. განჩინებით საქმე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა სასკ-ის 1.2, სსკ-ის 15.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო იურიდიული პირის მიმართ - იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც იურიდიული პირის მიმართ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ადმინისტრაციული ორგანო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს 16.07.2015წ. №236-9 ბრძანების კანონიერება, თუმცა ხსენებული აქტი - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება, მიღებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ 24.06.2015წ. შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №005026 ოქმის (საჯარიმო ქვითრის) და იმავე ადმინისტრაციული ორგანოს №11-57 დოკუმენტური შემოწმების აქტის გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ საჩივარზე. შესაბამისად, დავის საგნის შეფასება უნდა მოხდეს ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს - კახეთის რეგიონული სამმართველოს ქმედების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებასთან ერთად. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ი/მ ბ. ო-ის სარჩელი უნდა განიხილოს იმ სასამართლომ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველო, რომლის მისამართია: თელავი, ალაზნის გამზირი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელის იურიდიული მისამართიც ახმეტის მუნიციპალიტეტია.

თელავის რაიონული სასამართლოს 16.10.2015წ. განჩინებით ი/მ ბ. ო-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თელავის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 15.1 მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე მოპასუხეა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ადგილსამყოფელი მდებარეობს არა ქ. თელავში, არამედ ქ. თბილისში (მის:მარშალ გელოვანის გამზირი №6). თელავის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 14.01.2011წ. №2-3 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების“ თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ კანონის საფუძველზე, სააგენტო შედგება ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოებისგან, რომლებიც ქმნიან სააგენტოს ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას (დებულების მე-4 მუხ.), სამმართველოს კომპეტენცია დამატებით გაწერილია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის და რეგიონალური სამმართველოს დებულებაში, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი (დებულების მე-3 მუხ.). სასამართლომ მიიჩნია, რომ კახეთის რეგიონალური სამმართველო, ვალდებულია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (საჯარიმო ქვითარი), ხოლო ასეთი ოქმის კანონიერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ვინაიდან სამმართველო, როგორც ცენტრალიზებული სისტემის ნაწილი, დამოუკიდებლად არ გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თელავის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ი/მ ბ. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიულ განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორილ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.

განსახილველ შემთხვევაში, ი/მ ბ. ო-მა სარჩელი აღძრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს 24.06.2015წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №005026 ოქმის (საჯარიმო ქვითრის), სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს 24.06.2015წ. №11-57 დოკუმენტური შემოწმების აქტისა და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 16.07.2015წ. №236-9 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ მოსარჩელე დაჯარიმდა 500 ლარით სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 742 მუხლის საფუძველზე მომხმარებლისთვის მისაწოდებლად ვადაგასული სურსათის ბაზარზე განთავსების გამო. კახეთის რეგიონალური სამმართველოს ზემდგომმა ორგანომ - სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მართლზომიერად მიიჩნია ი/მ ბ. ო-ისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება და 16.07.2015წ. ბრძანებით მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ხდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით (1.1 მუხ.), რომლის 63.1 მუხლის მიხედვით პირის პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთნ მიმართებით, ამდენად გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში ჩამოთვლილი გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება, ამასთანავე, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქ. ახმეტაში, შესაბამისად, დავა ტერიტორიულად თელავის რაიონული სასამართლოს ქვემდებარეა.

განსჯადობის საკითხს არ ცვლის ის გარემოება, რომ ი/მ ბ.ო-ი ასაჩივრებს აგრეთვე სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოს 16.07.2015წ. №236-9 ბრძანებას, რომლითაც ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, გასაჩივრებული აქტის უცვლელად დატოვება, იწვევს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არსებითი გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით, რომლის კანონიერება დადასტურდა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვით. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად, ადმინისტრაციული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოებისათვის არის საქმიანობის თვითკონტროლის, ხოლო საჩივრის ავტორისათვის - მისი უფლების და კანონიერი ინტერესის დაცვის საშუალება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადმინისტრაციული ორგანო ამოწმებს სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებას. მოცემულ შემთხვევაში ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს სადავო აქტით არ მიუღია ახალი, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალური სამმართველოს სპეციალისტის გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება, მას არ შეუტანია რაიმე ცვლილება გასაჩივრებულ აქტში, ამდენად, სააგენტოს არ მიუღია არსებითი გადაწყვეტილება, თავისი აქტით მან დაადასტურა ქვემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოტანილი აქტის მართლზომიერება. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცედურის შედეგად მიღებული აქტი, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული აქტი, არ შეიცავს სადავო სამართალურთიერთობის რაიმე ახალ რეგულაციას, ასეთ პირობებში, ადმინისტრაციული ორგანოების სისტემის ერთიანობის მიუხედავად, სადავო სამართალურთიერთობის მოწესრიგება ხდება თავდაპირველი აქტით, რაც განაპირობებს დავის სასამართლო განსჯადობის გადაწყვეტას ერთიანი სისტემის ქვედა რგოლის ანუ თავდაპირველი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით. მიუხედავდა იმისა, რომ დავაში მოპასუხედ დასახელებულია მხოლოდ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული სამივე სადავო აქტი ერთი და იგივე სამართალურთიერთობას ეხება, სადავო აქტების გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოები სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვედა და ზედა რგოლის ორგანოებია. უწყების იერარქიული სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოების დაქვემდებარება ზემდგომისადმი, უკანასკნელის მიერ ქვემდგომის გადამოწმების შესაძლებლობა არ იწვევს მექანიკურად ადმინისტრაცული კატეგორიის საქმის სასამართლო განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლსების გარდა (261-ე მუხ.). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით.

სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ბ. ო-ის სარჩელი თელავის რაიონული სასამართლოს განსჯადია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებითა და:

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი/მ ბ. ო-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე

მოსამართლეები: მ.ვაჩაძე

ვ. როინიშვილი