Facebook Twitter

საქმე ¹№ბს-366-355 (2კ-13) 17 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფრომა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინაღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ნ-ი

მესამე პირები - ა. ი-ის უფლებამონაცვლეები: ალ. ი-ი, ე. ი-ი, ალექსანდრე ი-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 16 დეკემბერს გ. ნ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და მესამე პირის ა. ი-ის მიმართ. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹N220 ოქმისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის NN1-1/2397 ბრძანების ბათილად ცნობა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გ. ნ-სა და სახელმწიფოს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის პირობების თანახმადაც, გ. ნ-ს იჯარის წესით 10 (ათი) წლის ვადით გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 350 (სამას ორმოცდაათი) ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ნინოწმინდის რაიონში, ... მასივი. იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მიზნით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2011 წლის 13 აპრილს მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს. სამმართველოს საპასუხო წერილიდან გაირკვა, რომ სახელმწიფოს მიერ გ. ნ-ისათვის იჯარის წესით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნაწილი, კერძოდ, 100 (ასი) ჰექტარი პრივატიზებული იყო და იგი 2008 წლის 22 სექტემბერს შეძენილი აქვს მოქალაქე ა. ი-ს, შესაბამისად, სამმართველომ აღნიშნული მიზეზით უარი განუცხადა გ. ნ-ს პრივატიზაციაზე. პრივატიზაციაზე უარი გაასაჩივრეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მინისტრის მოადგილის 2011 წლის 17 ნოემბრის №1-1/2397 ბრძანებით უარი ეთქვათ საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემული 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმისა (..., ... მასივ 2-ში მდებარე 100 ჰა. მიწის ნაკვეთის ა. ი-ისათვის გადაცემის ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1-1/2397 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში; ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმი ..., ... მასივ 2-ში მდებარე 100 ჰა. მიწის ნაკვეთის ა. ი-ისათვის გადაცემის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1-1/2397 ადმინისტრციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხე მხარისათვის ქმედების დავალდებულების, კერძოდ, გ. ნ-ისათვის, მისთვის საიჯარო ხელშეკერულების თანახმად გადაცემული მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაცემის შესახებ, დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემული 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმის №220 (100 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანების №1-1/2397 ბათილად ცნობა. 2002 წლის 16 ივლისს გ. ნ-სა და სახელმწიფოს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, გ. ნ-ს იჯარის წესით 10 წლის ვადით გადაეცა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 350 ჰ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ნინოწმინდის რაიონში, ... მასივი 2. აღნიშნული იჯარის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში აღირიცხა 2006 წლის 18 სექტემბერს, საკადასტრო კოდით №.... სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლზე, როლის შესაბამისადაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე. დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის პრივატიზება. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შედგება რამდენიმე, ერთმანეთისაგან სივრცობრივად/გეოგრაფიულად დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთისაგან, მოიჯარეს უფლება აქვს, გამოისყიდოს სასურველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ნაწილის პრივატიზების შემთხვევაში დარჩენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) საიჯარო ხელშეკრულება უქმდება და იგი (ისინი) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე–5 პუნქტით, თუ მოიჯარე არ მიმართავს შესაბამის ორგანოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მაშინ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ამავე კანონით დადგენილი წესით. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე–4 პუნქტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა. ის გარემოება, რომ გ. ნ-თან დადებულია საიჯარო ხელშეკრულება და ეს ხელშეკრულება რეგისტირებულია საჯარო რეესტრში, დადგენილია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით. პალატამ ასევე მიუთითა, რომ დასახელებული ხელშეკრულება მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი არ არის, ამიტომ პალატამ ვერ გაიზიარა ა. ი-ის პოზიცია იმის შესახებ, რომ გ. ნ-თან დადებული იჯარის ხელშეკრულება უკანონოა. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის და ამასთან, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს ასევე მესამე პირთან დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულება, რომლის კანონიერებაც უნდა შეამოწმოს სააპელაციო სასამართლომ აპელაციის ფარგლებში. ასევე უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. ნ-ს დაცული აქვს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე–4 პუნქტით დადგენილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის, როგორც მოიჯარის მიერ, სამინისტროსათვის განცხადებით მიმართვის ვადა. სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა. ი-ს სადავო პრივატიზაციის ოქმით მიეყიდა იმ მიწის ნაწილი, რომელზეც იჯარის ხელშეკრულება გააჩნდა და სათანადო წესით ჰქონდა რეგისტრირებული გ. ნ-ს. აღნიშნული დასკვნის საფუძველს სააპელაციო სასამართლოს აძლევს საქმეში წარმოდგენილი სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 იანვრის №882011008610-03 გადაწყვეტილების ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ ა. ი-მა 2011 წლის 11 იანვარს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე ... მასივი 2. აღნიშნული 2011 წლის 17 იანვრის №882011008610-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან, საკადასტრო კოდით ..., რომლის მოიჯარე იყო გ. ნ-ი და განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარმოდგენა. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ დასახელებულ მიწის ნაკვეთებს სხვადასხვა საკადასტრო კოდი ჰქონდათ მინიჭებული, არ იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ეს სხვადასხვა მიწის ნაკვეთებია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 16 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სადავო მიწის შეძენის დამადასტურებელი ოქმის გამოცემის დროისათვის მოქმედებდა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2010 წლის 21 ივლისის კანონით. ეს კანონი აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დასახელებული კანონის მეორე მუხლის მე-2 პუნქტით, კანონის შესაბამისად, პრივატიზებას ექვემდებარება იჯარით გაცემული და იჯარით გაუცემელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მიწებისა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, სპეციალური აუქციონი ესაა აუქციონის ფორმა, რომლის მონაწილეთა მიერ ქონების შესასყიდი ფასის შეთავაზება ხდება ერთჯერადად, წერილობითი სახით. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის – დასახლების (სოფლის, დაბის, ქალაქის) ან დასახლებათა გაერთიანების (თემის) ტერიტორიულ საზღვრებში საკომლო წიგნში აღრიცხულ ან/და პირადობის მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს. საკომლო წიგნში აღრიცხვა დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობით ან საკომლო წიგნიდან ამონაწერით. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტით, სპეციალური აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამდენად, არსებობს კანონის დათქმა იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა გაიყიდოს სპეციალური აუქციონის წესით, არ უნდა იყოს გაცემული იჯარით. ის გარემოება, რომ დასახელებული მიწის ნაკვეთი სპეციალური აუქციონის წესითაა შეძენილი, სადავო არ არის. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, რაც გასაჩივრებული აქტის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმის ... მდებარე, ... მასივ 2-ში, 100 ჰა მიწის ნაკვეთის ა. ი-ისათვის გადაცემის ნაწილში, ბათილად ცნობის საფუძველად იქნა მიჩნეული. მოცემულ შემთხვევაში, ცალსახად დადასტურებულად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის დარღვევა, კერძოდ, სპეციალური აქციონის წესით მესამე პირზე - გ. ნ-ზე იჯარის წესით გაცემული მიწის ნაკვეთის ა. ი-ზე გასხვისება. დავის საგანს წარმოადგენს ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1-1/2397 ადმინისტრციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბათილად უნდა ეცნო იგივე საფუძვლებზე მითითებით, რაც მიუთითა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემული 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმის (..., ... მასივ 2-ში მდებარე 100 ჰა მიწის ნაკვეთის ა. ი-ისათვის გადაცემის ნაწილში) ბათილად ცნობის შესახებ. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის წესით გადაცემის დავალდებულების ნაწილში, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სწორად არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–5 პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, თუ მოიჯარე არ მიმართავს შესაბამის ორგანოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მაშინ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ამავე კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ განმარტა, რომ იმ პირობებში, როცა იმ მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომლის საკუთრებაში გადაცემასაც, პირდაპირი მიყიდვის წესით, ითხოვდა მოსარჩელე, რეგისტრირებული იყო სხვის საკუთრებად, არ არსებობდა გ. ნ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი. ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ი-მა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამგეობის დადგენილებით გათვალისწინებული საიჯარო ვადა ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში 10 წელი გავიდა 2010 წლის 10 აგვისტომდე. მოცემულ შემთხვევაში, გ. ნ-მა 2011 წლის 1 მაისამდე მიმართა განცხადებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა საიჯარო მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება, მაგრამ მას ვინაიდან, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 29 აპრილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გაუსაჩივრებია, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გ. ნ-ს არ გააჩნია კანონიერი ინტერესი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 28 სექტემბრის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის №1-1/2397 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ისე მოხდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობა, რომ სასამართლოს არ გაურკვევია არსებობდა თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი გასაჩივრებული აქტების მიმართ, რადგან გ. ნ-ს იჯარით გადაცემული მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან კანონი მას ასეთ უფლებას ანიჭებდა 2011 წლის 1 მაისამდე, რასაც თვითონ სააპელაციო სასამართლოც ადასტურებს გადაწყვეტილებაში და აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული საკითხი წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის შევსების ვადის დარღვევის გამო განუხილველი დარჩა ა. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მესამე პირის ა. ი-ის გარდაცვალების გამო უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2014 წლის 23 სექტემბერს ალ. ი-ის, ალექსანდრე ი-ისა და ე. ი-ის წარმომადგენელმა მ. ე-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა 2014 წლის 22 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და მიუთითა, რომ სამკვიდრო მოწმობის თანახმად, 2013 წლის 10 ოქტომბერს გარდაცვლილი ა. ი-ის მემკვიდრეებად ცნობილნი არიან მისი შვილი-ალ. ი-ი, შვილიშვილები ალექსანდრე და ე. ი-ები. მანვე მოითხოვა 2013 წლის 10 ოქტომბერს გარდაცვლილი ა. ი-ის უფლებამონაცვლედ მისი შვილის - ალ. ი-ისა და შვილიშვილების - ალექსანდრე და ე. ი-ების ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ალ. ი-ის, ე. ი-ის, ალექსანდრე ი-ის წარმომადგენლის _ მ. ე-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე -გ. ნ-ის სარჩელის გამო მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოსა და მესამე პირის ა. ი-ის მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N220 ოქმისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის NN1-1/2397 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ საქმის წარმოება განახლდა; ა. ი-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთნენ მისი მემკვიდრეები _ ალ. ი-ი, ე. ი-ი, ალექსანდრე ი-ი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2002 წლის 16 ივლისს, გ. ნ-სა და სახელმწიფოს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად, გ. ნ-ს იჯარის წესით 10 წლის ვადით გადაეცა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 350 ჰა. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ... რაიონში, ... მასივი 2. იჯარის ხელშეკრულება გ. ნ-ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა 2006 წლის 18 სექტემბერს, დაუზუსტებელი ფართით 3499999.00, საკადასტრო კოდით №.... გ. ნ-მა 2011 წლის 13 აპრილს განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა საიჯარო მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება, რაზედაც სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 29 აპრილის №342 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით უარი ეთქვა, ვინაიდან გ. ნ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ფართის ნაწილი 100 ჰა. შესყიდული ჰქონდა ა. ი-ს, სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 სექტემბრის №219 და №220 მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმებით. გ. ნ-ს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 29 აპრილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გაუსაჩივრებია.

საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 28 სექტემბრის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმის შესაბამისად, ა. ი-ს გადაეცა ..., ... მასივ 2-ში მდებარე 534,53 ჰა. მიწის ნაკვეთი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 28 სექტემბრის მიწის ნაკვეთისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმის საფუძველზე, 2009 წლის 10 აპრილს, ა. ი-ის სახელზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონება, მდებარე ... რაიონი, ... მასივი 2. დაუზუსტებელი ფართი 5346300.0 კვ.მ, საკადასტრო კოდით №.... 2011 წლის 2 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამურნეო (საძოვარი) მიწის ნაკვეთის, დაზუსტებული ფართობით 95001.00 კვ.მ მესაკუთრედ მითითებული არის ა. ი-ი. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო დამხმარე ნაგებობების ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის №427 ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 2011 წლის 27 მაისი. ა. ი-მა 2011 წლის 11 იანვარს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაცია, მდებარე ... ... მასივი 2. სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 17 იანვრის №882011008610-03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებაზე თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მისი ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთთან, საკადასტრო კოდით ..., რომლის მოიჯარე იყო გ. ნ-ი და განმცხადებელს დაევალა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნინოწმინდის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2011 წლის 16 თებერვალს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ გ. ნ-მა 2011 წლის 13 მაისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ტერიტორიული ორგანოს 2008 წლის 28 სექტემბრის მიწის ნაკვეთის და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გადაფარვა ხდებოდა გ. ნ-ის მიერ იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთთან. ადმინისტრაციული წარმოების დროს სამინისტროს მიერ ვერ იქნა მოძიებული ნინოწმინდის რაიონის გამგეობის დადგენილება, რომლითაც გ. ნ-ზე იჯარით იქნა გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო, როგორც გ. ნ-ის იჯარის ხელშეკრულება, ასევე ა. ი-ის საკუთრების უფლება, სხვადასხვა საკადასტრო კოდით. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე მიუთითა, რომ გ. ნ-ის მიერ საჯარო რეესტრში საიჯარო უფლება დარეგისტრირდა 2006 წელს, ხოლო ა. ი-ის მიერ საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2009 წელს, თუმცა ფართების რეგისტრაციისას საჯარო რეესტრში ფართების გადაფარვის პრობლემა არ წარმოშობილა. საჩივარზე წარდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდებოდა ა. ი-ის მიერ შეძენილი და გ. ნ-ის მიერ იჯარით აღებული ფართების იდენტურობის საკითხი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა“ და „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ამ ტიპის დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამოდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, ადგილი აქვს ერთ-ერთი უფლების ხარვეზით რეგისტრაციას, რაც მეტწილად განპირობებულია უძრავი ქონების კადასტრული მონაცემების სხვადასხვა სისტემაში აღრიცხვით, რიგ შემთხვევებში ადგილი აქვს უფლების დუბლირებას, რის გამოც სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების გამოკვლევა, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ბათილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის გაუქმების მიუხედავად, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან. ანუ დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები გამოცემული იყო „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის დარღვევით. რამდენადაც, ა. ი-ის სახელზე სპეციალური აუქციონით პრივატიზებას ექვემდებარებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმი ..., ... მასივ 2-ში მდებარე 100 ჰა. მიწის ნაკვეთის ა. ი-ისათვის გადაცემის ნაწილში და ადმინისტრციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №1-1/2397.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე–4 პუნქტით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისისა. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისადაც, თუ მოიჯარე არ მიმართავს შესაბამის ორგანოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მაშინ ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის ამავე კანონით დადგენილი წესით. ამასთანავე, სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 28 სექტემბრის №1-1/1565 ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს, შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგეობის დადგენილებით გათვალისწინებული საიჯარო ვადა ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში 10 წელი გავიდა 2010 წლის 10 აგვისტომდე“.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით მართებული იქნებოდა, რომ არა იჯარით გადაცემული მიწის პრივატიზებაზე გ. ნ-ის უფლებაში არსებული ხარვეზი. რამდენადაც, სასამართლო ..., ... მასივ 2-ში მდებარე 100 ჰა. მიწის ნაკვეთის ა. ი-ისათვის გადაცემის ნაწილში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 სექტემბრის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი №220 ოქმის ბათილად ცნობის საკითხის გადაწყვეტისას ვალდებული იყო ემსჯელა გ. ნ-ისათვის იჯარით გადაცემული მიწის პრივატიზაციის შესაძლებლობაზე იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ გ. ნ-მა 2011 წლის 1 მაისამდე - 2011 წლის 13 აპრილს მიმართა განცხადებით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს და მოითხოვა საიჯარო მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება, რაზეც უარი ეთქვა 2011 წლის 29 აპრილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. იჯარით გადაცემული მიწის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ აქტი გ. ნ-ს არ გაუსაჩივრებია და კანონიერ ძალაშია შესული. ამდენად, გ. ნ-მა დაკარგა მისთვის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზაციის კანონით მინიჭებული უფლება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს უპირველესად უნდა გამოეკვლია და დაედგინა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია ფაქტობრივი გარემოებების დადგენის იურისდიქცია, მას შეუძლია მხოლოდ შეამოწმოს რამდენად სწორად განახორციელა აღნიშნული პროცესი სააპელაციო სასამართლომ.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს ა. ი-ის სახელზე განხორციელებული პირველადი დაუზუსტებელი რეგისტრაციისა და ცვლილების რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი უძრავი ქონების საკადასტრო მონაცემთა იდენტურობა, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს ა. ი-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილის იდენტურობა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულ და გ. ნ-ზე იჯარით გაცემულ უძრავ ქონებასთან, ხოლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ უნდა მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ საიჯარო მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზებაზე გ. ნ-ისთვის უარის თქმის შესახებ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს 2011 წლის 29 აპრილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გასაჩივრებულა და შესაბამისად, შეფასებას საჭიროებს გ. ნ-ის უფლება იჯარით გადაცემული მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შესაძლებლობაზე. ამასთან, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გარკვევას საჭიროებს გ. ნ-ის უფლება, რამდენად არის დაცვის ღირსი უფლება ა. ი-ის მემკვიდრეების საკუთრების უფლებასთან შედარებით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მოცემულ შემთხვევაში გ. ნ-ის მოთხოვნის საფუძველზე არ არსებობდა სადავო აქტების ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული, ამ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა და ობიექტური სამართლებრივი შეფასება აუცილებელია წინამდებარე დავის სწორად გადაწყვეტისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1 ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე და სრულყოფილად დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე /ლ. მურუსიძე/

მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/

/ვ. როინიშვილი/