ბს-90-89(გ-16) 13 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობამ:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა ი/მ ი. ბ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი/მ ი. ბ-მა 05.06.2014წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 13.05.2014წ. №123 ბრძანების ბათილად ცნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.01.2014წ. №ს-23 ბრძანების ბათილად ცნობა და მოსარჩელისათვის უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლების აღდგენის დავალება. მოსარჩელემ ასევე, მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის სახით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის სადავო ქონების გასხვისების ან უფლებრივად დატვირთვის აკრძალვის დავალება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.07.2013წ. №48 განკარგულებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცა 3002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ..., ს/კ ..., რაც რეესტრში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 23.08.2013წ. №184 ბრძანების საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 3002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ..., პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად), საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელე ი/მ ი. ბ-ს. ქონების საპრივატიზაციო პირობებად განისაზღვრა შემდეგი:
- საპრივატიზაციო თანხის გადახდა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- 2013 წლის 1 ნოემბრამდე არანაკლებ 3 ტ/სთ წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმოს ამოქმედება;
- 01.11.13წ. მდგომარეობით საწარმოში არანაკლებ 2 ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავის, ელექტროსასწორისა და პნევმატური ურიკის საკუთრებაში ფლობა;
- საწარმოში სეზონურად არანაკლებ საქართველოს 10 მოქალაქის დასაქმება;
- აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 224 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება;
- საკუთრებაში გადაცემულ ობიექტებზე საწარმოს ამოქმედებიდან პროფილისა და დასაქმებულთა შენარჩუნება არანაკლებ 20 წლის ვადით.
30.08.2013წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა 3002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ ... საბაზრო ღირებულებით 45030 ლარი 06.09.13წ. ქონება საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე აღირიცხა. მოსარჩელის 11.10.2013წ. განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეცნობა, რომ იმ დროისათვის განხორციელებული ჰქონდა 119 000 ლარის ინვესტიცია, კერძოდ, შეძენილი იყო 50 000 ლარის ღირებულების ასაწყობი მეტალის 360 კვ.მ. კონსტრუქციის ნაგებობა, 25 000 ლარის 2 ტონა თვითამწეობის ღირებულების ავტოკრანი, 1500 ლარის ღირებულების პნევმატური ურიკა, 2500 ლარის ღირებულების ელექტრო სასწორი, დამხარისხებელი ხაზი (10 ტ/სთ) სარემონტო ხარჯებით, 40 000 ლარის ღირებულების წარმადობა. განსახორციელებლად დარჩენილი იყო 105 000 ლარის ინვესტიცია, რომლის ხელშემშლელი ფაქტობრივი გარემოებების შესახებაც მხარეს ეცნობა. მონიტორინგის ჯგუფის 28.10.2013წ. მოხსენებითი ბარათით გაირკვა, რომ ... შემფუთავი საწარმოს შენობის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს იჯარით არსებულ ყოფილ ... შენობაში, რომელიც საჭიროებს სანიტარულ დამუშავებას, ხოლო 21.11.2013წ. მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ... ყოფილი ... ტეროტორიიდან მოსარჩელისათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა, რის გამოც ინვესტორმა ვერ განახორციელა სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები. 04.10.2013წ. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა შსს ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა 3002 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, რაზეც 10.10.2013წ. წერილით ინდივიდუალურ მეწარმეს ეცნობა, რომ აღნიშნულის შესახებ უნდა მიემართა სასამართლოსათვის. 15.01.2014წ. აუდიტორული დასკვნის თანახმად, ი/მ ი. ბ-ის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 30.08.2013წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ პუნქტებით აღებული ვალდებულებები შესრულებულია. თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.01.2014წ. №23 ბრძანებით გაუქმდა მხარეთა შორის 30.08.2013წ. დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელეს დაეკისრა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 23142.33 ლარის ოდენობით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.01.2014წ. №23 ბრძანება ი/მ ი. ბ-მა გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, რომლის 13.05.2014წ. №123 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.2014წ. განჩინებით ი/მ ი. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 3002 კვ.მ. უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2014წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმებასთან დაკავშირებით და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.2014წ. განჩინება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.05.2015წ. გადაწყვეტილებით ი/მ ი. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 05.06.2014წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ... მდებარე 3002 კვ.მ. უძრავი ქონების (ს/კ ...) გასხვისება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.08.2015წ. განჩინებით ი/მ ი. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი/მ ი. ბ-ს შორის 30.08.2013წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს №ს-23 ბრძანების გაუქმების შესახებ არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავის საგანთან და არც ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. დავა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობდა და სამოქალაქო სამართალწარმოების წესითაა განსახილველი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 26-ე მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებზე მითითებით ი/მ ი. ბ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 10.12.2015წ. განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განსჯადობის საკითხის გასარკვევად მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რამდენად გამომდინარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უშუალოდ საჯარო კომპეტენციიდან დადებული ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის განმარტების თანახმად, სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა - პრივატიზაცია - სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. პრივატიზაციის პროცესი არ განეკუთვნება კერძოსამართლებრივ ურთიერთობას, სახელმწიფო ამ შემთხვევაში არ გამოდის ურთიერთობაში კერძო პირის თანასწორ მონაწილედ. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პროვატიზების მიზნით დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი/მ ი. ბ-ს შორის 30.08.2013წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რადგან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა.
რამდენადაც ი/მ ი. ბ-ის სარჩელის დავის საგანია ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის კანონიერება, მოცემული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26-ე მუხლის მესამე ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ი/მ ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში დავა ეხება საგნობრივ განსჯადობას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს ი/მ ი. ბ-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათი.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვას, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს ქონების მმართველი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონით დადგენილი წესით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 01.05.2007წ. №44 დადგენილებით დამტკიცებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების“ 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულება. ამავე დებულების მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითად ამოცანას შეადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელით ფლობის, მართვისა და განკარგვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში ქონების პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის (კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის/გადაცემის) საკითხებთან დაკავშირებული ფუნქციების განხორციელება. ქონების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კანონიერების კონტროლი ადმინისტრაციული მართლმსაჯულების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვა/გადაცემა არის ქონების განკარგვის/სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებაზე პირდაპირი მიყიდვით საკუთრების უფელბის შეძენა არის პრივატიზება. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონი ადმინისტრაციული კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილია, რომლითაც წესრიგდება სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობები („სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის 1-ლი მუხ.).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ი/მ ი. ბ-ს შორის 30.08.2013წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 20.01.2014წ. №ს-23 ბრძანებისა და „ი/მ ი. ბ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 13.05.2014წ. №123 ბრძანების ბათილად ცნობა. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობების მხარეებს წარმოადგენენ ერთის მხრივ, ი/მ ი. ბ-ი, ხოლო მეორეს მხრივ, ადმინისტრაციული ორგანოები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ში მდებარე 3002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ი/მ ი. ბ-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად), საკუთრებაში გადაცემა. ხელშეკრულების დადების სამართლებრივი საფუძველია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 23.08.2013წ. №184 ბრძანება, რომლითაც დადგინდა ინდ.მეწარმე ი. ბ-ისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (სოფ. ... მდებარე 3002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობები. ამდენად, სახეზეა პირობაბდადებული ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამდენად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს („გამყიდველი“) და ი/მ ი. ბ-ის („მყიდველი“) შორის დადებული 30.08.13წ. ხელშეკრულება, რომლითაც „მყიდველმა“ სიმბოლურ ფასად (1 ლარად) შიძინა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე 3002 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 45.030 ლ. საბაზრო ღირებულებით და რიგი საპროვატიზებო პირობის დადგენილ ვადაში შესრულება, არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობაში იყენებს როგორც საჯარო-სამართლებრივ, ისე კერძო-სამართლებრივ ფორმებს. სამინისტრო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დეფინიციის მიხედვით არის ადმინისტრაციული ორგანო და ინდმეწარმესთან ხელშეკრულების დადებისას სამინისტრო ახორციელებდა საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, ხელშეკრულება დაიდო საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების სამართლებრივი ხასიათის განმსაზრვრელი ძირითადი ელემენტია. სახელმწიფო ქონების განსახელმწიფოებრიობა ანუ პრივატიზაცია სახელმწიფოს განსაკუთრებულ საჯარო უფლებამოსილებას განეკუთვნება. საერთო წესის თანახმად, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში კანონმდებლობა ადმინისტარციული ორგანოსგან მოითხოვს ორგანოსათვის კანონმდებლობით მოწესრიგებულ უფლებამოსილებათა კოპლექსის რეალიზაციას (საჯარო მოქმედების (მაგ. გამოქვეყნება) განხორციელება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (საკუთრების მოწმობა) გამოცემაა და სხვ.). სახელმწიფო ქონების პროვატიზაციის დოკუმენტი - ხელშეკრულება თავისი ბუნებით არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (სუს 15.11.07წ., Nბს-827-879(გ-07) განჩინება).
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და ი/მ ი. ბ-ს შორის 30.08.13წ. დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს საინვენსტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით საჯარიმო სანქციების გამოყენების, ცალმხრივად ხელშეკრულების მოშლის შესაძლებლობას (მე-4 მუხ.). საქმის მასალებით დასტურდება, რომ 13.12.13წ. ბრძანებით სამინისტრომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების გაუქმების, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლების დადგენისა და საქმის გარემოებების გამოკვლევის მიზნით. ადმინისტრაციულ წარმეობაში ჩართულ იქნა ი/მ ი. ბ-ი. მინისტრის 20.01.14წ. Nს-23 ბრძანებით ხელშეკრულება მოიშალა, ინდმეწარმეს დაეკისრა საჯარიმო თანხის გადახდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 18.03.14წ. N61 ბრძანებით ი/მ ი. ბ-ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. 13.05.14წ. N123 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით უნდა მოხდეს. ამდენად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო-სამართლებრივი საქმინობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო საჯარო-სამართლებრივ ფუნქციებს ასრულებს არამხოლოდ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას, არამედ აგრეთვე ასეთი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში. ის გარემოება, რომ სადავო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძვლად მხარეები უთითებენ სამოქალაქო კოდექსის ნორმებს, არ ადასტურებს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განხილვის შესაძლებლობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულების მიმართ დამატებით სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენების შესაძლებლობას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები საერთო სასამართლოების მიერ განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-2 მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდ.მეწარმე ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი